1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კირ სტარმერი ივიწყებს, რომ საფრანგეთი დიდი ბრიტანეთის მეგობარი არ არის: ზოგჯერ თუ ვმეგობრობდით, უფრო მეტად ვმტრობდით”-The Sunday Telegraph
“კირ სტარმერი ივიწყებს, რომ საფრანგეთი დიდი ბრიტანეთის მეგობარი არ არის: ზოგჯერ თუ ვმეგობრობდით, უფრო მეტად ვმტრობდით”-The Sunday Telegraph

“კირ სტარმერი ივიწყებს, რომ საფრანგეთი დიდი ბრიტანეთის მეგობარი არ არის: ზოგჯერ თუ ვმეგობრობდით, უფრო მეტად ვმტრობდით”-The Sunday Telegraph

78
0

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) საკვირაო გამოშვებაში – „სანდეი ტელეგრაფში“ (The Sunday Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “კირ სტარმერი ივიწყებს, რომ საფრანგეთი დიდი ბრიტანეთის მეგობარი არ არის: ზოგჯერ თუ ვმეგობრობდით, უფრო მეტად ვმტრობდით”. ავტორი – საიმონ ჰეფერი კომენტარს უკეთებს გასულ კვირაში მომხდარ მნიშვნელოვან დიპლომატიურ მოვლენას – პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ვიზიტს დიდ ბრიტანეთში და აღნიშნავს, რომ ორ მეზობელ სახელმწიფოს, რომელსაც ერთმანეთისაგან ლა-მანშის სრუტე ჰყოფს, ერთმანეთთან ბევრი პრობლემები აქვთ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

1066 წლიდან დაწყებული, ურთიერთობას იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც დღეს ბრიტანეთი და საფრანგეთი ჰქვიათ და ერთმანეთისაგან ლა-მანშის სრუტე ჰყოფთ, თითქმის მუდმივად დაძაბული იყო. ხდებოდა ხანგრძლივი კონფლიქტები – მაგალითად, ასწლიანი ომი, ნაპოლეონის ომები… თუმცა 1815 წლიდან ჩრდილოელმა ბრიტანელებმა თავიანთ ტრადიციულ მტრებთან – სამხრეთელ მეზობელ ფრანგებთან მეგობრული ურთიერთობა დაიწყეს, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთის მეფის ედუარდ VII-ის ძალისხმევით „გულითად შეთანხმებაში“ („ანტანტაში“, მეფის რუსეთთან ერთად) გადაიზარდა. შესაბამისად, პირველ მსოფლიო ომში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეები იყვნენ. ინგლისელი ჯარისკაცები, რომლებიც ევროპის კონტინენტზე „სამთა კავშირის“ (გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და ოსმალეთი) წინააღმდეგ ფრანგებთან ერთად იბრძოდნენ, აღფრთოვანებულნი იყვნენ ფრანგი ჯარისკაცების გმირობით. პარიზ-ლონდონის ურთიერთდამოკიდებულება არასოდეს არ ყოფილა იმ ეტაპზე ისე ახლოს, როგორიც 1914-1918 წლებში იყო.
მეორე მსოფლიო ომში სიტუაცია შეიცვალა. საფრანგეთის სწრაფი კაპიტულაცია მესამე რაიხის წინაშე დიდი ბრიტანეთისათვის შოკი აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრმა მარშალმა ანრი ფილიპ პეტენმა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს კაიზერულ გერმანიას ებრძოდა, მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერულ გერმანიასთან, 1940 წლის 22 ივნისს, ხელი მოაწერა კომპიენის ზავს და ფაშისტებთან თანამშრომლობა დაიწყო, რაც ბრიტანეთისთვის „ზურგში დანის ჩარტყმას“ ნიშნავდა.
1945 წლის შემდეგ საფრანგეთის ახალი ლიდერი, პრეზიდენტი შარლ დე გოლი მხარს უჭერდა და იზიარებდა ილუზიურ წარმოდგენას – იმ მითს, რომ საფრანგეთი გერმანული ოკუპაციისაგან თვითონ, თავისი ძალებით გათავისუფლდა და არა ბრიტანეთისა და აშშ-ის ჯარების მიერ. დრო გადიოდა, საფრანგეთის მთავრობები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ეს პოზიცია კი უცვლელი რჩებოდა. მართალია, შარლ დე გოლი, ჩვენი მხარდამჭერი იყო, მაგრამ ის, რაც მან 1963 წელს გააკეთა – ვეტო დაადო ჩვენს მიერთებას „საერთო ბაზრისადმი“ – ჩვენს წინააღმდეგ მიმართულ შეურაცხმყოფელ დემარშს წარმოადგენდა.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ვიზიტით გასულ კვირაში ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უნდა განახლებულიყო. გარეგნულად მართლაც ასე მოხდა – ხელი მოეწერა შეთანხმებას არალეგალური მიგრანტების შესახებ, რაც ბოლო ათწლეულში გაჩენილი მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად არის მიმართული. მაგრამ „გარიგებამ“ დაადასტურა ევროპული პოლიტიკის ორი მომენტი: პირველი – ის, რომ ჩვენს მთავრობას წარმოდგენა არ აქვს, თუ რაში გამოიხატება ბრიტანეთის ეროვნული ინტერესები და მეორე – ის, რომ საფრანგეთის მთავრობა დღემდე აღშფოთებულია „ბრექსიტით“ – ბრიტანეთის გასვლით ევროკავშირიდან. სასაცილო იყო ფრანგი პრეზიდენტის ბრალდება, რომ უკანონო მიგრაციას ხელი „ბრექსიტმა“ შეუწყოო, თუმცა იმავდროულად პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გულის სიღრმეში კმაყოფილი დარჩა: იმიტომ, რომ ლეიბორისტულ მთავრობას ისევ ევროკავშირში დაბრუნება სურს.

ნამდვილად მეგობრულია საფრანგეთის მთავრობა დიდი ბრიტანეთის მიმართ? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ათეულ ათასობით უკანონო მიგრანტი ქვეყნიდან გავაძევოთ და ვაძევებთ კიდეც, მაგრამ საფრანგეთიდან სულ უფრო მეტი შემოდის. უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა დიდ თანხებს ითხოვს, ჩვენი სამხრეთი მეზობელი კი ამ მხრივ ძალიან ცოტას აკეთებს: ვინმე გაიხსენებთ, როდის დააკავეს ფრანგებმა ბოლო ხანებში მიგრანტებით სავსე გემი, ან როდის დასაჯეს ბოლო დროს კონტრაბანდისტები, რომლებიც ხელს უწყობენ არალეგალი მიგრანტების გადაადგილებას? უფრო მეტიც – ბევრი ფრანგი ჩინოვნიკი თვლის, რომ კონტრაბანდისტები „სამშობლოსათვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ“ – საფრანგეთიდან მიგრანტებს დიდი ბრიტანეთისკენ უშვებენ.

კირ სტარმერი მხარს უჭერს პოლიტიკას „რამდენიც [მიგრანტი] მოვიდა, იმდენი წავიდა“ და მას ბრიტანული დიპლომატიის ტრიუმფად თვლის, მაგრამ სინამდვილეში არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. თუ ბრიტანეთიდან იმდენი მიგრანტი მიდის, რამდენიც შემოდის (6%) და შესაბამისად, არალეგალური მიგრაციის დონე იგივე დარჩება. სადაა აქ შეკავების ფაქტორი?

მუსიე ემანუელ მაკრონი მართალი იყო, როცა კირ სტარმერს საყვედურით მიანიშნა – ბრიტანეთი უკანონო მიგრანტებისათვის მიმზიდველ პოლიტიკას ატარებს, მათ სახელმწიფო მაღალ სოციალურ დახმარებას უნიშნავს, უფლებას აძლევს იმუშაონ „ჩრდილოვან ეკონომიკაში“ და ისეთი კანონმდებლობა აქვს, რომელიც დეპორტაციას ართულებს. სწორედ ამით სარგებლობენ უკანონო მიგრანტებიც. ცხადია, ეს ყველაფერი კირ სტარმერმაც კარგად იცის და ამიტომ მისი „გარიგება“ ემანუელ მაკრონთან მნიშვნელოვანწილად უაზრობას წარმოადგენს.
საფრანგეთში ემანუელ მაკრონი უკიდურესად არაპოპულარულია, ქვეყნის მმართველობა არასტაბილურია და კიდევ ერთი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამორიცხული არ არის. ეკონომიკა სატირელ მდგომარეობაშია, მოსახლეობა თავისი მომავალი ბედით შეშფოთებულია.

და მაინც ჩვენი მთავრობა სერიოზულად ეკიდება ფრანგ პრეზიდენტს და ელაქუცება ადამიანს, რომელმაც ასე აურია საქმე. ემანუელ მაკრონის საგარეოპოლიტიკური მიზანი ისაა, რომ გულწრფელად კი არ დაგვიმტკიცოს მეგობრობა, არამედ „დაგვსაჯოს“ კორუმპირებული და დისფუქციური ევროკავშირიდან გასვლის გამო. კიდევ უფრო სულელია ჩვენი კირ სტარმერი, რომელიც ემანუელ მაკრონის ანკესს წამოეგო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: