ისრაელი პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივ აღიარებას არ დათანხმდება -ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელი პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივ აღიარებას არ დათანხმდება, – ასე გამოეხმაურა ბენიამინ ნეთანიაჰუ გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო საზოგადოება პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივად აღიარებას განიხილავს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე ყურადღება კაბინეტის სხდომაზე გაამახვილა და მას საერთაშორისო დიქტატი უწოდა.
„იმ შენიშვნების ფონზე, რომელიც ბოლო დროს გაისმა საერთაშორისო საზოგადოებაში ისრაელისთვის პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივად აღიარების თავს მოხვევის მცდელობის შესახებ, დღეს მთავრობას დასამტკიცებლად წარვუდგენ ამ საკითხზე დეკლარაციულ გადაწყვეტილებას.
დარწმუნებული ვარ, რომ იგი ძალიან ფართო მხარდაჭერას მიიღებს. ისრაელი აბსოლუტურად უარყოფს საერთაშორისო დიქტატს პალესტინელებთან მუდმივი შეთანხმების შესახებ. ასეთი შეთანხმება მიიღწევა მხოლოდ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებით, წინაპირობების გარეშე. ისრაელი გააგრძელებს პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარებისთვის წინააღმდეგობის გაწევას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.