1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ეკვადორის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების ცნობილი ლიდერი გაუჩინარდა, რის გამოც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ეკვადორის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების ცნობილი ლიდერი გაუჩინარდა, რის გამოც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეკვადორის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების ცნობილი ლიდერი გაუჩინარდა, რის გამოც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

479
0

ეკვადორის ციხიდან დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი გაუჩინარდა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 

რის გამოც ქვეყანაში ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ადოლფო მასიას ვილიამარი, მეტსახელად „ფიტო“, ციხეში სასჯელს 12 წლის განმავლობაში იხდიდა და ამავდროულად ძლიერ კრიმინალურ დაჯგუფებას, „ლოს ჩონეროსს“ ხელმძღვანელობდა. ფიტო იმყოფებოდა ქალაქ გუაიაკილის საპატიმროს განსაკუთრებით დაცულ საკანში.

ფიტო ცნობილი გავლენიანი მაფიოზია. მას კავშირი აქვს გასულ წელს პრეზიდენტობის კანდიდატის, ფერნანდო ვილიავისენსიოს მკვლელობასთან, რომელსაც ის მუქარებს უგზავნიდა.

პოლიციის ცნობით,   პატიმრის არყოფნა საკანში კვირას აღმოაჩინეს.

პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა საშუალებას მისცემს შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას, სრული კონტროლი აღადგინონ ქვეყნის ციხეებზე.

აღსანიშნავია, რომ დაჯგუფება „ლოს ჩონეროსი“, ფაქტობრივად, აკონტროლებს რეგიონული ციხის ნაწილს, სადაც ფიტო იხდიდა სასჯელს. ჯერჯერობით დაუდგენელია, შეძლო თუ არა ფიტომ სასჯელაღსრულების კომპლექსის დატოვება, შესაძლოა, ის ციხის ტერიტორიაზე იმალებოდეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ ასობით ოფიცერი ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე ჩხრეკას ატარებს.

„ნარკოტერორისტული ჯგუფები ცდილობენ ჩვენს დაშინებას და ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ დავთმობთ მათი მოთხოვნების წინაშე. ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტერორისტებთან და არ მოვისვენებთ, ვიდრე მშვიდობა არ აღდგება“, – განაცხადა ეკვადორის პრეზიდენტმა.

რეგიონული ციხე, სადაც ფიტო ბოლო 12 წლის განმავლობაში სასჯელს იხდიდა, სასჯელაღსრულების დიდი კომპლექსის ნაწილია, რომელიც აერთიანებს ხუთ ციხეს, სადაც 12 ათასი პატიმარი იხდის სასჯელს.

აგვისტოში კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ცოტა ხნით ამავე კომპლექსში მდებარე უფრო პატარა საპატიმროში, „ლა როკაში“ გადაიყვანეს, რომელიც უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა იქ მყოფი პატიმრების მცირე რაოდენობის გამო. ფიტოს სხვა ციხეში გადაყვანას ათასობით სამხედრო უზრუნველყოფდა, თუმცა მსჯავრდებულის ადვოკატებმა მისი გადაყვანა გაასაჩივრეს, რის შედეგადაც ერთი თვის შემდეგ ფიტო ისევ რეგიონულ ციხეში დააბრუნეს.