1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კოსოვოში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ჟურნალისტი დააკავეს
კოსოვოში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ჟურნალისტი დააკავეს

კოსოვოში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ჟურნალისტი დააკავეს

470
0

კოსოვოს ადმინისტრაციამ რუსი ჟურნალისტი დარია ასლამოვა დააკავა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

როგორც უკრაინული მედია კოსოვოს ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერს, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ადასტურებს, რომ დარია ასლამოვა რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის ჯაშუშობით იყო დაკავებული და ჟურნალისტის საფარქვეშ მოქმედებდა, ასევე მონაწილეობდა უკრაინის ომში და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ პროპაგანდას ავრცელებდა.

 ჟურნალისტი სერბეთის საზღვარზე მაშინ დააკავეს, როდესაც კოსოვოში შესვლას ცდილობდა, როგორც გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდას” კორესპონდენტი.

7 აგვისტოს დილით ასლამოვა დაუკავშირდა რედაქციას და განაცხადა, რომ იგი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ იძულებული გახდა სერბეთში დაბრუნებულიყო, რადგან მკაცრად ურჩიეს კოსოვოს ტერიტორიის დატოვება. ასლამოვა საზღვარზე თავისით, ავტობუსით მივიდა. მესაზღვრეებმა სერბეთის მხარეზე იგი ასევე დაკითხეს.

“ბევრმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ასლამოვა ჯაშუშობით იყო დაკავებული რუსეთის სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ და თავს ჟურნალისტად ასაღებდა… მისი მცდელობა შემოსულიყო ჩვენს ქვეყანაში, ემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით მიმდინარე მოვლენებს, რაც ნათლად ადასტურებს, რომ რუსეთი შეუერთდა სერბეთის პროპაგანდას ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით,”- წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

კოსოვოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს რუსი ჟურნალისტის რამდენიმე ფოტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან ერთად.

“კომსომოლსკაია პრავდა” წერს,  რომ ასლამოვა სარედაქციო დავალებით სერბეთში იმყოფებოდა სერბეთ-კოსოვოს კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიშის მოსამზადებლად.

დარია ასლამოვა “კომსომოლსკაია პრავდას” სპეციალური კორესპონდენტია. იგი ასევე მუშაობდა უკრაინაში, როგორც რუსული პროპაგანდისტული არხის “ცარიგრადის” ომის კორესპონდენტი. ასლამოვა ჟურნალისტად მუშაობდა ბევრ ცხელ წერტილში, მათ შორის ჩეჩნეთში, აფხაზეთში, თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღში, ყოფილ სამხრეთ ოსეთში, ტაჯიკეთსა და ყოფილ იუგოსლავიაში.