1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ეს არ ნიშნავს იძულებას, მაგრამ იმ კლუბის წესებით უნდა ითამაშო, რომელშიც გსურს მოხვედრა – ჯიმ ო’ბრაიენი
ეს არ ნიშნავს იძულებას, მაგრამ იმ კლუბის წესებით უნდა ითამაშო, რომელშიც გსურს მოხვედრა – ჯიმ ო’ბრაიენი

ეს არ ნიშნავს იძულებას, მაგრამ იმ კლუბის წესებით უნდა ითამაშო, რომელშიც გსურს მოხვედრა – ჯიმ ო’ბრაიენი

52
0

ვფიქრობთ, ვადასტურებთ ჩვენს პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმებს, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას. ეს იყო გასულ კვირას ჩემი ვიზიტის მთავარი გზავნილი, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჯიმ ო’ბრაიენს კითხვა დაუსვეს, ცვლის თუ აშშ საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკას, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უპასუხა, რომ საკითხი ეხება იმას, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა, შეცვალოს ის, რაც ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას ნიშნავს და არა იმას, იცვლება თუ არა აშშ-ის პოლიტიკა.

„ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს კონკრეტული კანონი, მის გარშემო არსებული რიტორიკა და მომიტინგეების მიმართ ძალადობა არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატო-ში წინსვლის არჩევანს. მე მქონდა ძალიან დეტალური საუბრები მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან იმ კონკრეტულ გზებზე, რომლითაც შემოთავაზებული კანონი, რაც, ვფიქრობთ, შეუთავსებელია იმ გზასთან, რომელიც საქართველომ თავისთვის დასახა. ვენეციის კომისია, ევროპის ორგანო, რომელიც კომენტარს აკეთებს ამ კანონებზე, ამ კვირაში გამოვიდა ძალიან მტკიცე მოსაზრებით, იგივე აზრი გამოთქვა. საკითხი ეხება, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა, შეცვალოს ის, რაც ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას ნიშნავს და არა იმას, იცვლება თუ არა ჩვენი პოლიტიკა“, – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით, ეს არ ნიშნავს იძულებას, რადგან იმ კლუბის წესებით უნდა ითამაშო, რომელშიც გსურს მოხვედრა. მისივე თქმით, განხორციელებული ქმედებები შეუთავსებელია როგორც წევრობისკენ სწრაფვასთან, ისე, რეალურად, წევრობამდე მისვლასთან.

სანქციებზე საუბრისას ჯიმ ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ პერსონალურ სიას არ აქვეყნებენ, რის უფლებასაც კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება არ იძლევა.

„თუმცა, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ ქმედებები, რომლებიც განსაკუთრებულად გვაწუხებს და ეს არის მცდელობა, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიულ პროცესებს, კერძოდ, ძალადობის გამოყენება და დაშინება. Ხოლო თუ როგორ მუშაობს ეს კანონი, ეს ეხება არა მხოლოდ ოფიციალურ პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც. კიდევ ერთხელ, ეს არ არის იძულების ტაქტიკა. ეს არის განცხადება, რომ ჩვენს საზოგადოებაში თუ გსურთ, იყოთ, მათ შორის, ისარგებლოთ ისეთი რამით, როგორიც არის, თუ სად დადიან თქვენი ბავშვები სკოლაში, მაშინ თქვენ უნდა დაიწყოთ ამ საზოგადოების წევრივით მოქცევა. სულ ეს არის, რასაც ვამბობთ“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.