
“იაკობაშვილის განცხადება “სამარცხვინო, კატასტროფული, დამაზიანებელი იყო”-მამუკა ყურაშვილი
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უნდა მოეწვიათ თემურ იაკობაშვილი, უნდა ყოფილიყო კონფლიქტის ზონაში, ცხინვალში და ჩაენიშნათ აუცილებლად სხდომა, – ამის შესახებ 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, მამუკა ყურაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა ყურაშვილს ჰკითხა, რამდენად ხშირად დადიოდა კონფლიქტის ზონაში თემურ იაკობაშვილი, რომელიც იმ დროს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
მამუკა ყურაშვილის თქმით, იაკობაშვილი სულ ერთხელ იმყოფებოდა კონფლიქტის ზონაში.
ამასთან, სუბარმა მიმართა ყურაშვილს: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომლის მოვალეობა იყო, იქ ყოფილიყო დღე და ღამე, ერთხელ იყო ჩასული მთელი მისი მინისტრობის განმავლობაში, თუმცა კარგად გვახსოვს მისი განცხადებები, „ესკაკა“, „ისკაკა“ და არავითარი „ესკაკა“ არ იქნებაო. თქვენი აზრით, რამდენად დამაზიანებელი იყო, ეს განცხადება?“ რაზეც მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ იაკობაშვილის განცხადება „სამარცხვინო, კატასტროფული, დამაზიანებელი იყო. აბუჩად აგდების ტონს ატარებს და ყოვლად მიუღებელია“.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყურაშვილმა ასევე განმარტა, რომ „ესკაკა“ არის საკონტროლო ფორმატის კომისია, რომელიც არის მოსკოვისა და დაგომისის ხელშეკრულებების საფუძველზე შექმნილი, სადაც მხარეებს გამოყოფილი ჰყავთ თანათავმჯდომარეები და „ის არის უზენაესი საბუთი, რომელიც ადგილზე მიიღება, მათ გარეშე კი წარმოუდგენელია მოქმედება“.