1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ექსპერტების გაფრთხილება: უკრაინისათვის ნატოში გასაწევრიანებლად „ხიდის“ შეთავაზება შეიძლება საფრთხის მომტანი აღმოჩნდეს – რას წერს უცხოური პრესა
ექსპერტების გაფრთხილება: უკრაინისათვის ნატოში გასაწევრიანებლად „ხიდის“ შეთავაზება შეიძლება საფრთხის მომტანი აღმოჩნდეს – რას წერს უცხოური პრესა

ექსპერტების გაფრთხილება: უკრაინისათვის ნატოში გასაწევრიანებლად „ხიდის“ შეთავაზება შეიძლება საფრთხის მომტანი აღმოჩნდეს – რას წერს უცხოური პრესა

222
0

ამერიკულმა გაზეთმა „პოლიტიკომ“ (Politico) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ექსპერტების გაფრთხილება: უკრაინისათვის ნატოში გასაწევრიანებლად „ხიდის“ შეთავაზება შეიძლება საფრთხის მომტანი აღმოჩნდეს“ (ავტორი – მეთ ბერგი), რომელშიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვაშინგტონის სამიტის წინ შექმნილი ვითარებაა განხილული.


გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:


ნატოში უკრაინის სამომავლო წევრობის შესაძლებლობა, ალიანსის ვაშინგტონის სამიტის წინ, ცხარე დისკუსიის საგანი ხდება.


საგარეო პოლიტიკის ათობით ექსპერტმა 3 ივლისს ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს, რომ სამიტის დროს თავი აარიდონ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღების საკითხის განხილვას და გამაფრთხილებლად განაცხადეს, რომ სამხედრო ბლოკში უკრაინის სავარაუდო მიღების მიზნით „ხიდების“ შეთავაზება და სხვა მსგავსი ქმედებები საფრთხეს შეუქმნის როგორც აშშ-ს, ასევე მის მოკავშირეებს და ორგანიზაციაში განხეთქილებას გამოიწვევს. ექსპერტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის მტკიცებით, თუ უკრაინა ნატოში იქნება მიღებული, მაშინ წესდების (ხელშეკრულების) მე-5 პუნქტის ძალით, ნატომ რუსეთს ომი უნდა გამოუცხადოს.


თითქმის 60 ექსპერტისათვის არგუმენტი მე-5 პუნქტის ამოქმედების საფრთხის შესახებ ფრიად მნიშვნელოვანია და ამიტომ ისინი ცდილობენ თავიანთი ხმა სამიტის მონაწილეებს მიაწვდინონ.


„ნატო რაც უფრო მეტად ცდილობს უკრაინისათვის კიდევ ერთი დაპირების მიცემას ალიანსში გაწევრიანების მიზნით, მით უფრო მეტ სტიმულს აძლევს რუსეთს ომის გასაგრძელებლად“, – ნათქვამია წერილში, რომელიც „პოლიტიკოს“ რედაქციამაც მიიღო, – იმ გამოწვევებს, რომლებსაც რუსეთი ქმნის, შეიძლება წინააღმდეგობა გავუწიოთ ისე, რომ უკრაინა ნატოში არ იქნას მიღებული“.


„უკრაინის ხელშეწყობას ალიანსში გასაწევრიანებლად, დიდი ალბათობით, უსიამოვნო და ნეგატიური შედგები მოჰყვება“, – აღნიშნავენ ექსპერტები, – უკრაინა უკვე რეალურად გადაიქცევა მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი ბირთვული სახელმწიფოს დაპირისპირების არენად“ და ფაქტობრივად დაადასტურებს ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთი მართლაც დასავლეთს ებრძვის.


წერილი მომზადდა აშშ-ის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტის უილიამ რუგერისა და აშშ-ის კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის სტივენ ვერთჰაიმის მიერ. დოკუმენტს ხელს აწერენ აშშ-ის ქუინსის და კატონის ინსტიტუტების, სთიმსონის ცენტრის, კარნეგის ფონდის თანამშრომლები; კოლორადოს, ტეხასის, ნიუ-იორკის, მასაჩუსეტსის, ტაფტის უნივერსიტეტების მეცნიერები, არიან ხელმომწერები კანადის ონტარიოსა და ტორონტოს უნივერსიტეტებიდან და ა.შ.


მაგრამ არიან ის ექსპერტებიც, რომლებიც წერილზე ხელმომწერ კოლეგებს არ ეთანხმებიან. მაგალითად, „რენდ კორპორეიშენის“ მკვლევრები თვლიან, რომ უკრაინა ნატოს წევრად უნდა იქნას მიღებული, რაც დაადასტურებს დასავლეთის ერთგულებასა და მხარდაჭერას კიევის მიმართ.
რა თქმა უნდა, ანალიტიკური ცენტრების მკვლევრები და უნივერსიტეტის პროფესორები არ არიან ის ადამიანები, რომლებიც ნატოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგრამ მათ ხშირად შეაქვთ თავიანთი წვლილი საგარეო პოლიტიკურ დებატებში, აქვეყნებენ თავიანთ თვალსაზრისებს და აწყობენ დისკუსიებს სხვადასხვა პრობლემის ირგვლივ – ამა თუ იმ მსხვილი ღონისძიების წინ.


ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თავს იკავებს ალიანსში კიევის დაუყოვნებლივ გაწევრიანებაზე, თუმცა ამას წინათ რამდენიმე მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ სამიტზე უკრაინას ერთგვარ „ხიდს“ შესთავაზებენ ალიანსში შესასვლელად. გარდა ამისა, ჩამოყალიბდება ნატოს ახალი მიზნობრივი შტაბ-ბინა უკრაინისათვის გაწეული გრძელვადიანი დახმარების კოორდინირებისათვის.


რასაკვირველია, უკრაინას უნდა ნატოს წევრობა, მაგრამ კიევი ითვალისწინებს რეალობას, ილუზიებში არ არის და არ ელოდება თეთრი სახლის პოზიციის ცვლილებას. უკრაინელებს ყველაზე მეტად უსაფრთხოების გარანტიები სურთ.


ამ მხრივ კიევისათვის აშკარად არის დამაიმედებელი ნიშნები: ნატოს წევრი ქვეყნები დაეთანხმნენ გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თხოვნას, რომ შენარჩუნდეს უკრაინის 43-მილიარდიანი დაფინანსება 2025 წლისათვის. სხვათა შორის, ორი დღის წინათ თეთრმა სახლმა გამოაცხადა უკრაინისათვის 2,3 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე.


როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს ეგიდით ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, უკრაინელებს, ნატოში გაწევრიანების ნაცვლად, უფრო მეტად სურთ, რომ დასავლეთმა თანამედროვე ძლიერი იარაღი და საბრძოლო მასალები დროულად მიაწოდოს. ასევე ცნობილი ხდება, რომ უკრაინელთა მხოლოდ 22% არის მომხრე იმისა, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი გახდეს ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ, 71% კი ასეთი გარიგების წინააღმდეგია.


ჯერ-ჯერობით ოფიციალური კიევის პოზიცია რუსეთის მიმართ ისევ მაქსიმალისტურია – კრემლმა უნდა დააბრუნოს ყველა ტერიტორია, რომელიც მას მიტაცებული აქვს, ასევე უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები ოკუპირებული ოლქებიდან – მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება.


წყარო