1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ხალხით სავსე ქუჩები ოლიგარქების წინააღმდეგ” – Der Spiegel
“ხალხით სავსე ქუჩები ოლიგარქების წინააღმდეგ” – Der Spiegel

“ხალხით სავსე ქუჩები ოლიგარქების წინააღმდეგ” – Der Spiegel

408
0

გერმანული გამოცემის „შპიგელის“ (Der Spiegel) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია რეპორტაჟი საქართველოში, თბილისში ჩატარებული მრავალრიცხოვანი მიტინგის შესახებ, რითაც მოსახლეობის მიერ ქვეყნის ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერა იქნა გამოხატული. პუბლიკაციის სათაურია „ხალხით სავსე ქუჩები ოლიგარქების წინააღმდეგ“.

„ათიათასობით ადამიანი გამოვიდა საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში თავიანთი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ბევრ ქართველს განუმტკიცდა რწმენა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. იმავდროულად  მოსახლეობა პროტესტს აცხადებს აგრეთვე იმის გამოც, რომ ევროკომისიამ უკრაინას და მოლდოვას დადებითი რეკომენდაცია მისცა ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დღესვე, საქართველოს კი – საკმაოდ შორეულ პერსპექტივაში“, – ნათქვამია მასალაში.

რეპორტაჟში საუბრობენ მიტინგის მონაწილეები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსს და იქვე ამბობენ, რომ ქვეყანამ რუსეთის მიმართ რაც შეიძლება მეტი დისტანცია უნდა დაიკავოს.

„ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობებია დემოკრატიული და სამართლებრივი რეფორმების განხორციელება, რომლებიც საქართველოში საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ქვეყანამ დღემდე ვერ შეძლო ავტორიტარული მმართველობის ტრადიციების უკუგდება, კვლავ არის კორუფცია და ნათლიმამობა… ბევრი ქართველი პრობლემას ხედავს აგრეთვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის სახითაც“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც ქართველი პოლიტოლოგი სერგი კაპანაძე ამბობს, „ქვეყანას ისევ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომლის აქტივები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია. ალბათ, სწორედ ამიტომ ევროკომისია თავის დადგენილებაში მოიხსენიებს ტერმინს „ეთნოოლიგარქიზაცია“. ამ ადამიანის მოქმედება ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება – იგი ხელისუფლების შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობს, სურს დაიქვემდებაროს მასმედია, გამოდის ოპოზიციის წინააღმდეგ და იჭერს მათ… ეს ყველაფერი არაევროპული მოქმედებაა“.

„საქართველოს რუსეთთან კონფლიქტური ისტორია აკავშირებს. 2008 წლის კავკასიური ომის დროს რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ და მისი სეპარატისტული და იმავდროულად პრორუსული ტერიტორიების აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირება განახორციელეს. ხუთდღიანი ომის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. 

ამას წინათ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ მარიონეტულმა მთავრობამ რუსეთთან იურიდიული გაერთიანება განიზრახა (რეფერენდუმის გზით) და შესაბამისი „დადგენილებაც“ მიიღო, მაგრამ მისი განზრახვა დაგმო როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ასევე დასავლეთის ქვეყნებმაც. რეფერენდუმის ჩატარების განზრახვა გაუქმებულად ჩაითვალა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

წყარო