მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გაწვეული რუსული კანონი -საპარლამენტო ოპოზიცია
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, არმაზ ახვლედიანმა, თინა ბოკუჩავამ, ანა ნაცვლიშვილმა, თაკო ჩარკვიანმა, რომან გოცირიძემ, პაატა მანჯგალაძემ, ნატო ჩხეიძემ და თამარ კორძაიამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ, მოქალაქეებს კი, კანონპროექტის გაპროტესტებისკენ მოუწოდეს.
„მზად ვართ, ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხთან ერთად, დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ევროპული არჩევანი და არ მივცეთ უფლება კრემლის მიერ შეკვეთილი სცენარით საქართველოში არეულობას. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გაწვეული რუსული კანონი და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი დაუბრუნდეს ნორმალური წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას, ცხრაპუნქტიანი გეგმის შესრულებას და საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით ნორმალური, ევროპული მმართველობის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ამასთან, როგორც „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, დღეს პარლამენტთან საქართველოს მოქალაქეების მისვლა მნიშვნელოვანია.
„მინდა, მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თანამოქალაქენო, „ქართული ოცნება“ კრემლის დავალებით აპირებს, მოიპაროს თქვენი დიდი წარმატება. გასული წლის მარტში ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ ერთობით შევაჩერეთ რუსული კანონი და ამით დავიცავით საქართველოს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს ევროპული გზა. „ქართული ოცნება“ აპირებს, მოიპაროს ეს გამარჯვება, დაგცინოთ ყველას, ჩახერგოს საქართველოს ევროპული მომავალი. ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება. დღეს „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ხმები, რომ შეცვალოს კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. ამიტომ მას შემოაქვს რუსული კანონი, რათა გვერდი აუაროს კონსტიტუციას, ასე მალულად, ფარულად შემოუაროს გვერდი კონსტიტუციას და შეცვალოს ამ ქვეყნის კონსტიტუციური გარანტი, შეცვალოს თქვენი არჩევანი, ნება. ეს ქვეყანა არ ეკუთვნის ერთ მუჭა, კორუმპირებულ და რუსეთზე მიყიდულ ჩინოვნიკებს, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ეს ქვეყანა ეკუთვნის ამ ქვეყნის მომავალ თაობას, რომელსაც არაფერი დაუშავებია და რომელიც იმსახურებს ღირსეულ მომავალს. ამიტომ გთხოვთ და მოგიწოდებთ, მოდით დღეს პარლამენტთან. აქ ჩვენ ვიქნებით თქვენი ხმა, ჩვენ გავაჟღერებთ ქართველი ხალხის ნებას და ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ იყოთ საქართველოს პარლამენტთან. ვინაიდან ხელისუფლება ჯიუტად არ ისმენს თქვენს ხმას, ძალიან ხმამაღლა, მკაფიოდ კიდევ ერთხელ გააგონეთ ხელისუფლებას თქვენი ხმა – არა რუსეთს, არა რუსულ კანონს, კი ევროპას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მოქალაქეებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის გაპროტესტებისკენ მოუწოდა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმაც.
„მინდა, მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გერმანიის კანცლერმა, ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის დიდმა მეგობარმა, მოკავშირემ გაგვაფრთხილა – მიიღებთ ამ კანონს და შეგიძლიათ, დაივიწყოით თქვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენ შარშან, მარტში ერთად ვიბრძოლეთ, შევაჩერეთ „ქართული ოცნების“ საბოტაჟი და საქართველო დღეს არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ის, რასაც ვერასდროს ვიოცნებებდით რამდენიმე წლის წინ. ჩვენ ახლა გვაქვს ისტორიული შანსი, რომ უახლოეს მომავალში დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე და შეუქცევადად ვაქციოთ ჩვენი ევროპული მომავალი. მაგრამ ეს რომ მოხდეს, ევროპელი მეგობრების მხარდაჭერასთან ერთად, ამას სჭირდება თქვენი, ქართველი ხალხის ძალიან მტკიცე პოზიცია. მე ბრიუსელში ვიყავი საქართველოს ელჩი, როდესაც იანუკოვიჩმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. შემიძლია, ზუსტად გითხრათ, რომ უკრაინელ ხალხს ძალიან ხმამაღლა რომ არ ეთქვა, რომ არ ემორჩილება იანუკოვიჩის პოლიტიკურ ნებას, ირჩევს ევროპულ მომავალს, ვერანაირი მხარდაჭერა მათ ვერ დაეხმარებოდა ევროკავშირიდან. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, არის ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული თქვენგანის როლი. მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, რომელ პარტიას მიეცით ხმა უკანასკნელ არჩევნებში – თუ თქვენი შვილებისთვის გინდათ ევროპული მომავალი, მოდით დღეს საქართველოს პარლამენტთან, უთხარით არა რუსულ კანონს და კი თქვენი შვილების ევროპულ მომავალს. დღეს, როგორც არასდროს, ამ ქვეყნის შემდეგი თაობების მომავალი არის თოთოეული ჩვენგანის ხელში. დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ვიყოთ აქტიური მოქალაქეები ჩვენი საყვარელი სამშობლოსი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.