საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მძიმე ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია და ადამიანების უბედურებით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობას წარმოადგენს.

"მსგავსი ტრაგედიების პოლიტიკურ ჭრილში განხილვა და ამ თემით სპეკულირება ოპოზიციის რეალურ სახეს აჩვენებს, რასაც საზოგადოება შესაბამისად შეაფასებს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში მომხდარი მძიმე ტრაგედიების პოლიტიზებას და მათი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად გამოყენებას ცდილობენ.

"სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში მომხდარი მძიმე ტრაგედიებით პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობენ. სრულიად მიუღებელია, როდესაც ადამიანების უბედურება პოლიტიკური განცხადებებისა და დღის წესრიგის შექმნის საშუალებად იქცევა. ასეთ დროს, ნაცვლად თანაგრძნობისა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისა, ისინი მომხდარის პოლიტიზებას ცდილობენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ რეალურ სახეს და იმ მორალურ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფებიან. საბოლოოდ, საზოგადოების გადასაწყვეტია, როგორ შეაფასებს მათ ამგვარ დამოკიდებულებასა და ქმედებებს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.