1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე 6-თვიანი ვადა გადაჭარბებულად ცაიტნოტური იყო” – შალვა პაპუაშვილი
“ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე 6-თვიანი ვადა გადაჭარბებულად ცაიტნოტური იყო” – შალვა პაპუაშვილი

“ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე 6-თვიანი ვადა გადაჭარბებულად ცაიტნოტური იყო” – შალვა პაპუაშვილი

188
0

ზოგადად, 6-თვიანი ვადა გადაჭარბებულად ცაიტნოტური იყო, ერთი მხრივ თუ გავითვალისწინებთ იმ საკითხებს, რაც ამ რეკომენდაციებშია და მეორე მხრივ, როდესაც საქართველო ამ რეკომენდაციებს შეასრულებს, საჭიროა, ევროკომისიამაც გარკვეული დრო დაუთმოს ამის გადამოწმებას. ამიტომ, ვფიქრობ, თავი დაიზღვიეს და თავადაც, დრო აიღეს, რათა შეძლებისდაგვარად სრულფასოვნად განიხილონ ეს საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის გეგმები არ შეცვლილა და მათი მხრიდან 12-ვე პუნქტი დეკემბერში იქნება შესრულებული.

„როგორც ვვარაუდობ, იგივე საკითხი შეეხება უკრაინასა და მოლდოვას. იქ უფრო რთულადაა საქმე. მაგალითად, მოლდოვის მიმართ წაყენებული რეკომენდაცია, რომ საჯარო სამსახურის რეფორმა გატარდეს, ვფიქრობ, წარმოუდგენელია ამ 6 თვეში შესრულდეს, ვფიქრობ, იქით უფრო საჭირო იყო დამატებითი ვადები.

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, გეგმები არ იცვლება, წარმოდგენილი გვაქვს მკაფიო გრაფიკი. არა მხოლოდ თვეებით, არამედ თარიღებითაა გაწერილი, სადაც ჩაწერილია, როდის დაინიცირდება და მესამე მოსმენით მიიღება. ამ 12 პუნქტიდან, ყველა საკითხი, ჩვენი მხრიდან დეკემბერში სრულდებოდა. ორი საკითხი იყო ჩვენს გრაფიკში – სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, რომელთა ინიცირება ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისში მოხდება, შემდეგ ვაგზავნით ვენეციის კომისიაში, ამის შემდეგ გააგრძელებს პარლამენტი მიღებას. აქ ჩვენ დამოკიდებული ვართ ვენეციის კომისიაზე, რომ 6 თვის ვადაში ჩავეტიოთ.

მთავარი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – ესაა ევროპული პერსპექტივა, რომელიც სამივე ქვეყანას მიენიჭა. ესაა მთავარი ხელჩასაჭიდი მიღწევა, რომელიც სამივე ქვეყანას აქვს – არა იმდენად კანდიდატის სტატუსი, რამდენადაც ევროპული პერსპექტივა, რომელიც წარმოადგენს აღიარებას, რომ ევროკავშირი მზადაა ეს სამი წევრი საკუთარ რიგებში მიიღოს ამ პროცედურების გავლის შემდეგ. ეს მთავარი მონაპოვარი გვაქვს, სხვა დანარჩენი – კანდიდატის სტატუსის შემდეგ მოლაპარაკების დაწყება, წლების პროცესია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.