გვარამიას განცხადება და „მაკკეინის ინსტიტუტის“ სცენარი ერთმანეთთან კავშირშია, მაქსიმალური არეულობისთვის ემზადებიან, მაგრამ არ გამოუვათ, ხალხი ბრძენია – ირაკლი კირცხალია
გვარამიას განცხადება და „მაკკეინის ინსტიტუტის“ სცენარი ერთმანეთთან კავშირშია, მაქსიმალური არეულობისთვის ემზადებიან, მაგრამ არ გამოუვათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას კითხვა დაუსვეს პარტია „ახალის“ ლიდერ ნიკა გვარამიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცესკო? ცესკო სულ იტყუება, მთავარია, ხალხი რას გრძნობს“.
ირაკლი კირცხალიას თქმით, გვარამიას განცხადება კიდევ ერთი თვითლუსტრაცია, რომ, რეალურად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ 26 ოქტომბრისთვის არ ემზადება.
„ისინი ქვეყნის შიგნით საარჩევნო კამპანიასაც ვერ მართავენ და ვხედავთ, რომ თავიანთი პატრონებისა და ლობისტების განცხადებებზე არიან დამოკიდებული. გვარამიას განცხადება და „მაკკეინის ინსტიტუტის“ სცენარი ერთმანეთთან კავშირშია. ნურას უკაცრავად, მათი პატრონების ილუზიები 26 ოქტომბერს დამთავრდება, როცა ნახავენ, რა ანგარიშით წააგებს მავნებლების გაერთიანება. გვარამია გამოცდილია დესტრუქციაში, არეულობაში, არასახელმწიფოებრივ ქმედებაში. 2020 წელს გვარამია პარტიულ ტელევიზიაში მუშაობდა და პარტიას მოძღვრავდა, როცა თქვა, რომ მნიშვნელობა ობიექტურ ფაქტებს კი არ ჰქონდა, არამედ აღქმებს. აღქმების დრო დამთავრდა, ხალხი რეალობას უყურებს. მათ იციან, რომ შანსი აქვთ ნული. მაქსიმალური არეულობისთვის ემზადებიან, მაგრამ ამ ქვეყანაში არეულობა არ გამოუვათ. ხალხი ბრძენია, არჩევნებზე ისეთი ანგარიში იქნება, ვერანაირი მზაკვრული გეგმა მზადყოფნაში ვერ მოვა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.