1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნიკო ფიროსმანის მოდერნისტული სამყარო”- Basler Zeitung
“ნიკო ფიროსმანის მოდერნისტული სამყარო”- Basler Zeitung

“ნიკო ფიროსმანის მოდერნისტული სამყარო”- Basler Zeitung

321
0

შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში (ბაზელ-შტადტის კანტონი) ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით, გაზეთ Basler Zeitung-ში („ბაზელის გაზეთში“) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ნიკო ფიროსმანის მოდერნისტული სამყარო“ (ავტორი – ქრისტოფ ჰეიმი). როგორც მასალაშია აღნიშნული, ეს გამოფენა ყველაზე დიდი და მასშტაბურია მათგან, რომლებიც ევროპაში დღემდე გამართულა – წარმოდგენილია 150-მდე ნახატი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით.
პუბლიკაციაში განხილულია ნიკო ფიროსმანის შემოქმედება, გადმოცემულია ეპიზოდები მისი ბიოგრაფიიდან, ასევე მისი ხელით შექმნილი ცალკეული ნამუშევრების ბედი. აღნიშნულია, რომ საზღვარგარეთ სხვადასხვა გზებით გატანილი ფიროსმანის ნახატების სამშობლოში დაბრუნების საქმეში დიდი როლი მიუძღვის ქართველ მილიარდერს და მეცენატს ბიძინა ივანიშვილს. მაგალითად, სწორედ მისი ძალისხმევით იქნა შესყიდული 2015 წელს ლონდონში კრისტის აუქციონზე ნახატი „არსენალის მთა ღამით“ 962 500 გირვანქა სტერლინგად, რომელიც ფიროსმანმა თბილისში შექმნა 1920 წელს, შემდეგ მისი მფლობელი საქართველოს მწერალთა კავშირი გახდა, 1977 წელს კი საფრანგეთის კომპარტიის ცნობილ მოღვაწეს ლუი არაგონს აჩუქეს. ასევე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა ლონდონის სოტბის აუქციონზე ფიროსმანის ნახატი „ირემი წყლის პირას“ 629 ათას გირვანქა სტერლინგად. ორივე ნახატი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.
სტატიაში მიმოხილულია ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფია (დაიბადა 1862 წელს) ახალგაზრდობის წლები, შრომითი საქმიანობა, შემოქმედება, მისი ნახატები, რომელთაგან ბევრი დაკარგულია, თვითონ მხატვარი კი 1918 წელს, სიღარიბეში გარდაიცვალა და მისი სახელი დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებული იყო.
„ფიროსმანის შემოქმედებაში ვხედავთ ქართულ ფოლკლორულ ფერწერას, იგრძნობა ბიზანტიური იკონოგრაფიისა და შუა საუკუნეების [იტალიური] ხელოვნების გავლენა. უეჭველია, რომ გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია „მეთევზე წითელ პერანგში“, რომლის შექმნის თარიღი, ისევე როგორც სხვა ნამუშევრებისა, დღემდე უცნობია“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ავტორი ერთმანეთთან აკავშირებს ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებას, განიხილავს მისი ხატვის [მოდერნისტულ-პრიმიტივისტულ] სტილს, ყურადღება უთმობს მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული საზოგადოების მდგომარეობას. პუბლიკაციის დასასრულს აღნიშნულია, რომ გამოფენა 2024 წლის 28 იანვრამდე გასტანს.

წყარო