1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კელი დეგნანს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა – ნედ პრაისი
კელი დეგნანს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა – ნედ პრაისი

კელი დეგნანს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა – ნედ პრაისი

264
0

კელი დეგნანი და მისი გუნდი მოწადინებულია, იმუშაოს ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ელჩს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

“სანამ კითხვებზე პასუხზე გადავალ, მინდა ვთქვა: როგორც იცით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა რეფორმების ჯგუფთან ერთად, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს. 

 

ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას.

 

თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ამ მიზნისკენ სწრაფვაში. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ჩვენს საელჩოში, თბილისში მოწოდებულია, იმუშაოს ქართველ ხალხთან ერთად მათი ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საერთო მიზნების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას. 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება.

 

დღეს შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა, რაც შეიძლება მალე, დაასრულოს პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში და უზრუნველყოს მშვიდობიანი მომავალი მთელი რეგიონისთვის. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია.”  – აღნიშნა პრაისმა.