1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
41
0

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა მისჯილი.

დღევანდელი გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ გამოაცხადა.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბე“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გე“ ქვეპუნქტით, წარდგენილი ბრალდების ნაწილში ნიკა გვარამია გამართლდეს. ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის „ა“, „ე“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გე“ ქვეპუნქტით, დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით. ნიკა გვარამია ცნობილ იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის ორი ეპიზოდით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა სამი წლისა და ექვსი თვის ვადით. 2019 წლის ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლისა და ექვსი თვის ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოო დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა სამი წლისა და ექვსი თვის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნიკა გვარამიას დაეწყოს 2022 წლის 16 მაისიდან.

ნიკა გვარამიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება  – გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს შეტანილი ფულადი თანხა. ყადაღისა და ნივთმტკიცებების ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით. მსჯავრდებულს უფლება, მიმართოთ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით“, – განაცხადა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ.

რაც შეეხება კიდევ ორ ბრალდებულს ზურაბ იაშვილსა და კახაბერ დამენიას, სააპელაციო სასამართლომ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:

„ზურაბ იაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბე“ ქვეპუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს. ზურაბ იაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, რუსუდან გაფრინდაშვილის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, გამართლებულ ზურაბ იაშვილს უფლება აქვს მოითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

კახაბერ დამენიას მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დე“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბე“ ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით.

კახაბერ დამენია ცნობილ იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვროს ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს გადახდა. კახაბერ დამენიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გაუქმდეს მის ბინაზე დადებული ყადაღა“, – განაცხადა მოსამართლემ.