1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ინგლისური აშშ-ის ოფიციალურ ენად გამოცხადდა
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ინგლისური აშშ-ის ოფიციალურ ენად გამოცხადდა

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ინგლისური აშშ-ის ოფიციალურ ენად გამოცხადდა

456
0

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ინგლისური შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად არის აღიარებული.

 

დოკუმენტი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

„ჩვენი რესპუბლიკის დაარსებიდან ინგლისური გამოიყენება, როგორც ჩვენი ეროვნული ენა. ჩვენი ერის ისტორიული მმართველობის დოკუმენტები, მათ შორის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და კონსტიტუცია, ინგლისურად არის დაწერილი. ამიტომ, უკვე დიდი ხანია, დადგა დრო, რომ ინგლისური გამოცხადდეს შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად“, – ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში.

 

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამერიკის საუკეთესო ინტერესშია, რომ ფედერალურმა მთავრობამ გამოაცხადოს მხოლოდ ერთი ოფიციალური ენა და რომ ინგლისურის ოფიციალურ ენად დამკვიდრება არა მხოლოდ გაამარტივებს კომუნიკაციას, არამედ გააძლიერებს საერთო ეროვნულ ღირებულებებს და შექმნის უფრო შეკრულ და ეფექტურ საზოგადოებას.

 

დონალდ ტრამპის განკარგულებით, სააგენტოების ხელმძღვანელებს არ მოეთხოვებათ შეცვალონ, წაშალონ ან სხვაგვარად შეაჩერონ დოკუმენტების, პროდუქტების ან სხვა სერვისების წარმოება, რომლებიც მომზადებული ან შეთავაზებულია ინგლისურის გარდა სხვა ენებზე.

 

ტრამპის ახალმა ბრძანებამ გააუქმა განკარგულება, რომელიც ამოქმედდა 1990-იან წლებში მაშინდელი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის დროს, რომელიც ფედერალური დაფინანსების მიმღებ სააგენტოებსა და ინსტიტუტებს ავალდებულებდა, დახმარება გაეწიათ არაინგლისურენოვანებისთვის.

 

NBC News-ი წერს, რომ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ს, ისტორიაში პირველად, ოფიციალური ენა ექნება, თუმცა შტატების უმრავლესობას ინგლისური, როგორც ოფიციალური ენა, უკვე გამოცხადებული აქვს. აშშ-ს აღწერის ბიუროს მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ყველაზე ფართოდ გამოყენებული ენაა ქვეყანაში, აშშ-ს მაცხოვრებლები 350-ზე მეტ ენაზე ურთიერთობენ.