მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის -ნიკა გვარამია
მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის – მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მიზნების მისაღწევად ყველასთან ისაუბრებს.
“ბევრმა მედიამ დამირეკა სამომავლო პოლიტიკურ კონფიგურაციებთან დაკავშირებით. ინტერვიუსთვის ხელმისაწვდომი არ ვარ და ამიტომ აქ დავწერ:
მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5%-ანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია, სრულიად უინტერესოა ჩემთვის. პირადად მე, მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, სხვას თუ კომპრომისებისთვის გამბედაობა, კეთილგონიერება და პირადზე მაღლა საერთო ინტერესის დაყენების პრობლემა ექნება.
მე მაინტერესებს ცვლილებები და სიახლეები. თანამდებობებიც მქონია და გავლენაც. ამისთვის პოლიტიკაში მობრუნება ნამდვილად არ მჭირდება..
პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ერთად შევცვალოთ.
პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად მოვიპოვოთ.
პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ქვეყნის მართვაში გზა გავუხსნათ ახალ ხალხს და პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლა მაქსიმალურად დაჩქარდეს.
პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ არ იყოს შურისძიება.
პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ეს საჭირო მგონია აქ და ახლა.
პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ საერთო ბრძოლა გავაძლიერო.
შეკითხვაზე “ამ მიზნების მისაღწევად ვის ველაპარაკები ან დაველაპარაკები”, გპასუხობთ:
ყ ვ ე ლ ა ს “,- წერს გვარამია.