ლატვია რუსული გაზის იმპორტს კრძალავს
14 ივლისს, ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები ენერგეტიკის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის 1 იანვრიდან რესპუბლიკაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება აიკრძალება.
შესაბამისი ინფორმაცის სეიმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ქვეყანაში უნდა დაიწყოს გაზის სტრატეგიული მარაგების შექმნა. გაზის მარაგები უნდა დაგროვდეს ინჩუკალნსის მიწისქვეშა საცავში არაუგვიანეს ყოველი წლის 31 აგვისტოსა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოხმარება იმავე წლის 1 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 30 აპრილამდე.
ლატვიის მთავრობამ დაიწყო რუსული გაზის ეტაპობრივი შეწყვეტა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. 2021 წელს ლატვიის მიერ შეძენილი გაზის დაახლოებით 90 პროცენტი რუსეთიდან მოდიოდა.
მანამდე, 1-ლი აპრილიდან რუსეთიდან გაზის იმპორტი სრულად შეწყვიტა ლიეტუვამ და გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა.
ლიეტუვა, ლატვიასთან ერთად, ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ყველაზე აქტიურად უჭერენ მხარს ევროკავშირში რუსეთის ნავთობისა და გაზის ემბარგოს. რუსული გაზის ემბარგოს დაჟინებით მოითხოვს უკრაინა, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსული გაზი უკრაინაში გაჩაღებული ომის ერთ-ერთი დაფინანსების წყაროა.
14 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტზე მუშაობს, თუმცა მასში რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა გათვალისწინებული არ არის.