საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები იმდენად არასერიოზული და უპასუხისმგებლოა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თავად ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივას.
„ევრონიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას, მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა ინიციატივაზე, რომელიც ევროკავშირის ახალ წევრებს ათწლიანი გამოსაცდელი პერიოდის გავლას ავალდებულებს. ამ პერიოდში დარღვევების შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყანას ხმის უფლება შეუჩერდეს.
„ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი გადაწყვეტილება. ხან 15-წლიან და ხან 10-წლიან საგამოცდო ვადაზე საუბრობენ. ხან აანონსებენ, კანდიდატ ქვეყანას თუ უნდა გაწევრიანება, მაშინ ურთიერთობა უნდა აიკრძალოს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციასთან, მსგავსი იმდენად არასერიოზული განცხადებებია, რომ პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებენ, სურთ თუ არა რეალური გაფართოება, რეალური კითხვა ამაში მდგომარეობს.
ყველაზე კარგი მაგალითია უკრაინა. მათ ბევრჯერ ჰპირდებოდნენ, რომ დაჩქარებული წესით უნდა ყოფილიყო 2022 წლის შემდეგ სამჯერ თუ ოთხჯერ გაწევრიანებული ევროკავშირში. დღესაც ეუბნებიან, რომ გაურკვეველია, რა ვადაში შეიძლება, უკრაინის გაწევრიანებაზე დაიწყოს მსჯელობა. შესაბამისად, ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებები, უპასუხისმგებლო პოზიცია და არა მგონია, რომელიმე კანდიდატი ქვეყანა იყოს კმაყოფილი იმით, რასაც ახლა ევროკავშირი აანონსებს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
