1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ პრაიმერიზი ჩავატაროთ ყველასთან ერთად”- ხატია დეკანოიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ პრაიმერიზი ჩავატაროთ ყველასთან ერთად”- ხატია დეკანოიძე

161
0

არ მესმის, ახლა, ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ არც არჩევნები გვაქვს მოპოვებული, არც თავისუფალი არჩევნები გვაქვს მოპოვებული, რატომ გახდა საჭირო საპარლამენტო სიაზე საუბარი, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად იზიარებს პრაიმერიზის ინიციატივის ავტორთა აზრს, რომ ოპოზიცია ნებისმიერ დროს უნდა იყოს მზად ვადამდელი არჩევნებისთვის, არგუმენტად კი ევროკომისიის 12 პუნქტი და კანდიდატის სტატუსის ჩავარდნის საფრთხე სახელდება, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის ჩავარდნის საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს და მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაიგეს ინიციატივის ავტორებმა ეს პირველად ბრიუსელში.

„კანდიდატის სტატუსი რომ ჩავარდებოდა და 12 პუნქტი არ შესრულდებოდა, ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობ და რატომ გაიგეს ეს ბრიუსელში პირველად, ვერ გავიგე“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს, თავისი ნომერი წაშალოს და შეიქმნას ერთი პარტია, მერე კი რაღაცნაირად მოხდეს საპარლამენტო სიის არჩევა პრაიმერიზებით და ლიდერები გამოიკვეთოს, რაც მისთვის გაუგებარია, თუ ვის სჭირდება ეს.

 

„ერთიანობის მნიშვნელობა საქმით უნდა დაამტკიცოს ოპოზიციამ. მე არ მესმის მხოლოდ სადღეგრძელოები და პოპულისტური განცხადებები. იმიტომ, რომ ამით დაიღალნენ ჩვენი მოქალაქეები. ისინი უბრალოდ, დაიღალნენ ამ ელიტისტურ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრით. მათ ძალიან ბევრი სხვა პრობლემა აქვთ. მეორე, მაგალითად, პრაიმერიზის ჩატარება სხვადასხვა პარტიით როგორ უნდა მოხერხდეს ერთ პარტიაში, მე უბრალოდ, არ მესმის. იმიტომ, რომ მაგალითად, ჩვენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ პრაიმერიზი ჩავატაროთ ყველასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენი ამომრჩეველი გაიმარჯვებს, ჩვენი კანდიდატები გაიმარჯვებენ და აქ სად დარჩება სხვა ლიდერების ადგილი, უბრალოდ არ ვიცი. მესამე, 2024-ზე ვსაუბრობთ, თუ რაზე? ჩვენ ვთქვით, რომ ვადამდელ არჩევნებს უნდა მივაღწიოთ და ამაზე იყო სკეპტიციზმი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, პატარა პარტიების მიერ საკუთარი იდენტობის გამოკვეთა გაცილებით უფრო ძლიერად იქნებოდა წარმატების ფორმულა.

ხატია დეკანოიძემ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე კაწვრის პროცესი სასიამოვნო არ არის, ეს არასერიოზულია, მოსასმენად არის ცუდი და ყველა პარტიას აზიანებს.

„ნებისმიერ კონსულტაციაზე და შემოთავაზებაზე, მოლაპარაკებებზე და მათ შორის, ძალიან შინაარსიან მოლაპარაკებებზე ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით. მეტსაც გეტყვით, ჩვენი ინიციატივებით იმართებოდა ძალიან ბევრი შეხვედრა. ამიტომ, აქ ვინმეს ეგოზე არ არის საუბარი. აქ იმაზეა საუბარი, ჩვენ შედეგს რა მოგვიტანს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე განაცხადა, რომ ერთობაზე სადღეგრძელოს თქმა არ არის მნიშვნელოვანი, რაზეც თამთა სანიკიძემ ჰკითხა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გიორგი ვაშაძის ინიციატივა სადღეგრძელოს ჰგავს, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ვაშაძის ინიციატივა არ არის და საუბარია სამ პარტიაზე.

„ნუ, გაცილებით უფრო პოპულისტურად საუბრობს ვაშაძე, ჩემი წარმოდგენით. იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად საქმიანი მიდგომა აქვს ზურას და ელენეს, ჩემი წარმოდგენით და შეფასებით“, – განაცხადა დეკანოიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იღებს თუ არა პარტია კრიტიკას პასიურობის შესახებ, რაზეც მათი მხარდამჭერები მათ შორის, სოციალურ ქსელებშიც წერენ, რომ დაანონსებული აქციები და რეგიონებში შეხვედრები არ შედგა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ კრიტიკა ყოველთვის მისაღებია და კარგია, რომ პარტიის მიმართ მაღალი თამასაა დაწესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი მათ გაცილებით დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს, მაგრამ მთავარია, რა იქნება შედეგიანი და როგორ მოხდება შედეგზე გასვლა.

„გავალთ შედეგზე რაღაც ასკაციანი აქციებით და არ გამოვხატავთ ჩვენს სისუსტეს? გავალთ შედეგზე მაგალითად, კონკრეტულად მხოლოდ ეიფორიის მომენტში რომ ვიღაცამ რაღაც საყვედური არ გვითხრას, თუნდაც სოციალურ ქსელში და ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებას შევუქმნით საფრთხეს? ვფიქრობ, ამაზე უნდა ვიფიქროთ, თორემ აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.