1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მისი ფილოსოფია ჩემი ფილოსოფიისაგან ცოტათი განსხვავდება”: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსისგან დისტანცირდება”-Die Welt
“მისი ფილოსოფია ჩემი ფილოსოფიისაგან ცოტათი განსხვავდება”: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსისგან დისტანცირდება”-Die Welt

“მისი ფილოსოფია ჩემი ფილოსოფიისაგან ცოტათი განსხვავდება”: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსისგან დისტანცირდება”-Die Welt

183
0

გერმანულ გაზეთ “დი ველტში” (Die Welt) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “მისი ფილოსოფია ჩემი ფილოსოფიისაგან ცოტათი განსხვავდება”: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსისგან დისტანცირდება” (ავტორი – შტეფან ბოლცენი), რომელშიც განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსთან. „დონალდ ტრამპი, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ორი სავარაუდო კანდიდატიდან (ანუ მისი სავარაუდო პოლიტიკური მემკვიდრეებიდან) ამჟამად უპირატესობას სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ანიჭებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ირანთან ომის დაწყებიდან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი პრაქტიკულად გაქრა საზოგადოების თვალსაწიერიდან. როგორც მოძრაობა MAGA-ს („დავუბრუნოთ ამერიკას ყოფილი დიდება“) აქტიური მომხრე, იგი აშშ-ის სამხედრო ოპერაციების საზღვარგარეთ ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგია. არის „საფრთხე“, რომ ამ გარემოებას შეუძლია 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მისი შანსები შეამციროს: დონალდ ტრამპი სულ უფრო მეტად აქებს ჯეიმს ვენსის მეტოქეს – მარკო რუბიოს.

უკვე ბნელდებოდა, როცა ჯეიმს ვენსი აეროდრომის საფრენ ზოლზე გამოჩნდა: სამი დღის განმავლობაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მეორედ ესწრებოდა სამგლოვიარო ცერემონია „ღირსეულ გადატანას“ – იგი ხვდებოდა თვითმფრინავს, რომელმაც სამშობლოსგან შორს დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი ჩამოიტანა. ჯეიმს ვენსი უკანასკნელ საპატიო თანხლებას ასრულებდა. „ჩემთვის დიდი ღირსება და პატივია მის გვერდით ვიდგე ამ სამწუხარო მომენტში“, – აღნიშნავს ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ  ქსელში, – „ჩვენ ყველამ უნდა ვილოცოთ ჩვენი ჯარისკაცებისათვის, რომლებიც ჩვენს ქვეყანას იცავენ“.

ჯეიმს ვენსი იმ ცერემონიებშიც ყოველთვის მონაწილეობს, რომელთა დროს პატივს მიაგებენ ირანთან კონფლიქტში დაღუპულების ხსოვნას. მაგრამ იგი არ იყო 28 თებერვლის ღამეს დონალდ ტრამპის რეზიდენციაში (მარა-ლაგოში), როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ბრძანება გასცაა ირანისადმი საჰაერო დარტყმის მიყენების შესახებ. ვიცე-პრეზიდენტმა მხოლოდ 72 საათის გასვლის შემდეგ Fox News-ისათვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში ჩამოაყალიბა თავისი პრეზიდენტის მიერ დაწყებული ოპერაციის საბოლოო მიზანი: „სამუდამოდ წაერთვას ირანს ატომური ბომბის შექმნის შესაძლებლობა“.

იმავდროულად კარგად შესამჩნევი იყო, რომ ჯეიმს ვენსი რიტორიკულად ცდილობდა მაქსიმალური დისტანცია ყოფილიყო დაცული მას და უფროსს (დონალდ ტრამპს) შორის. „ომის დაწყება, – თქვა მან, – მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს“. ჯეიმს ვენსმა მხოლოდ ერთ მომენტში გააჟღერა საკუთარი თვალსაზრისი: „ჩვენ არ მოვხვდებით ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ერაყში და ავღანეთში მოვხვდით“.

ტრამპისადმი ლოიალობისა და MAGA-ს დოქტრინას შორის

დონალდ ტრამპის ოპერაცია „ეპიკური მრისხანებამ“ ჯეიმს ვენსი დილემის წინაშე დააყენა. ვიცე-პრეზიდენტი ლოზუნგის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ აქტიური მომხრეა და ითვლება „დონროს დოქტრინის“ მხარდამჭერად. მისი პოზიციით, აშშ პლანეტის ცალკეულ რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტებში არ უნდა ჩაერთოს და არც თვითონ არ უნდა იყოს ომების გამომწვევი – ისეთი ომებისა, რომლებიც ამერიკისათვის პირდაპირი მოგების მომტანი არ არიან. ერაყისა და ავღანეთის მრავალწლიანი სისხლიანი ოპერაციები, რომლებიც საბოლოო ჯამში უშედეგონი აღმოჩნდნენ, მილიონობით ამერიკელისთვის იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა. აშშ-ის მოსახლეობას აღარ სურს, რომ მათი ქვეყანა გლობალური როლის შემსრულებელი იყოს და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოება უზრუნველყოს.

„ვენსის ფილოსოფია მცირედ, მაგრამ მაინც განსხვავდება ჩემი ფილოსოფიისაგან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა პრეს-კონფერენციაზე, როცა მას კითხვა დაუსვეს – არის თუ არა აზრთა სხვადასხვაობა სახელმწიფოს ყველაზე გავლენიან პირველ და მეორე პირებს შორის. „ჯეი დი, შეიძლება [ომის დაწყებით] ჩემზე უფრო ნაკლებად იყო აღფრთოვანებული, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა და რომ არჩევანი არ გვქონდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ირანის კონფლიქტი შეიძლება შემობრუნებით მომენტად იქცეს ამბიციების მქონე ჯეიმს ვენსისათვის: 41 წლის პოლიტიკოსი, თანამდებობის მიხედვით, ბუნებრივ „კრონპრინცად“ ითვლება. მან კარგად გამოავლინა თავისი ნიჭი და უნარი ქვეყნის საშინაო საქმეებში, არწმუნებდა მოსახლეობას რესპუბლიკური ადმინისტრაციის პოზიტიურ კურსში და აღნიშნავდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდება და გლობალიზაციის ნეგატიურ შედეგებს ბოლო მოეღება.

იანვრის ბოლოს, მინეაპოლისში ყოფნის დროს, ჯეიმს ვენსმა საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი აქტივისტები და საზოგადოება „მემარცხენე-რადიკალურ უგუნურებაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, ვინც დამნაშავე იმიგრანტებს იცავენ, სწორედ ისინი ემუქრებიან რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოებას.  ადმინისტრაციის წევრებს შორის ვიცე-პრეზიდენტი ყველაზე ხშირად შედის ამერიკულ მასმედიასთან კონფრონტაციაში და მათ მკაცრად ეუბნება, რომ ისინი მატყუარები არიან და არასწორად აშუქებენ მთავრობის მუშაობას.

მთლიანობაში ჯეიმს ვენსი მოძრაობა MAGA-ს ყველაზე ერთგულ და აქტიურ მომხრედ ითვლება დონალდ ტრამპის გუნდში. მისი საერთაშორისო დებიუტი გახდა 2025 წლის მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც მან გერმანია და სხვა ევროპული სახელმწიფოები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპელი  ლიდერების ანტიდემოკრატიული კურსი უფრო საშიშია, ვიდრე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. სხვათა შორის, ჯეიმს ვენსს არც უკრაინის კონფლიქტთან სურს რაიმე საერთო ჰქონდეს: იგი ჯერ კიდევ სენატორად ყოფნის დროს გამოდიოდა კიევისადმი სამხედრო დახმარების გაწევის კატეგორიულ მოწინააღმდეგედ, ხოლო 2023 წელს წერდა: „რატომ ვუჭერ მხარს დონალდ ტრამპს? იმიტომ, რომ ვიცი – იგი ამერიკელ ჯარისკაცებს საზღვარგარეთ დაუფიქრებლად და წინდაუხედავად არ გაგზავნის“.

მაგრამ ახლა, როცა დონალდ ტრამპმა უკვე გაიტაცა ვენესუელის პრეზიდენტი ცოლთან ერთად და როცა ირანის წინააღმდეგ სისხლიანი ომი გააჩაღა, ანუ თითქმის მთლიანად ჩაება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების გადაჭრაში, ჯეიმს ვენსი სულ უფრო ხშირად უკანა პლანზე მოჩანს.

სამაგიეროდ, პრეზიდენტის გვერდით სულ ხშირად ვხედავთ ჯეიმს ვენსის პოტენციურ მეტოქეს 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში – სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, რომელიც, მართალია ჯერ-ჯერობით არაფერს არ ამბობს აშშ-ის უმაღლესი პოსტის დაკავებაზე, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ მარკო რუბიოს უკვე სავარაუდო პრეტენდენტად განიხილავენ.

„მარკოს ვარსკვლავის ბრწყინვალება მატულობს“

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების შედეგად ჯეი დი-ვენსი ძველებურად ლიდერობს პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებს შორის, დონალდ ტრამპი ქება-დიდებას არ იშურებს სახელმწიფო მდივნის მიმართ. ვაშინგტონელ კომენტატორთა ვარაუდით, აშშ-ის პრეზიდენტი განგებ აღვივებს მათ მეტოქეობას: მისი წასვლის შემდეგ როგორც მარკო რუბიოს, ასევე ჯეიმს ვენსის წინაშე კოლოსალური ამოცანები დადგება.

მარკო რუბიოს – კუბელი ლტოლვილების შვილის – სახელთან ბევრადაა დაკავშირებული ის ისტორიული ცვლილებები, რომლებიც ლათინურ ამერიკაში ხდება. იგი ვენესუელის ლიდერის ნიკოლას მადუროს დამხობის აქტიური მომხრე იყო, რაც 3 იანვარს განხორციელდა კიდეც. და ამ დროს ჯეიმს ვენსს დაევალა… ფულის შეკრება რესპუბლიკელების შუალედური არჩევნებისათვის, რომელიც საკმაოდ გვიან, ნოემბერში უნდა გაიმართოს.

ზოგადად, ის, რომელიც კარგად შეასრულებს თავის მისიას, ბევრად განსაზღვრავს იმას, შეძლებენ თუ არა ისინი 2028 წელს ამომრჩევლის მიმხრობას.

ამავე დროს ჯეიმს ვენსის მომავალი დამოკიდებულია MAGA-ს მოძრაობის გავლენიან პირებთან სიახლოვეზე, რომელთა პოლიტიკურ ლიდერად ცდილობს იგი პოზიციონერობას. იგი ერთნაირად ახლობლად თვლის ტაკერ კარლსონსაც და დონალდ ტრამპ-უმცროსსაც. ჩარლ კირკის – MAGA-ს აქტივისტის მკვლელობის შემდეგ ჯეიმს ვენსი ცოლთან ერთად სასწრაფოდ წავიდნენ დაღუპულის ქვრივის – ერიკა კირკის – სანუგეშებლად.

დონალდ ტრამპის უკანდახევამ საკუთარი პრინციპიდან „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ არა მარტო განხეთქილება შეიტანა რესპუბლიკელთა მემარჯვენე ფლანგში, რომელშიც სულ უფრო მეტი ხალხი აკრიტიკებს ისრაელისა და მისი პრემიერ-მინისტრის მზარდ გავლენას, არამედ ართულებს ამბიციური ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს ვენსის როლის განმტკიცებასაც  ეროვნულ-კონსერვატიული მოძრაობის მსოფლიო ავანგარდში. MAGA-ს კომპასის ისარი, რომელიც ოდესღაც მტკიცედ  აჩვენებდა აზიმუტს, ახლა შეირხა და შესამჩნევად გადაიხარა.

და აი, როგორც უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ჯეიმს ვენსისათვის ამჟამინდელ კონტექსტში პრობლემა ხდება გერმანია. გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელმა“ ვიცე-პრეზიდენტის პოლიტიკური გუმანი ეჭვქვეშ დააყენა: პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (AfG) ოფიციალურად გამოვიდა ირანის ომის წინააღმდეგ. არადა, გასულ წელს ჯეიმს ვენსმა, რომელიც „ალტერნატივის“ ლიდერს შეხვდა მიუნჰენის კონფერენციის კულუარებში, მიანიშნა, რომ  გერმანიაში რესპუბლიკელებს და MAGA-ს მოძრაობას, AfG-ის სახით, გავლენიანი მხარდამჭერები ჰყავსო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ვიცე-პრეზიდენტი შეცდა – „ალტერნატივა“ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ირანთან მიმართებით მხარს არ უჭერს. ბრძენ ამერიკელ პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს ასეთი მომენტების ერთმანეთისაგან გარჩევა.

წყარო: