ომის 320-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში?
რუსი ოკუპანტები უკრაინაში მასირებულ სარაკეტო იერიშებს განაგრძობენ. ქალაქი ხერსონი ღამით აკრძალული ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალით დაბომბეს. ცნობას ოლქის ხელმძღვანელობა ავრცელებს და იმასაც იუწყება, რომ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ან ინფრასტრუქტურის განადგურება არ მოჰყოლია.
რუსული ძალების სამიზნეში მოექცა კრამატორსკიც. რუსეთის თავდაცვის უწყებაში იერიშს უკრაინის მხრიდან მაკეევკაში, ახალი წლის დადგომისთანავე ჩატარებულ ოპერაციაზე შურისძიება უწოდეს. ოკუპანტი ქვეყნის მტკიცებით, აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 600 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მოსკოვის მიერ გავრცელებულ ცნობას უკრაინული არმიის დანაკარგის შესახებ ოფიციალური კიევი უკვე გამოეხმაურა და მას ტყუილი უწოდა.
რუსული ჯარები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით; ასევე ცდილობენ, გააუმჯობესონ ტაქტიკური პოზიცია კუპიანსკის მიმართულებით, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის არმიის გენშტაბის ანგარიშში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაცია ყურადღებას ამახვილებს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების აღებაზე, მაგრამ წარმატება არ აქვს.
უკრაინის არმიის გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის მასშტაბით კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მოწინააღმდეგის საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საშიშროება ისევ რჩება. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ბოლო ერთ დღეში რუსული ჯარების ორი საკონცენტრაციო ზონა დაბომბეს.