1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდობას, მათ ვინც აიტაცა ბრძოლის დიდი დროშა, თქვენთან ერთად დგანან თქვენი მშობლები” – მიხეილ სააკაშვილი
“მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდობას, მათ ვინც აიტაცა ბრძოლის დიდი დროშა, თქვენთან ერთად დგანან თქვენი მშობლები” – მიხეილ სააკაშვილი

“მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდობას, მათ ვინც აიტაცა ბრძოლის დიდი დროშა, თქვენთან ერთად დგანან თქვენი მშობლები” – მიხეილ სააკაშვილი

63
0

მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდობას, მათ ვინც აიტაცა ბრძოლის დიდი დროშა, თქვენთან ერთად დგანან თქვენი მშობლები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან იმ ახალგაზრდებს მიმართა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და ამისთვის მადლობა გადაუხადა.

სააკაშვილის თქმით, მისი შვილიც დგას საპროტესტო აქციაზე და რომ არა პატიმრობა, ისიც აქციაზე იდგებოდა.

„ჩემი შვილი დგას აქციაზე. ამასწინათ შევხვდი და ამის შესახებ არ მომიყვა. გავიგე და მერე ტელევიზორშიც მოვკარი თვალი ქართულ დროშა შემოხვეულს. რა თქმა უნდა, მეც ვიდგებოდი მასთან ერთად. აუცილებლად დადგება ეს დროც. მინდა ვთქვა, რომ თქვენც გეყოლებათ თქვენი შვილები, მათ ეყოლებათ შვილები, იმათ ეყოლებათ კიდევ შვილები და მინდა გითხრათ, თქვენ თქვენს შვილთაშვილებს მოუყვებით სიამაყით, რომ როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როდესაც საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე დაემუქრა, სწორედ თქვენ, ქართველმა ახალგაზრდებმა გადაარჩინეთ საქართველო სახელმწიფოებრივად. საქართველო არის თავისუფალი და წარმატებული სწორედ იმის გამო, რომ არ იყავით გულგრილები“,-განაცხადა სააკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ აქციაზე მყოფი თითოეული ადამიანით ძალიან ამაყობს.

„მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით იმიტომ, რომ ძალიან მაგრები ხართ, ყველა ჩვენგანზე უფრო მაგრები. ბოდიში, თუ კიდევ რამე დავაკელით. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ რუსული გავლენის სფეროდან გამომეყვანეთ. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თქვენ გაზრდილიყავით არაკორუმპირებულ გარემოში და არ გქონოდათ ელემენტარული რაღაცების ნაკლებობა, რამაც 90-იან წლებში ბოლო მოუღო საქართველოს: შუქი, უწყლობა, სიცივე და უბრალოდ, შიმშილი. ჩვენ რაც მოვასწარით, ის გავაკეთეთ განათლების კუთხით. თქვენ არ შეგხვდათ კორუფცია განათლების სისტემაში. პირველად მე ავწიე ევროპის დროშა და მაშინ ბევრი დამცინოდა, რა შუაშია ევროპა და საქართველოო. ახლა ჰკითხეთ ჩვენს ახალგაზრდობას. ის ერთი დროშა, რომელიც მაშინ აწვიე, ახლა გახდა მრავალ ათასი დროშა, რომელიც თქვენ ხელებში ფრიალებს, თქვენს გულში არის და ეს არ არის მარტო სიმბოლო. ეს არის ის, რისიც თქვენ მართლა გჯერათ. ჩვენი ამოცანა არის, გვერდით დაგიდგეთ, ხიდად გაგეგოთ, მაგრამ თქვენ ყველაფერს უკეთესად ხედავთ. ჩემზე უკეთ იცით, არაფერი ზედმეტი რჩევა და დარიგება ჩემგან არავის სჭირდება“,-განაცხადა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე მის საქმეზეც ისაუბრა. ექსპრეზიდენტის თქმით, ყველამ იცის, რომ ის პოლიტიკური ნიშნით ზის ციხეში.

„მსოფლიოს მასშტაბით იხილება, თუ რა სახის პროცესია ეს, რის გამო ვიმყოფები გისოსებს მიღმა. რატომ არ მაძლევენ საშუალებას, რომ ვიყო ჩემს ხალხთან, ჩემი გამოცდილება და კავშირები მოვახმარო ამ დიდ ბრძოლას. ეს არის პირდაპირი დაკვეთა მოსკოვიდან. ეს უკვე არავისში ეჭვს არ იწვევს. ყველაზე ავტორიტეტული ფრანგული ჟურნალი „ექსპრესი“ წერს, რომ სააკაშვილი გახდა დასავლეთს და რუსეთს შორის ორთაბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლო“,-განაცხადა სააკაშვილმა.