„დიდ ბრიტანეთში უკრაინის დროშები სახელმწიფო და საზოგადოებრივ შენობებზე 2022 წლიდანაა გამოფენილი, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან. მე ამას არასწორად ვთვლი“, - წერს ჩარლზ მური, ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: "დროშები და პლაკატები ნიღბავს იმ საფრთხის რისკს, რომ "დღევანდელი ადოლფ ჰიტლერის" - პუტინის მიმართ შეიძლება ნევილ ჩემბერლენის პოლიტიკა განმეორდეს“, რომელშიც ბრიტანული პოლიტიკის უკრაინული მიმართულებაა განხილული. მასალაში უკრაინის ირგვლივ შექმნილი ამჟამინდელი სიტუაცია შედარებულია 1938 წლის მდგომარეობასთან, როცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ნევილ ჩემბერლენი იყო - „მიუნჰენის გარიგების“ ერთ-ერთი მონაწილე.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
დროშის გამოფენა-დაკიდება იმიტომ კი არ მომწონს, რომ უკრაინის ინტერესებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს - ჩვენს ოჯახს სუსექსში უკრაინის დროშა დიდი ხანია გამოფენილი აქვს და უკვე ორჯერ შევცვალეთ, რადგან ქარისა და წვიმების გამო დაზიანდა. დროშის გამოფენა არასწორია ორი ძირითადი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, რომ დროშები სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებების შენობებზე უნდა აღნიშნავდეს მათ მუდმივ დანიშნულებას და იმ ხელისუფლებას, რომლის სახელითაც ისინი მოქმედებენ - მაგალითად, ბუკინგემის სასახლეზე ბრიტანეთის სახელმწიფო დროშა („იუნიონ ჯეკი“) ფრიალებს, ხოლო როცა იქ მეფე იმყოფება - მეფის შტანდარტია აღმართული. იყო ისეთი პერიოდიც - ყველას გვახსოვს - როცა ბრექსიტამდე ჩვენს სახელმწიფო დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშაც ფრიალებდა, თუმცა ბევრ ჩვენგანს ამის დანახვა საშინლად არ სიამოვნებდა: ეს ბუნებრივიცაა, რადგან აშკარად ორი ხელისუფლების ქვეშ ვცხოვრობდით.
მეორე შეცდომა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ უკრაინის დროშის დემონსტრირებას არაგულწრფელად ვახდენთ. რა თქმა უნდა, დროშის გამოფენით ჩვენ ვაფიქსირებთ ბრიტანეთის საზოგადოების აზრს უკრაინის მიმართ, მაგრამ რეალურად ამაში მთავრობის პოლიტიკა არ აირეკლება. დროშის გამოფენა არის ვიზუალური ეკვივალენტი იმ ლოზუნგისა, რომლითაც ჩვენი პერმანენტულად ცვალებადი მთავრობები სარგებლობენ - ვთქვათ, „ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც საჭირო იქნება“. არადა, ჩვენ არასოდეს არ დაგვიანგარიშებია, თუ რა და რამდენი დაჭირდებოდა უკრაინას და მით უმეტეს, არასოდეს არ ვცდილობდით ამის მიღწევას.
ახლაც კი, როცა სულ უფრო ხშირად ხდება ოფიციალურ დონეზე იმის აღიარება, რომ რუსეთი ემუქრება ჩვენს წყალქვეშა კაბელებს, კიბერუსაფრთხოებას, ჩვენს საჰაერო სივრცეს, ენერგიისა და მარცვლეულის ექსპორტს, ემუქრება ჩვენს მოკავშირეებს და ჩვენი არჩევნების ჩატარებასაც კი, ვამბობთ, რომ თავდაცვის ხარჯები შექმნილი სიტუაციის ადეკვატური მხოლოდ 2030 წლისათვის თუ იქნება. არადა, იმ დროისთვის პუტინის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკვე ორჯერ ხანგრძლივი იქნება, ვიდრე პირველი მსოფლიო ომი.
გასულ ხუთშაბათს ჟურნალისტმა პიტერ ლოუსონმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის მიმართ გრძელვადიან თანმიმდევრულ მტრობაში და მისი მოქმედების მოტივების სიმდაბლეში ამხილა. ვლადიმერ პუტინისადმი გამოხატული სიმპათიების გამო დონალდ ტრამპი, რა თქმა უნდა, დასავლელ ლიდერებს შორის ყველაზე უარესია. მისი ქცევა ვოლოდიმირ ზელენსკის დამცირების მიზნით, რომელიც შარშან ოვალურ კაბინეტში მოხდა, დარჩება როგორც ყველაზე ამაზრზენი საჯარო მოქმედება ერთი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერისა მეორეს მიმართ, რაც კი მე ჩემს ცხოვრებაში მინახავს.
მიმდინარე კვირაში დონალდ ტრამპი ანალოგიურ თემებს ისევ დაუბრუნდა: რუსეთთან დიზელის გარიგების დადებით კრემლს სანქციები შეურბილა და განაცხადა, რომ „დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“. ყოველ საკვანძო მომენტში აშშ-ის პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ ომის დაწყება უკრაინის ბრალია, რომ უკრაინა დასავლეთს ენერგორესურსებს ართმევს და რომ სწორედ უკრაინა ამბობს უარს მშვიდობის დამყარებაზე. ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ვლადიმერ პუტინმა დაარღვია „ენერგოობიექტების მიმართ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მაგრამ დონალდ ტრამპმა ამაში ვოლოდიმირ ზელენსკი დაადანაშაულა, რომელიც, პირიქით, შეთანხმების პირობებს იცავდა. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ამერიკელი ლიდერი იმასაც გამოგვიცხადებს, რომ 1940 წლის მაისში გერმანიაში ბელგიის არმია შეიჭრა და არა პირიქით.
აშშ-ის მოქმედების გამო მიმდინარე კვირაში რუსეთმა უკრაინა საკმაოდ დააზარალა, ბევრი ადამიანი დაიღუპა. დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის უცნაური გარიგების შედეგად, Starlink-ის სიჩქარე ძალიან დაეცა და უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთმანეთთან კავშირი დროულად ვეღარ დაამყარეს რუსული რაკეტებისა და დრონების მოახლოებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, უკრაინა ვეღარ მიიღებს ახალ ამერიკულ რაკეტებს „პეტრიოტის“ საზენიტო კომპლექსებისათვის. შესაბამისად, პაბლო პიკასოს ცნობილი ნახატის „გერნიკის დაბომბვის“ მსგავსად, უკვე შეიძლება იგივე კიევის მიმართაც დაიხატოს.
ჭეშმარიტად შემაძრწუნებელი და შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ თავისუფალი დასავლეთის ლიდერი გაურიგდა იმ ადამიანს, რომელსაც თავისუფლების დათრგუნვა სურს.
მაგრამ ვაღიარებ, როცა ირლანდიელი გვარდიელების საპატიო ყარაული დავინახე ლონდონში, დაუნინგსტრიტზე, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ენდი ბერნემის შეხვედრის დროს, ბრიტანული დროშით, ოთხშაბათს, მე თავში არ მომსვლია აზრი, რომ „კიდევ კარგი, დიდი ბრიტანეთისათვის უკრაინისადმი დახმარება სულ ერთი არ არის“. მე, უბრალოდ, მწუხარებით ამოვიოხრე, რადგან ვიგრძენი, რომ ეს იყო კიდევ ერთი უსარგებლო ჟესტი, კიდევ ერთი ბოროტად სარგებლობა სახელმწიფოს სიმბოლოთი. სამწუხაროდ, ჩვენ ძველებურად ვერ ვაცნობიერებთ და არასერიოზულად ვეკიდებით იმას, რაც ევროპის მთელ კონტინენტს უნდა ადარდებდეს, თუ მას მშვიდობა და მტკიცე უსაფრთხოება სურს.
იყო დრო, როცა სკოლის ყოველმა მოსწავლემ იცოდა, რა თქვა 1938 წლის სექტემბერში დიდი ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ნევილ ჩემბერლენმა: „რა საშინელი, ფანტასტიკური და წარმოუდგენელია, რომ ჩვენ აქ თხრილებს ვთხრით და გაზის ნიღბებს ვიკეთებთ იმის გამო, რომ შორეულ ქვეყანაში [ჩეხოსლოვაკიაში] ჩვენთვის უცნობი ადამიანები ერთმანეთს ექიშპებიან“. სწორედ ეს აზრი ჰქონდა საფუძვლად ადოლფ ჰიტლერის დამშვიდებას და რამდენიმე დღის შემდეგ მიუნხენის საბედისწერო შეთანხმების დადებას.
მას შემდეგ ბრიტანელი პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ნევილ ჩემბერლენის მიერ დაშვებული შეცდომა აღარ გაიმეორონ, მაგრამ ზოგჯერ მათი მოქმედება (ან უმოქმედობა) მათივე სიტყვებს ეწინააღმდეგება. მისტერ ენდი ბერნემმა თქვა, რომ იგი ურყევია უკრაინის მხარდაჭერაში, მაგრამ რამდენად სანდოა მისი სიტყვები? სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი მანჩესტერის ყოფილი მერია, პრემიერ-მინისტრი ნევილ ჩემბერლენი კი, თავის მხრივ, ბირმინჰემის ყოფილი მერი იყო. ალბათ, ენდი ბერნემის სულის სიღრმეში იგივე კითხვა ცოცხლობს: „რა ჩვენი საქმეა, იქ რაც ხდება, სადღაც საზღვარგარეთ, ჩვენგან შორს?“.
ეს კითხვა, რასაკვირველია, გამოძახილს პოულობს ბრიტანელ ამომრჩევლებშიც. თანამეროვე კავშირგაბმულობის პირობებშიც კი ბევრს უკრაინა შორეულ ქვეყნად ეჩვენება - ისევე როგორც ჩეხოსლოვაკია 90 წლის წინათ. მაგრამ განსხვავება აშკარაა: „ჩვენთვის უცნობი ადამიანების ქიშპობამ“ გავლენა ჩვენზეც მოახდინა - იმიტომ, რომ ჰიტლერს განზრახული ჰქონდა მთელი ევროპის ხელში ჩაგდება, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით.
იმავე კითხვაზე პასუხის გაცემა დღესაც შეიძლება: ისევე როგორც ჰიტლერი ვერსალის 1919 წლის ხელშეკრულების შემდეგ, პუტინიც არასოდეს არ ეთანხმებოდა არსებულ ევროპულ წესრიგს - იმიტომ, რომ კრემლი თვლის: ევროპული წესრიგი რუსეთს დაანგრევს. ვლადიმერ პუტინისათვის ცივი ომის შედეგად საბჭოთა კავშირის დაშლა (რომელსაც იგი მეფის რუსეთის იმპერიად აღიქვამს - მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტი იყო) უდიდეს კატასტროფას ნიშნავს, რისთვისაც შურისძიება და რევანშია საჭირო.
აქედან გამომდინარეობს ის, რომ უკრაინა ვლადიმერ პუტინის ერთადერთ სამიზნეს არ წარმოადგენს და მის გეგმებში კიდევ უფრო მეტის მოპოვება დევს. 2022 წელს იგი უხეშად შეცდა გათვლებში და ეგონა, რომ მიზანს იოლად მიაღწევდა, მაგრამ მისთვის შეცდომა არც ისტორიულ მიზნის შეცვლას არ ნიშნავს და არც წინსვლის შეჩერებას.
იმ ქვეყნებში, რომლის შესახებაც ჩვენ კიდევ უფრო ნაკლები რამ ვიცით, ვიდრე უკრაინის მიმართ - მოლდოვაში, საქართველოში - პუტინი აქტიურად ცდილობს მთელი სახელმწიფო ხელისუფლების დესტაბილიზებას [მხარს უჭერს სეპარატისტულ რეგიონებს]. როცა იგი დასავლეთისაკენ იყურება, მუდმივად ამოწმებს თავის ნატოელ მეტოქეებს - ეშმაკისეული სტომატოლოგის მსგავსად, პუტინი ახალ-ახალ „ხვრელებს“ ეძებს და პოულობს. მისი რაკეტები და დრონები სხვა სახელმწიფოების საჰაერო სივრცეში იჭრებიან, არქტიკიდან და ბალტიკიდან კი რუსული წყალქვეშა ნავები ლა-მანშის სრუტეში შედიან და სიტუაციას ზვერავენ.
ზოგიერთი სკეპტიკოსისთვის დღევანდელი სიტუაციის 1930-იანი წლებისთვის შედარება საეჭვოა. მაგრამ წარსულში მომხდარი წყენის საფუძველზე გატარებული პოლიტიკა, მისი ფსევდოისტორიული ეთნონაციონალისტური გამართლება და დიდი ომის საფრთხე გარკვეულ მსგავსებას მაინც ქმნის. 1930-იან წლებშიც იგივე ხდებოდა - გაუბედავი რეაქცია მდიდარი და თვითკმაყოფილი (ზოგჯერ კორუმპირებული) დასავლელი ლიდერებისა, რომლებიც საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი არ იყვნენ, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ ნაცისტებისათვის. ნერონი ვიოლინოზე უკრავდა, სანამ რომი იწვოდა. თანამედროვე ბრიტანეთშიც ჩვენ ნებას ვაძლევთ ადამიანებს „ითამაშონ“ პირადი კეთილდღეობით ჩვენი თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ.
შეიძლება იმის მტკიცებაც, რომ პუტინი ჰიტლერზე უფრო ჭკვიანია და რომ იგი უფრო მომთმენი ადამიანია. იგი ხელისუფლებაში ორჯერ უფრო მეტი დროის განმავლობაში იმყოფება გერმანელ ფიურერთან შედარებით. მანამ, სანამ უკრაინაში სიტუაცია რთულდებოდა, იგი საკმაოდ ნელა მოქმედებდა, რათა მეზობლის სიფხიზლე მოედუნებინა ისე, როგორც ეს ყირიმთან დაკავშირებით განახორციელა - ნახევარკუნძულის ოკუპირება 2014 წელს..
პუტინის რწმენა შეიძლება ფანატიკური იყოს, მაგრამ იგი მშვენივრად აცნობიერებს იმას, რომ ევროპა, ბრიტანეთის ჩათვლით, პასიური ჩაურევლობის პოზიციას დაიკავებს. მას ულმობლობის გამოვლენაში - სამოქალაქო ობიექტების, სამედიცინო ცენტრებისა და სამგზავრო სარკინიგზო შემადგენლობების დაბომბვაში, ბავშვების გატაცებასა და „ტვინების გამორეცხვებში“ დონალდ ტრამპიც ეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის მსხვერპლის დიდი რაოდენობა საკმაო საფუძვლად ითვლება დასავლეთის აუცილებელი ჩარევისათვის, ეს ის არგუმენტი არ არის, რითაც სახელმწიფო შეიძლება დაარწმუნო. სწორი არგუმენტი იმაში გამოიხატება, რომ თუ ჩვენ ვლადიმერ პუტინს არ შევაჩერებთ, მთელი ჩვენი კონტინენტი წააგებს. ამჟამად დასავლეთევროპელი ლიდერების უმრავლესობას ეს გონებრივად ესმით, მაგრამ სულის სიღრმეში ამის დაჯერება მაინც არ სურთ. ისევე როგორც 1939-1940 წლებში, ევროპელები აშშ-ის გარეშე დარჩნენ. მაგრამ იმ დროისაგან განსხვავებით, სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ არცერთი დიდი ევროპული სახელმწიფო [დიდი ბრიტანეთის ჩათვლით) წინააღმდეგობის გასაწევად არ ემზადება.
წყარო:
