„ევროპა უფრო მდიდრულად ცხოვრობს, ვიდრე ამისთვის შემოსავლები აქვს. მოვიდა ანგარიშების გასწორების დრო - მთავრობას და მოსახლეობას ვალების გადახდა უწევს", - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში" (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც გაანალიზებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ამჟამინდელი არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
მასალაში საუბარია რიგ პრობლემურ საკითხებზე: რატომ გამოდის მოსახლეობა მთავრობების ფინანსური პოლიტიკის წინააღმდეგ? რა უშლის ხელს დაბალანსებული ბიუჯეტების მიღებას რიგ ევროპულ სახელმწიფოებში? რატომ ხდება, რომ მოქალაქეთა უმრავლესობას სახელმწიფოს ფინანსური მდგომარეობის მოწესრიგება სურს, მაგრამ იმავდროულად წინააღმდეგნი არიან, რომ ეს მათ ხარჯზე მოხდეს?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ევროპის ქალაქების ქვაფენილებიან, მოკირწყლულ მოედნებს ჯერ კიდევ აქვთ კვალი შემორჩენილი იმ მღელვარებისა, რომელიც ამ შემოდგომაზე გადაიტანეს. მათ კარგად ახსოვთ პოლიციის მანქანების სირენების ხმა და მაღაზია-კაფეების ჩალეწილ ვიტრინათა ნამსხვრევების ზრიალი.
კონტინენტი განიცდის ერთ-ერთ ისეთ პერიოდულ შეტევას, როცა საპარლამენტო პოლიტიკა სოციალურ უკმაყოფილობას ძლივ-ძლივობით უმკლავდება. საფრანგეთსა და გერმანიაში პროტესტები განათლების სფეროში არასაკმარისი ინვესტიციების გამო დაიწყო. ესპანეთში და იტალიაში - საბინაო კრიზისით. მთელ კონტინენტზე შეინიშნება უკმაყოფილება ფასების ზრდით. საერთო ძირითადი პრობლემა გამოიხატება შემდეგში: ბევრ ევროპელს სურს სახელმწიფო ხარჯების გადიდება ისეთ დონემდე, რომლის დაკმაყოფილება ხელისუფლებას უკვე აღარ შეუძლია. პარლამენტებს, სადაც დეპუტატები ერთმანეთს უპირისპირდებიან და პოპულისტ პოლიტიკოსებს პრობლემების მოგვარება პრაქტიკულად არ შეუძლიათ.
ათწლეულების განმავლობაში ევროპა თავის მოქალაქეებს უჩვეულოდ კომფორტულ დონეს სთავაზობს სოციალური შეღავათებისა და ჯანდაცვის მხრივ. ევროკავშირის ქვეყნები სახელმწიფო პენსიებზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 10%-ს ხარჯავენ (ანუ, საშუალოდ, თითქმის ორჯერ მეტს, ვიდრე ამერიკაში). ევროკავშირში სახელმწიფო სოციალურ ხარჯებზე მშპ-ის თითქმის 30% იხარჯება (აშშ-ში ეს მაჩვენებელი 20%-ზე ნაკლებია). გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა ერთხელ უკმაყოფილოდ აღნიშნა, რომ „ევროპის მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 7%-ს შეადგენს და ამ დროს მათ ყველაზე მაღალი და ფართო სოციალური გარანტიები აქვთ მსოფლიოში. შესაბამისად, ევროპას ძალიან დიდი შრომა მოუწევს თავისი კეთილდღეობისა და ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად".
ზოგიერთმა სახელმწიფომ, განსაკუთრებით გერმანიამ და სკანდინავიურმა ქვეყნებმა, რთული სამუშაო გაწიეს და სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახადეს, თუმცა მდიდარი გერმანიაც კი ახლა სოციალური ხარჯების კრიზისს განიცდის. ვეროკავშირის რიგი ქვეყნები, მოსახლეობის სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად, წლების განმავლობაში „იოლ" გზას მიმართავდნენ და სესხებს იღებდნენ: ხუთ ქვეყანას, მათ შორის საფრანგეთს, იტალიასა და ესპანეთს, სახელმწიფო ვალის დონე მშპ-ის 100% ან უფრო მეტი აქვს. ათი ქვეყანა, მათ შორის ბელგია, საფრანგეთი და იტალია ახლა ევროკავშირის „გადაჭარბებული დეფიციტის აღმოფხვრის პროცედურას" ექვემდებარებიან. ასეთი სტატუსი ქვეყნისათვის არცთუ სასიამოვნოა და რეპუტაციული ზიანის მომტანია: პროცედურა ხომ იმიტომ არის შექმნილი, რომ ვალი მშპ-ის 60%-ს არ აღემატებოდეს და ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 3%-მდე შეინარჩუნოს. „პროცედურის" დროს ქვეყნის ბიუჯეტები მოწმდება და მთავრობებს წინადადება ეძლევათ სიტუაცია გამოასწორონ.
ასეთი ქვეყნების მთავრობები სახელმწიფო ვალის მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო რთულ სიტუაციაში ექცევიან. მაგალითად, საფრანგეთმა 2027 წელს სესხებზე 91 მილიარდი ევროს (102 მილიარდი დოლარის) საპროცენტო განაკვეთი უნდა გადაიხადოს, რაც ბევრად მეტია 2026 წლის 79 მილიარდ ევროსთან შედარებით. მთავრობას თეორიულად შეუძლია მოაკლოს თანხები სოციალურ სფეროს და ვალები დაფაროს, მაგრამ მზარდი ფასები და ენერგიის მაღალი ხარჯები პოლიტიკურად ართულებს მოსახლეობისათვის პენსიებისა და სოციალური დახმარების გადასახადების შემცირებას.
პოპულისტების ხმამაღალი განცხადებები ახშობს მათ, ვინც ბიუჯეტის არითმეტიკაზე გონივრულად საუბარს ცდილობს. ევროპულმა სადაზღვევო კომპანია Allianz-მა შეიმუშავა გლობალური „სოციალური მდგრადობის ინდექსი", რათა გაზომოს სხვადასხვა ქვეყნის მოწყვლადობა უწესრიგობების მიმართ. მისი გამოთვლით, 2020-დან 2025 წლამდე გაფიცვების, არეულობებისა და სამოქალაქო არეულობების 70% მოხდა „განვითარებულ ეკონომიკებში... სადაც კეთილდღეობასთან ერთად არსებობს პოლიტიკური პოლარიზაცია და რეფორმების გატარების სუსტი პოტენციალი". ლუდოვიკ სუბრანი, სადაზღვევო კომპანიის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, აღნიშნავს, რომ ეს ნაზავი განსაკუთრებით ფეთქებადია, რადგან ცხოვრების ხარჯების ზრდა უამრავ ადამიანს აზარალებს.
ავიღოთ ბელგია, რომელსაც 2026 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 5%, ხოლო ვალი მშპ-ის 112%-ის ტოლი ექნება. 6 ნოემბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა გადადგომა განიზრახა მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა 2027 წლის ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდა - პოპულისტ-ნაციონალისტმა ლიდერმა ვერ შეძლო ხუთპარტიული კოალიცია დაერწმუნებინა, რომ ვალის დასაფარავად აუცილებელია რაღაც ზომების გატარება, მაგალითად, დანაზოგებზე დღგ-ის (დამატებითი ღირებულების გადასახადის) მცირე გაზრდა. თითქმის იგივე სიტუაციაა ნიდერლანდებში, რომლის ახალგაზრდა ცენტრისტი პრემიერ-მინისტრი, რობ იეტენი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის პირველ უმცირესობის მთავრობას ხელმძღვანელობს და ცდილობს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერაში უმრავლესობა მიიმხროს.
გერმანიაშიც კი, რომელიც ტრადიციულად ფინანსური თვალსაზრისით მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა, კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ სოციალური სახელმწიფო „ხელმისაწვდომი აღარ არის". გასულ წელს გერმანიაში სოციალური ხარჯები 6%-ით გაიზარდა და ამჟამად მშპ-ის დაახლოებით 32%-ს შეადგენს, რაც ორი პროცენტული პუნქტით მეტია კოვიდამდელ დონეზე. პენსიების, ჯანდაცვისა და მსგავსი ხარჯებისთვის დაწესებული სოციალური უზრუნველყოფის გადასახადები მთლიანი ხელფასის დაახლოებით 42%-ს უტოლდება. პროგნოზით, თუ რეფორმა არ გატარდება, ეს მაჩვენებელი 2040 წლისთვის თითქმის 50%-ს მიაღწევს (დამსაქმებლები ამ ხარჯების ნახევარს ფარავენ). ნელი ეკონომიკა და გერმანიის კანონმდებლობით გათვალისწინებული დეფიციტის შემზღუდავი „ვალის მუხრუჭი" ნიშნავს, რომ ფედერალური მთავრობა მძიმე ფისკალურ მდგომარეობაშია: 2030 წლისთვის საჭიროა 100 მილიარდ ევროზე მეტი (კუმულაციური) კონსოლიდაცია ბიუჯეტში, რაც წლიური მშპ-ის თითქმის 1%-ს შეადგენს. გერმანელების დაახლოებით ორი მესამედი თანხმდება, რომ სახელმწიფოს ამჟამინდელი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა ბიუჯეტისათვის მძიმე ტვირთია, თუმცა იმავდროულად მოსახლეობის უმეტესობა ეწინააღმდეგება სოციალური ხარჯების შემცირების შესახებ ყველაზე კონკრეტულ წინადადებებს.
ყველაზე შემაშფოთებელს, რა თქმა უნდა, საფრანგეთში შექმნილი სიტუაცია წარმოადგენს. მთავრობა წლიდან-წლამდე მძიმე ბრძოლა უხდება ბიუჯეტის მისაღებად - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2024 წელს ნაჩქარევად დანიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რამაც საკანონმდებლო ორგანოში მისი ცენტრისტული მმართველი უმცირესობა შეამცირა. პარლამენტის ქვედა პალატა, რომელშიც ოდესღაც მემარცხენეებისა და მემარჯვენეების პარტიები დომინირებდნენ, ახლა სამ მტრულად განწყობილ ბლოკად არის გაყოფილი. ყველაზე ხმაურიანები არიან ჟან-ლუკ მელანშონის პოპულისტური მემარცხენეები და მარინ ლე პენის ასევე პოპულისტური მემარჯვენეები. სხვათა შორის, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, ორივე ფავორიტები არიან პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში და როგორც ჩანს, ისინი 2027 წლის გაზაფხულზე საარჩევნო რბოლის მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. როგორც მიშელ ბარნიე - მემარჯვენე-ცენტრისტული ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატი - ამბობს, საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში შექმნილ ატმოსფეროს „აჯანყებამდელი" ხასიათი აქვს.
ამ ფონზე სებასტიან ლეკორნიუ, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მეოთხე პრემიერ-მინისტრი, ცდილობს რომ პარლამენტმა ბიუჯეტი წლის ბოლომდე მიიღოს. მისი გეგმა, რომელიც ბიუჯეტის დეფიციტს 2026 წლის მშპ-ის 5.4%-დან 2027 წელს 5%-მდე შეამცირებს, 43 მილიარდი ევროს დაზოგვას გულისხმობს. ყველაზე საკამათოა ის, რომ დაზოგვა-ეკონომია ითვალისწინებს პენსიების (ბიუჯეტის ყველაზე მსხვილი პუნქტის) და საჯარო სამსახურის ნომინალური ხელფასების გაყინვას. ოპოზიცია აღშფოთდა და მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა, პროტესტი გამოხატეს პედაგოგებმა და საჯარო სექტორის სხვა თანამშრომლებმა, რომლებიც ანტისამთავრობო მსვლელობებს შეუერთდნენ.
როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ამომრჩევლები სახელმწიფო ფინანსების მოწესრიგებას ითხოვენ, მაგრამ იმავდროულად წინააღმდეგნი არიან, რომ ეს მათ ხარჯზე მოხდეს. გამოკითხვის თანახმად, ფრანგების 85% მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ აუცილებელია სახელმწიფო ვალის შემცირება, მაგრამ 56% ასევე ფიქრობს, რომ საპენსიო ასაკი დაბალი უნდა იყოს. მუსიე მელანშონი და მადამ ლე პენი პირობას დებენ, რომ არა მხოლოდ დაიცავენ პენსიებს, არამედ შეამცირებენ საპენსიო ასაკსაც. ორივე პარტია ეწინააღმდეგება პენსიების შემოთავაზებულ გაყინვას. ფინანსთა მინისტრი როლან ლესკური ამტკიცებს, რომ მთავრობა აუცილებლად მიიღებს ბიუჯეტს, მაშინაც კი, თუ მას სპეციალური კონსტიტუციური ზომების გამოყენება მოუწევს პარლამენტში მის დასამტკიცებლად. „როდესაც ვამბობ, რომ უნდა გავყინოთ პენსიები, ეს არ არის პენსიონერების გასაღიზიანებლად ნათქვამი", - აცხადებს როლან ლესკური, - „უფრო სწორად, ჩემი ნათქვამი ამას ნიშნავს: თუ გვინდა ახალგაზრდებზე მეტი დავხარჯოთ, ამ დანახარჯების გადახდა სხვებს მოუწევთ, მათ შორის პენსიონერებსაც".
ღირსეული სოციალური სახელმწიფო, რომლის მოქალაქეები ღირსეულად გრძნობენ თავს სიბერეში ჯანმრთელობის პრობლემების გადაწყვეტისას და რომლებსაც გაღარიბების შემთხვევაში სახელმწიფო დახმარების ხელს უწვდის, ევროპული იდეისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სუფთა კომფორტული ქალაქები ფეხით გასასეირნებლად და ხანგრძლივი დასვენება. „ბებერი ევროპა", რომელიც კიდევ უფრო ბერდება, ვერ აარიდებს თავს რთული არჩევანის გაკეთებას იმ საკითხში, თუ რა სახით გააგრძელებს მხარდაჭერას მოხუცებისათვის. ამასთან, სამწუხაროა, რომ ევროპა კარგავს ზომიერი გაწონასწორებული დებატების უნარ-შესაძლებლობას პრობლემის მოსაგვარებლად. თუ მთავრობები რთული გადაწყვეტილებების მისაღებად უმრავლესობის ფორმირებას ვერ შეძლებენ, კრიზისის დროს ამ არჩევანის გაკეთებას მათ ობლიგაციების ბაზრები აიძულებს [იგულისხმება ფინანსური ბაზრების ზეწოლა, როდესაც სახელმწიფო ვალის მომსახურება ძვირდება და მთავრობას იძულებითი რეფორმების გატარება უწევს].
