მინდა, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული დღე მივულოცო რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს -ირაკლი ღარიბაშვილი
მოხარული ვარ, მოგმართოთ ამ მნიშვნელოვან დღეს − თურქეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღეს. მინდა, ეს ისტორიული თარიღი მივულოცო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თავისი ურყევი მისწრაფებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ამ 100 წლის განმავლობაში თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.
„1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი გავიდა. დაარსების დღიდან ეს დიდებული ქვეყანა და ერი მრავალი გამოწვევის წინაშე მდგარა თანამედროვე, ინდუსტრიული და აყვავებული სახელმწიფოს შექმნის გზაზე. თავისი ურყევი მისწრაფებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით ამ 100 წლის განმავლობაში თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თურქეთის უმნიშვნელოვანეს წვლილს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობის საქმეში როგორც სამეზობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოსა და თურქეთს უნიკალური მეგობრობა და ძმობა აკავშირებთ.
„ჩვენმა ქვეყნებმა შეინარჩუნეს თანამშრომლობა, რომელიც თანდათან გადაიზარდა მყარ სტრატეგიულ პარტნიორობაში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ვლინდება ჩვენს დინამიკურ ეკონომიკურ თანამშრომლობაში. წლების განმავლობაში თურქეთი იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. წელს, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სავაჭრო ბრუნვით, რომელმაც 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ვიმედოვნებთ, რომ ეს მაჩვენებელი ამ წლის ბოლომდე 3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც ჩვენს თანამშრომლობაში კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი იქნება.
ჩვენ ასევე მოხარულნი ვართ, რომ თურქული კომპანიები აგრძელებენ ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა უკვე თითქმის 370 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია ბოლო სამი წლის განმავლობაში; ხოლო თურქული კომპანიების რიცხვი საქართველოში 10 000-ს აჭარბებს. ჩვენ ველით ამ რიცხვების შემდგომ ზრდას მომდევნო წლებშიც.
ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, როგორც საქართველო, ასევე თურქეთი ასრულებენ გადამწყვეტ – ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რგოლის – როლს. სწორედ ამიტომ, შუა დერეფნის მეშვეობით დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით ისეთი სფეროები, როგორებიცაა ტრანსპორტი და ენერგეტიკა, დარჩება ჩვენს ერებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მამოძრავებელ ძალად. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები მიისწრაფვიან არსებული და დაგეგმილი რეგიონული ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის − ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის, ასევე, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო და სხვა პროექტების განხორციელებისკენ.
ძვირფასო მეგობრებო, არანაკლებ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ფასდაუდებელია არა მხოლოდ ორმხრივი ეკონომიკური მიღწევების თვალსაზრისით, არამედ ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით უსაფრთხოების არსებული საგანგაშო გარემოს გათვალისწინებით როგორც რეგიონში, ისე გლობალურად.
დასასრულ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობები და თანამშრომლობა გაგრძელდება და გაძლიერდება; ხოლო ჩვენი პარტნიორობა განუზომელ როლს ითამაშებს ჩვენი ყველა ინიციატივის განხორციელებაში როგორც ორმხრივ და რეგიონულ, ისე მრავალმხრივ დონეზე. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ნათელი მომავლის შექმნას ჩვენი ქვეყნებისთვის, ერებისა და სრულიად რეგიონისთვის.
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მივულოცო ეროვნული დღე პრეზიდენტ ერდოღანს, ძვირფას ელჩს – ჩემს ძვირფას მეგობარს, თურქ ხალხს, თურქულ თემს საქართველოში და გულწრფელად ვუსურვო თურქეთს უწყვეტი წარმატება“, – განაცხადა პრემიერმა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ალი ქაან ორბაიმ. სტუმრებმა ასევე მოისმინეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართვა; შესრულდა თურქეთისა და საქართველოს ჰიმნები.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.