Financial Times-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით, წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს easyJet-ი და British Airways-ი იწყებენ.
„აპრილიდან თბილისის მიმართულებით easyJet-ი იფრენს, აქამდე აღმოსავლეთით ყველაზე შორ დისტანციაზე easyJet-ი ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ჟენევამდე და მილანამდე დაფრინავდა. ამასობაში British Airways-იც განაახლებს ფრენებს ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით. ბოლო ფრენა ავიაკომპანიამ თბილისისკენ 2013 წელს შეასრულა. ამ დრომდე დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არის“, – წერს Financial Times-ი.
სტატიის ავტორი მკითხველს საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილების მონახულებას ურჩევს.
„საქართველოში მოგზაურობისას შეგიძლიათ, გაეცნოთ ამ ქვეყნის მომხიბლავ დედაქალაქს, ასევე სამთო რეგიონებს, შეგიძლიათ ეწვიოთ ყაზბეგსა და სვანეთს“, – წერს Financial Times-ი.
ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.