1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნატოს სურს უკრაინას მხარი დაიჭიროს, მაგრამ განსაზღვრული დონით, გადაჭარბების გარეშე”-The New York Times
“ნატოს სურს უკრაინას მხარი დაიჭიროს, მაგრამ განსაზღვრული დონით, გადაჭარბების გარეშე”-The New York Times

“ნატოს სურს უკრაინას მხარი დაიჭიროს, მაგრამ განსაზღვრული დონით, გადაჭარბების გარეშე”-The New York Times

170
0

ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ნატოს სურს უკრაინას მხარი დაიჭიროს, მაგრამ განსაზღვრული დონით, გადაჭარბების გარეშე“ (ავტორი – ენდრიუ კრამერი), რომელშიც განხილულია უკრაინისადმი სამხედრო დახმარების საკითხები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვაშინგტონის სამიტის გახსნამდე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როცა ნატოს ლიდერები ივლისში ვაშინგტონში შეიკრიბებიან ალიანსის 75 წლისთავის უმაღლეს დონეზე აღსანიშნავად, ყველაზე ბოლო საკითხი, რაც მათ უნდა განიხილონ, უკრაინის მიწაზე რუსეთის ჯარების მოქმედება იქნება, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მარშირებენ, ევროპისაგან კიევისადმი მხარდაჭერის უუნარობის გამო. უკრაინა ნატოში მიღებას ელოდება, მაგრამ ვაშინგტონის სამიტზე მისი ოცნება არ ასრულდება: ალიანსს არ აქვს ისეთი ახალი წევრის მიღების სურვილი, რომელსაც, წესდების მიხედვით, შეუძლია ნატო ახალ მსხვილ ომში ჩაითრიოს, პირველად 1945 წლის შემდეგ.
ამ გარემოების გამო ნატო იძულებულია „ოქროს შუალედი“ ეძებოს – შესთავაზოს უკრაინას წევრობის ნაცვლად რაღაც მნიშვნელოვანი, რაღაც წონადი, რომელიც შეიძლება კიევისათვის გრძელვადიან მხარდაჭერას ნიშნავდეს.

იენს სტოლტენბერგმა რაღაც ამის მსგავსი კი თქვა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია. ალბათ, მხედველობაშია ის საკითხი, რომ გასულ კვირას ნატოს გენმდივნის ინიციატივით, საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირზე განიხილეს, მაგრამ მის გადაწყვეტამდე ვერ მივიდნენ: შეიქმნას უკრაინის მხარდაჭერის ფონდი 100 მილიარდი დოლარის ოდენობით, ხუთი წლის ვადით. მოკლედ, ამ საკითხში პროგრესი არ ჩანს.

თუმცაღა, ივლისისათვის ასეთი სახის დახმარებას შეიძლება მნიშვნელობა აღარც კი ჰქონდეს, რადგან რუსეთის არმიის შეტევას აგრძელებს და შეიძლება უკრაინა მარცხის წინაშე აღმოჩნდეს, მით უმეტეს, რომ ამერიკელი კონგრესმენები კიევისათვის დახმარების პაკეტის გამოყოფას არ ჩქარობენ.

„განა ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ რუსეთი არ გაიმარჯვებს?“, – ამბობს აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი ნატოში ივო დალდერი, ამჟამად გლობალური საკითხების ანალიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელია ჩიკაგოში, – რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ნატოს სამიტი ნორმალურად ჩატარდება, მაგრამ რეალურად ასე არ იქნება. ბოლო ორი თვე უკრაინისთვის კარგი არ იყო და უახლოეს მომავალში არ გაუმჯობესდება“.

გასულ წელს ვილნიუსის სამიტზე უკრაინა კიდევ ერთხელ დაარწმუნეს, რომ დადგება დრო და ოდესმე ქვეყანა ალიანის სრულუფლებიანი წევრი გახდება, მაგრამ ამისათვის კიევს დემოკრატიისა და უსაფრთხოების სფეროში მრავალი რეფორმის განხორციელება მოუწევს. ასეთმა ბუნდოვანმა დაპირებამ უკრაინა და მისი ახლო მხარდამჭერები – ბალტიისპირელები, ჩრდილოელი და აღმოსავლელი ევროპელები ძალიან შეაშფოთა.
ცხრა თვე გავიდა უკრაინის არმიის უიღბლო კონტრშეტევის შემდეგ, ქვეყანა კი ჯერაც ვერ გამოსულა წარუმატებლობის სინდრომიდან. რომ არაფერი ვთქვათ ათი ათასობით უშედეგოდ გასროლილ და დახარჯულ ჭურვზე, კიევმა ვერ მიაღწია მთავარს – ვერ დაიბრუნა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის რომელიმე მნიშვნელოვანი ნაწილი.

დღეს უკრაინის არმიას ჰაერივით ჭირდება ის შეიარაღება, რომელიც რუსების გამაგრებულ ზღუდეებზე განადგურდა. უკრაინის არმიას ჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები და სხვა უამრავი სამხედრო ამუნიცია. „მე არ მინდა გავუფუჭო საზეიმო განწყობა ნატოს საიუბილეო სამიტის მონაწილეებს, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი უკრაინელების სახელით იმას, თუ როგორ გვინადგურებენ რუსები თავიანთი რაკეტებითა და დრონებით ჩვენს ენერგოსისტემას, როგორ იღუპებიან ჩვენი თანამოქალაქეები“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში.

მისი თქმით, „უკრაინა ნატოს წევრი აუცილებლად უნდა გახდეს და ეს უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად“.

იენს სტოლტენბერგი ჩქარობს უკრაინის მოთხოვნა რაღაც სიმბოლური ნაბიჯით მაინც დააკმაყოფილოს. იგი იმედოვნებს, რომ ნატოს ვაშინგტონის სამიტამდე დარჩენილ დროში ევროპელები რაიმე საერთო კომპრომისამდე მივლენ, ხოლო სამიტზე საერთო შეთანხმება დადასტურებულ-დამტკიცებული იქნება. ამავე დროს მან შეაქო დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ფინეთი, საფრანგეთი და გერმანია, რომლებმაც უკრაინას დამატებით მიაწოდეს სამხედრო საჭურველი.

იენს სტოლტენბერგის აჩქარების ქვეტექსტი ისაა, რომ ალიანსს სურს უკრაინა გრძელვადიანი დახმარებით უზრუნველყოს აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ნატოს ევროპელ წევრებს დამცინავად უყურებდა და აიძულებდა „განცხრომით მცხოვრებ“ ევროპელებს მეტი თანხები დაეხარჯათ თავდაცვის დარგში.

ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ალიანსის მიზნები არ შეცვლილა, ნატო მუდამ უკრაინის დახმარებაზე ფიქრობს. ბრიუსელი სხვადასხვა ვარიანტებს ადგენს, თუ როგორი მხარდაჭერა გამოუცხადოს კიევს ვაშინგტონის სამიტზე… თუმცა როგორც მისი კომენტარებიდან ხდება ცნობილი, დღევანდელი სტატუს-ქვოდან მკვეთრი გადახრა მოსალოდნელი არ არის.

წყარო: