საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და არეულობის ფონზე ევროპარლამენტარი, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია „პლას პუბლიკას" კანდიდატი რაფაელ გლუქსმანი ქვეყნის მთავრობას კრიზისზე სათანადო პოლიტიკური რეაგირების უუნარობაში ადანაშაულებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას გლუქსმანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო როგორც საპროტესტო მოძრაობის პოლიტიკური მოთხოვნების გათვალისწინება, ისე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.
„ამ მთავრობამ მარცხი განიცადა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ პოლიტიკურ მოძრაობას პოლიტიკური პასუხი არ გასცა და იმედი ჰქონდა, ვითარება თავისთავად განიმუხტებოდა. მეორე მხრივ, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ვერ შეძლო", - განაცხადა გლუქსმანმა.
ევროპარლამენტარმა საფრანგეთის ხელისუფლებას უმოქმედობის დაძლევისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ყველა პოლიტიკურმა ძალამ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.
გლუქსმანი ასევე გამოეხმაურა მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყნის ცალკეულ ტერიტორიებზე კომენდანტის საათის დაწესების შესახებ. მისი განცხადებით, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად ასეთი ზომების გამოყენება მისაღებია, თუ ისინი კონსტიტუციას შეესაბამება და შეზღუდული ხასიათისაა.
„ყველაფერი, რაც სამოქალაქო წესრიგის აღდგენას შეუწყობს ხელს, მისასალმებელია, თუ ეს ზომები შეზღუდულია და კონსტიტუციას შეესაბამება", - თქვა ევროპარლამენტარმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ განაცხადა, რომ 19 ოქტომბრის საღამოდან ქვეყნის ზოგიერთ ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი ნაწილობრივ ამოქმედდება. ხელისუფლება ამ გზით საპროტესტო აქციების დროს ძალადობისა და მაროდიორობის აღკვეთას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 46 წლის რაფაელ გლუქსმანი საფრანგეთში 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ცენტრისტი მემარცხენეების კანდიდატი გახდება, მან ცენტრისტი მემარცხენეების პრაიმერიზში გაიმარჯვა.
