“დღეს ან ხვალ სასამართლოს მივმართავთ და მოვითხოვთ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას”- შალვა ხაჭაპურიძე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები დღეს ან ხვალ, სასამართლოს, ექსპრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების და სასჯელის გადავადების შუამდგომლობებით მიმართავს.
მისივე თქმით, უფლებადამცველები სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას იმიტომ მოითხოვენ, რომ მის სამედიცინო დასკვნაში არის რამდენიმე ისეთი მძიმე დაავადება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
შალვა ხაჭაპურიძე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ნაწილობრივ, ან სრულად გასაჯაროებას არ გამორიცხავს.
„შუამდგომლობა გამზადდება. დღეს, ან მაქსიმუმ ხვალ სასამართლოს მივმართავთ. გავეცანით დასკვნას და ჩვენ მოვითხოვთ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას, იმიტომ, რომ სამედიცინო დასკვნაში არის ჩამოთვლილი ის მძიმე დაავადებები, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ასეთი დაახლოებით, სამი დაავადებაა. ორივე შუამდგომლობა იქნება მითითებული. ამის პრაქტიკა არსებობს,“ – განაცხადა ხაჭაპურიძემ.