“ნიკა გვარამიას დღესაც აქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები” – ირაკლი კობახიძე
ნიკა გვარამიას დღესაც აქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მას გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც, გვარამიამ აღნიშნა, რომ „ფსიქიკური არასტაბილური პრობლემის გამო, მას რაღაც მოსრიალებები ჰქონია“.
„ამ განცხადებით, გვარამია ცდილობს, თავისი დღევანდელი ფსიქიკური პრობლემების რაღაცნაირად გადაფარვას. გვარამიას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები და დღესაც აქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები, სხვანაირად ის, იმ ბინძურ საქმიანობაში ვერ იქნებოდა ჩართული და ვერ იქნება ჩართული, რაშიც დღემდე არის ეს ადამიანი ჩართული. რა თქმა უნდა, მას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ეს ფსიქიკური პრობლემები დღესაც აქვს და ეს არის შემდგარი ფაქტი, საკმარისია, მის განცხადებებს მოუსმინო დღემდე და შესაბამისი დასკვნის გაკეთება არ გაუჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, ნიკა გვარამია პოლიტიკიდან არასდროს წასულა და ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო სახეა.
„გვარამია პოლიტიკიდან არასდროს წასულა, ის ყოველთვის იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი სახე, შესაბამისად, შეიძლება ვიხილოთ მომავალშიც ამ პოლიტიკურ პარტიაში, როგორც დღეს არის, არსად წასულა, ის ყოველთვის იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო სახე მთელი ამ წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გააგრძელებს ამ როლის შესრულებას მომავალშიც. განახლებაზე რომ საუბრობს გვარამია, რომელიც თავის დროზე ადეიშვილის, გენპროკურორის მოადგილე იყო, როცა „იმედში“ შეიჭრა მისი პოლიტიკური პარტია, განახლებაზე საუბრობს ყველაზე ნაფტალინიანი პოლიტიკოსი საქართველოში – გვარამია. აქედან ჩანს, როგორი რესურსი აქვს განახლების, ამ პოლიტიკურ პარტიას, რა თქმა უნდა, არავითარი განახლების რესურსი არ აქვს, ამიტომ ზის „ნაცმოძრაობის“ სახელით დღეს პარლამენტში სალომე სამადაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ხაბეიშვილი და ა.შ. ეს არის მათი განახლება, ამის იქით მათ განახლების რესურსი არ აქვთ, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა, რადგან არც ერთ კეთილსინდისიერ ადამიანს „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოება არ უნდა, თუ განახლდებიან, ისევ ძველი სახეებით. გვარამია წლების მანძილზე „ნაცმოძრაობაში“ მეორე კაცი იყო, როცა „ნაცმოძრაობამ“ მძიმედ წააგო ყველა არჩევნები, რა თქმა უნდა, გვარამიაც იქნება ფაქტორი, მორიგი მარცხისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.