“მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში” – მამუკა ხაზარაძე
კრემლის დავალებები, რომელიც წინა წელს ჩაგივარდათ, არ გაგივათ! – “რუსული კანონი” არ გავა, ისევე როგორც ვერ დარჩება “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში – არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დაინიცირებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა “რუსული კანონის” შესახებ ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაციის თავიდან გაცოცხლების დავალება კრემლიდან მიიღო, რადგან ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ხელი შეეშალოს.
“ქართულმა ოცნებამ” და პირადად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღო. ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაცია “რუსული კანონის” შესახებ თავიდან გააცოცხლა. დავალება მიიღო პირდაპირ კრემლისგან, რადგან ახლა უფრო დიდ მიზანს შეუშალოს ხელი რასაც ჰქვია მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში.
მე მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, გამოვიდეს, როგორც ე.წ. საპატიო თავმჯდომარე პარტიის და ქართველ ხალხს უთხრას, თუ რასთან გვაქვს საქმე. გამოვიდეს და თქვას, საიდან ფინანსდება მისი პარტია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი რუსული კომპანიების და აქ გამოდის და ლაპარაკობს ევროპიდან შემოსული თანხების წარმომავლობაზე. ევროპიდან შემოსული თანხები არის გამჭვირვალე და არანაირი კანონი არ სჭირდება იმას, რომ საგადასახადო ინსპექციამ, ფულის მონიტორინგის სამსახურმა და უამრავმა მაკონტროლებელმა ამოიღოს ინფორმაცია, თუ საიდან შემოდის ევროპიდან ფული და რომელ ორგანიზაციაში შედის. ამას არ სჭირდება კანონი, უბრალოდ, “ქართულ ოცნებას” სჭირდება ეს კანონი, რომ გააკონტროლოს თავისუფალი აზრი, გააკონტროლოს არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა.
მე მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში. ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრე ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან. ქართველი ხალხის გზავნილს გიგზავნი. არ გაგატან. მთელი შენი ეს ტრიუკები არის მოძველებული და უბრალოდ, მოძველებული კი არ არის, ჭაობისკენ მიმავალია. შენ არ ემსახურები ქართველ ხალხს. შენ არ ემსახურები ქართველი ხალხის ინტერესს, შენ დაცალე ეს ქვეყანა, შენ უმუშევრობის ჭაობში ჩააგდე ეს ქვეყანა, შენ არ იხდი გადასახადებს ამ ქვეყანაში, შენ არ შემოგაქვს ინვესტიცია ამ ქვეყანაში, შენ გინდა მხოლოდ ერთი რამ და ეს არის ის, რომ შენ იყო უსაფრთხოდ ზღვის სანაპიროზე მოკალათებული და შენმა გარემოცვამ აკეთოს ფული ქართველი ხალხის ხარჯზე. ეს კანონი და ყველა ის ტრიუკი, რომელიც აქამდე გაქვს ჩატარებული, არ გაგივა, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის პერსპექტივა არის თავისუფალი სამყარო,” – განაცხადა ხაზარაძემ.