
“კრემლი რუსეთის წარსულს იხსენებს და უკრაინასთან ომის გაჭიანურებით იმუქრება: „თქვენც ისე დაგემართებათ, როგორც შვედეთს დაემართა პეტრე პირველისაგან”-The Guardian
ბრიტანულ გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) საკვირაო ნომერში გამოქვეყნებული სტატია სათაურით: „კრემლი რუსეთის წარსულს იხსენებს და უკრაინასთან ომის გაჭიანურებით იმუქრება: „თქვენც ისე დაგემართებათ, როგორც შვედეთს დაემართა პეტრე პირველისაგან“ (ავტორი – პეტერ საუერი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
რუსეთის იმპერატორის პეტრე პირველის მიერ შვედეთის წინააღმდეგ მიმართული ხანგრძლივი „ჩრდილოეთის ომი“ (1700-1721 წლებში) გაჭიანურებულ კონფლიქტს წარმოადგენდა, რომელმაც ურიცხვი რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. მას იშვიათად თუ იხსენებენ თანამედროვე დიპლომატიის კონტექსტში. და მაინც, ამის მიუხედავად, სტამბოლში გამართულ პირდაპირ მოლაპარაკებაზე (შუამავლების დაუსწრებლად) – პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, დახურული კარის მიღმა, სწორედ „ჩრდილოეთის ომი“ იქნა გახსენებული: კრემლის დელეგაციის მეთაურმა ვლადიმერ მედინსკიმ უკრაინელებს მიანიშნა – მოსკოვი მზადაა ბრძოლის ველზე იმდენ ხანს იომოს, რამდენიც საჭირო იქნება.
ისევე როგორც 2022 წელს უკრაინაში შეჭრილი რუსეთის შემთხვევაში, რომელიც სწრაფ გამარჯვებას ელოდა, „ჩრდილოეთის დიდი ომიც“ მე-18 საუკუნის დასაწყისში რუსების მიერ განცდილი დამამცირებელი დამარცხების გამო დაიწყო. მეფის არმია ძალიან ცუდად იყო მომზადებული და მანევრირებაში გაწვრთნილი არ ყოფილა. პეტრე პირველს ყველა შანსი ჰქონდა უკან დაეხია, მაგრამ ამის ნაცვლად მან სანგრების გათხრა დაიწყო. იგი რეკრუტების სახით ათი ათასობით გლეხს იწვევდა არმიაში, დიდ ფულს ხარჯავდა განადგურებული პოლკების აღსადგენად და თავის „ვარსკვლავურ“ საათს ელოდა. პოლტავის ბრძოლაში გამარჯვება შვედეთთან ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო. 1718 წელს ერთ-ერთ ბრძოლის დროს დაიღუპა შვედეთის მეფე კარლ XII. ტახტზე ასულმა მისმა დამ ულრიკა ელეონორამ ომი გააგრძელა, მაგრამ იგი საბოლოოდ იძულებული გახდა დამარცხება ეღიარებინა, რომელიც 1721 წლის 30 აგვისტოს ქ. ნიშტადტში ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულებით გაფორმდა. პეტრე I ტრიუმფატორი გახდა: რუსეთმა მიიღო ბალტიისპირეთის აღმოსავლეთი ნაწილი, თავისუფალი ნაოსნობის უფლება და სხვა მრავალი უპირატესობა.
„ჩვენ ომი არ გვინდა, მაგრამ მზად ვართ ვიომოთ კიდევ ორი და სამი წელი – რამდენიც საჭირო იქნება. გაიხსენეთ, რომ ჩვენ შვედეთთან 21 წელი ვიბრძოდით და საბოლოოდ მაინც დავამარცხეთ. თქვენ რამდენი წლის ომისთვის ხართ მზად?“ – ჰკითხა ვლადიმერ მედინსკიმ უკრაინის დელეგაციის წევრებს. სხვათა შორის, მოლაპარაკება გაიმართა სტამბოლის დოლმაბახჩეს სასახლეში – შვედეთის იმდროინდელი მოკავშირის – ოსმალეთის მმართველების დიდებულ რეზიდენციაში, ბოსფორის ევროპულ ნაპირზე მდებარეობს.
გასულ პარასკევს ვლადიმერ პუტინმა თავისი „მოლაპარაკე თავების“ მეშვეობით დასავლეთს სიგნალი მისცა – მისი მოთხოვნები უცვლელი რჩება 2022 წლიდან: კიევმა მოსკოვს ტერიტორიები უნდა დაუთმოს, ანუ რუსეთის არმიის მიერ დაკავებული ოლქები ადმინისტრაციულ საზღვრებში, მკვეთრად მცირდება უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა, კიევი გარანტიას აძლევს რუსეთს, რომ არ გახდება ნატოს წევრი და მის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალები არ განლაგდება, ნებისმიერი, თუნდაც სამშვიდობო სტატუსით.
ამჟამინდელი კონფლიქტის ერთ-ერთი საფუძველს ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის ისტორიული მატიანის დამახინჯებული წაკითხვა და გაცნობიერება წარმოადგენს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ვლადიმერ მედინსკი, „თვითგამოცხადებული ისტორიკოსი“ აგრძელებს ეშმაკური ანალოგებით სარგებლობას, უკრაინაში რუსეთის ჯარის შეყვანა რომ გაამართლოს. ეს ხომ ერთადერთი მცდელობა არ არის იმისა, როცა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი იმპერატორ პეტრე პირველის სახეს საკუთარ თავზე იზომავს
2022 წლის 9 ივნისს, როცა პრეზიდენტი რუსეთის მეფისადმი მიძღვნილ გამოფენას ათვალიერებდა, კრემლის ლიდერმა პარალელები გაატარა XVIII საუკუნის მოვლენებთან, მაგრამ უკვე უკრაინის ფრონტებთან მიმართებით: „პეტრე პირველი ჩრდილოეთის ომში 21 წლის განმავლობაში იბრძოდა შვედეთთან. ამბობენ, რომ რუსეთმა მოწინააღმდეგეს რაღაცები წაართვაო. არაფერიც არ წაურთმევია! რუსეთმა თავისი დაიბრუნა!“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ისტორიული ექსპოზიციის ფონზე იდგა.
„დღეს ჩვენი წილი საქმე უნდა გავაკეთოთ – უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტერიტორია და განვამტკიცოთ ქვეყნის სუვერენიტეტი. მჯერა, რომ ჩვენი ტრადიციული საბაზო ფასეულობების საფუძველზე ჩვენ წინ მდგარ ამოცანებს აუცილებლად შევასრულებთ“, – დააბოლოვა რუსეთის პრეზიდენტმა.
დიდი ხნის განმავლობაში სასურველი სტამბოლის მოლაპარაკება ორ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა და საბოლოო ჯამში აბსოლუტური კრახით დამთავრდა. უკრაინის საკვანძო მოთხოვნა ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეუსრულებელი დარჩა. ერთადერთი კონკრეტული მიღწევა ის იყო, რომ მხარეთა შეთანხმებით ათასი რუსი სამხედრო ტყვე ათას უკრაინელ სამხედრო ტყვეზე გაიცვლება.
რუსეთის გზავნილი უკრაინისათვის აშკარა რჩება: „ჩაგვბარდით ახლავე, თორემ უფრო მეტ ტერიტორიას წაგართმევთ. ჩვენ ისევ დავბრუნდებით“.
აღფრთოვანებულმა მარგარიტა სიმონიანმა, სახელმწიფო მედიაჰორდინგ „რაშა თუდეის“ შემქმნელმა და პროპაგანდისტმა, განაცხადა, რომ მოსკოვმა კიევი გააფრთხილა – „ან შეწყვეტთ სროლებს, ან რუსეთის ყირიმზე და ოთხ ოლქზე არ შეჩერდება – ცოტა ხანში კიდევ რვა ოლქს დავიკავებთ“, – დაწერა მან „იქს-ქსელში“.
ვლადიმერ პუტინის რწმენა ეფუძნება რუსეთის არმიის ნელ, მაგრამ სტაბილურ წარმატებებს ბრძოლის ველზე, ევროპის გაუბედავ მოქმედებას და ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ გადასვლას სამხედრო რელსებზე გაჭიანურებული ომის სამზადისში..
ამას წინათ გამოქვეყნებულ სტატიაში წამყვანმა რუსმა ეკონომისტმა ვლადიმერ ინოზემცევმა გამოთვალა, რომ მოსკოვს მიმდინარე სამხედრო ხარჯების საკითხში რაიმე პრობლემა კიდევ 18-24 თვის განმავლობაში არ გაუჩნდება. „უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები ვლადიმერ პუტინის პრიორიტეტს წარმოადგენს… არმიის დაფინანსება ქვეყნის ეკონომიკის მთავარ ამოცანად რჩება, თანაც გაურკვეველი ვადით“, – წერს იგი პუბლიკაციაში.
ზოგიერთები, ალბათ, იტყვიან, რომ სამწლიანი სისხლისმღვრელი ომის განმავლობაში თურქეთში გამართული მოლაპარაკებები დიდ წარმატებას წარმოადგენსო, მაგრამ ეს ასე არ არის. ჯერ ერთი, რომ მოლაპარაკება 24 საათით გვიან დაიწყო, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო – მთელი ერთი დღის პოლიტიკური სპექტაკლებისა და გაურკვევლობების ფონზე. ერთადერთი კითხვა მხოლოდ ის იყო – დაიწყება თუ არა საერთოდ შეხვედრა? რუსეთის დელეგაციას, რომელიც სტამბოლში მოსკოვიდან ხუთშაბათს ჩავიდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბუტაფორია“ უწოდა, თვითონ კი თავისი გუნდით ანკარაში იმყოფებოდა და სტამბოლში ჩასვლას აჭიანურებდა.
რეჯეფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის საელჩოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკი დაღლილად გამოიყურებოდა. ჟურნალისტების თითოეული შეკითხვის შემდეგ იგი პაუზას აკეთებდა და დაყოვნებით პასუხობდა – როგორ ჩანს, ფრთხილობდა, რომ დონალდ ტრამპის მორიგი რისხვა არ გამოეწვია. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის ზეწოლით მან მაინც გაგზავნა სტამბოლში თავისი დელეგაცია თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკი აქტიურად უთავსდებოდა აშშ-ის ცვალებად მოთხოვნებს, რათა ეჩენებინა, რომ უკრაინა მშვიდობისათვის მზად არის: „უკრაინა თავისი მზადყოფნის დემონსტრაციას ახდენს – ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვეთანხმებით ბევრ მოთხოვნას და კომპრომისებზე მივდივართ, მაგრამ თავის მხრივ, ამერიკამაც უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რომელსაც ომის შეწყვეტა არ სურს“.
მაგრამ ჯერ-ჯერობით ვოლოდიმირ ზელენსკი თავის მონდომებას და ენერგიას ტყუილად ხარჯავს. მოლაპარაკების ფიასკო ჯერ კიდევ დასაწყისში გამოიკვეთა, როცა დონალდ ტრამპმა განაცხადა – „სანამ პუტინს მე თვითონ არ შევხვდები და არ დაველაპარაკები, არაფერი შეიცვლებაო“.
იმის ნაცვლად, რომ მოსკოვისათვის საყვედური ეთქვა არასათანადო დონის დელეგაციის სტამბოლში გაგზავნის გამო, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსისადმი მიცემულ ინტერვიუში კრემლი შეაქო და ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობით წაიტრაბახა. მან ასევე განაცხადა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებას კრემლის ლიდერი „უხილავად“ მაინც ესწრებოდა, რადგან რუსეთის დელეგაცია მისი სახელით მოქმედებდა.
ამჟამად უკრაინას მხოლოდ ისღა რჩება, რომ „ხავსს მოეჭიდოს“ დონალდ ტრამპის მიერ აღთქმული „გრანდიოზული სანქციების“ იმედად – თუ კრემლი უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე. მაგრამ ანალიტიკოსები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სანქციების გამოცხადება რუსეთს პოლიტიკურ კურსს ვერ შეაცვლევინებს, უკრაინას კი უახლოეს ხანებში გაუჭირდება და კიევს მეტი სამხედრო დახმარება დაჭირდება.
უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკების შემდეგ კიევში ფაქტობრივად ხელცარიელი დაბრუნდა, მაგრამ ყველაზე მტკივნეული დარტყმა ვოლოდიმირ ზელენსკის ე.წ. „დახმარების მსურველთა კოალიციიდან“ ელოდებოდა, რომელშიც დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი და პოლონეთი შედიან.
გასული კვირის ბოლოს ოთხმა ევროპელმა ლიდერმა, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკის მხარში უდგანან, ვლადიმერ პუტინს ულტიმატუმი წაუყენეს: „ან დაუყოვნებლივ შეწყვეტ ცეცხლს, ან საშინელ სანქციებს გამოგიცხადებთ, დონალდ ტრამპიც მხარს დაგვიჭერსო“.
მაგრამ გავიდა ერთი კვირა და არც ცეცხლი არ შეწყვეტილა და არც სანქციები არ ჩანს. ევროპის ხელმძღვანელობა ტრადიციულ-ჩვეული ტონით პასუხობს, რომ ისინი „უახლოეს დროში საპასუხო მოქმედებებს შეათანხმებენ“ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ რაც არ უნდა ათანხმონ, ფაქტი ფაქტად რჩება: მოლაპარაკება მათთვის კრახით დასრულდა. კრემლისათვის დასავლეთის ულტიმატუმი მხოლოდ ჰაერის რყევაა და მეტი არაფერი. დასავლეთის სურვილს – რუსეთმა მოლაპარაკება დაიწყოს და იმავდროულად ცეცხლიც შეწყვიტოსო, კრემლი უარით პასუხობს. ფრონტზე საომარი ოპერაციები აქტიურად გრძელდება, რუსეთი ურტყამს…
ცოტა ხნის წინათ ვლადიმერ მედინსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას კიდევ ერთი ისტორიული პარალელი გააკეთა: „ბევრს სჯერა, რომ ჯერ ცეცხლი უნდა შეწყდეს, შემდეგ კი სამშვიდობო მოლაპარაკება უნდა დაიწყოსო, მაგრამ როგორც ნაპოლეონი ამბობდა, „ომი და მოლაპარაკება ერთდროულად მიმდინარეობს“.
ისტორიკოსების მტკიცებით, ასეთი რამ ნაპოლეონ ბონაპარტს არ უთქვამს და ამიტომ, როგორც ჩანს, ციტატა გამოგონილია.
მოამზადა სიმონ კილაძემ