მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენს ინტერესში შედის ევროკავშირის წევრობა და ვიცი, რომ მათ ინტერესებშიც შედის, ვცდილობთ, შეხების წერტილები როგორმე ჯანსაღ პროცესს დაუბრუნდეს – რასაც ისინი ჩვენ მიმართ ჩადიან, ჩვენ ხომ შესაბამისად არ ვპასუხობთ
ჩვენს ინტერესში შედის ევროკავშირის წევრობა, ევროპასთან სიახლოვე და ვიცი, რომ მათ ინტერესებშიც შედის, ვცდილობთ, შეხების წერტილები როგორმე ჯანსაღ პროცესს დაუბრუნდეს, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომელიც საარჩვნო კოლეგიამ პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩია.
მისი თქმით, მათი შეხედულებები უნდა შეიცვალოს. ამასთან, ყაველაშვილის თქმით, „რიგ შემთხვევაში შეურაცხყოფას“ აყენებენ და „არასწორად ექცევიან“.
„განცხადება, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააკეთა, შესაძლოა, ვინმესთვის გაუგებარი ყოფილიყო, მაგრამ მან კარგად ახსნა იმავე დღეს და შემდეგაც მკაფიოდ განუმარტა საზოგადოებას, თუ რას გულისხმობდა და შეგვიძლია, ჩვენ დავუბრუნდეთ ამ თემას, რასთან გვქონდა საქმე.
ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენ მკაფიოდ გამოკვეთილი, გრძელვადიანი პროცესი გვაქვს დაგეგმილი. ამას მუდმივად ვაღიარებთ და ვაცნობთ საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან არა ერთი შეურაცხმყოფელი რეზოლუცია, დამამცირებელი დამოკიდებულება იყო. თითქოს, ხომ უნდა ვიყოთ ჩვენ თანასწორები, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ურთიერთპატივისცემაზე, გამჭვირვალობაზე დაყრდნობილ ურთიერთობას, რასაც თითქოს, ზედაპირულად ისინი აღიარებენ, თუმცა ქმედებებში ვხედავთ ამ ორმაგ სტანდარტს, რასაც მუდმივად აღიარებდა ჩვენი ხელისუფლებაც და ადამიანები, ვინც ხედავდნენ ამ პროცესს.
რა არის ჩვენი დამოკიდებულება? – ჩვენ ღია ვართ ამ პროცესების მიმართ. ჩვენ ვამბობთ, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ეს სახელმწიფოს გაცხადებული ნებაა და ამაში ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც არა თქვენდა საზიანოდ, არამედ ეს ჩვენი ორგანული განცდაა, ჩვენ არ ვამბობთ უარს.
მკაფიოდ განაცხადა პრემიერმა, რომ დღესვე მზად ვართ, გახსენით მოლაპარაკება, ვაწერ ხელს და შევდივარ პროცესში. ეს ჩვენი მხრიდან, როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისეა. პირიქით, ჩვენ განწყობილი ვართ, რომ მათი შეხედულებები უნდა შეიცვალოს. თორემ, იმის საპირწონედ, რასაც ისინი ჩვენ მიმართ ჩადიან, რიგ შემთხვევაში შეურაცხყოფას გვაყენებენ და არასწორად გვექცევიან, ჩვენ ხომ შესაბამისად არ ვპასუხობთ მათ.
ჩვენ ვიცით, რომ ეს პოზიციები უნდა შეიცვალოს, რადგან ჩვენს ინტერესში შედის ევროკავშირის წევრობა, ევროპასთან სიახლოვე და ვიცი, რომ მათ ინტერესებშიც შედის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შეხების წერტილები როგორმე დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
ჩვენს საზოგადოებას არაფერს ვუმალავთ, პირდაპირ ვეუბნებით, რა მიმართულებას ვუბრუნდებით ევროკავშირთან მიმართებაში. განცხადებაში ეს იყო ნათქვამი, რომ ჩვენ ამ საკითხით არ ვივაჭრებთ. ეს არ შედის ჩვენს ინტერესში და წესით, არც მათ ინტერესში არ უნდა შედიოდეს“, – განაცხადა ყაველაშვილმა “იმედთან“.