1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დასავლეთმა სერიოზულად უნდა მიხედოს თავისივე სანქციების შესრულებას” – Der Spiegel
“დასავლეთმა სერიოზულად უნდა მიხედოს თავისივე სანქციების შესრულებას” – Der Spiegel

“დასავლეთმა სერიოზულად უნდა მიხედოს თავისივე სანქციების შესრულებას” – Der Spiegel

444
0

„ევროკავშირმა კრემლის წინააღმდეგ სანქციების მეთერთმეტე პაკეტი მიიღო, მაგრამ რუსეთის ეკონომიკა მაინც ვითარდება, თანაც ომის კვალობაზე არცთუ ცუდად“, – ნათქვამია გერმანულ „შპიგელში“ (Der Spiegel) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დასავლეთმა სერიოზულად უნდა მიხედოს თავისივე სანქციების შესრულებას“ (ავტორი – ბენჯამინ ბიდერი). მასალაში განმარტებულია, თუ რატომ არ დაიჩოქებს რუსეთი დასავლეთის წინაშე.

ბოლო დღეებში რუსული ვალუტის – რუბლის კურსი ძალიან დაეცა. ნიშნავს თუ არა ეს ფაქტი იმას, რომ დასავლური სანქციების ზეწოლით რუსეთი მუხლებზე დაიჩოქებს და იქნებ უკრაინის ომიც მალე დამთავრდეს?

მაგრამ ვინც ასე ფიქრობს, ის ძალიან სცდება. რუსეთის შესაძლებლობებს სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს. დასავლეთმა შეიძლება კიდევ ბევრი სანქცია მიიღოს, მაგრამ ისინი არ იმოქმედებენ, ასეთ ემბარგოს რა ფასი აქვს? ამასობაში კი ომი გრძელდება და უკრაინელები იღუპებიან…

ის, რომ ვალუტის გადაცვლის კურსი ქვეყნის ხელისუფლების სტაბილურობის ინდიკატორად არ უნდა მივიჩნიოთ, ამას თურქეთის მაგალითიც ადასტურებს. ყველა, ვინც ანკარის პოლიტიკას აკვირდება, იცის, რომ თურქულმა ლირამ ბოლო წლებში თავისი საწყისი ღირებულების 400% დაკარგა, მაგრამ რეჯეფ ერდოღანი ისევ ქვეყნის პრეზიდენტია. რაც შეეხება რუსეთს, რუბლის კურსმა მხოლოდ 25%-ით მოიკლო, რაც მიზერულია თურქულ ლირასთან შედარებით. გარდა ამისა, რუსეთი თურქეთზე უკეთესად არის მომზადებული სავალუტო კრიზისებისათვის: კრემლს დიდი სავალუტო რეზერვები აქვს. გავიხსენოთ ისიც, რომ მოსკოვი კარგად უმკლავდებოდა რუბლის კურსთან დაკავშირებულ უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე დღეს არის.

ნიშანდობლივია ისიც, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საზღვარგარეთიდანაც კარგი ამბები მისდის თავისი ქვეყნის ეკონომიკის შესახებ – საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ორჯერ გააუმჯობესა რუსეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზები – წლის ბოლოსთვის რუსული ეკონომიკა 1,5%-ით მოიმატებს. სანედლეულო ბაზრებზე იზრდება ნავთობის ფასი, რაც რუსეთის შემოსავლების გაზრდას იწვევს. ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც წლის დასაწყისში სწრაფად დიდდებოდა, ამჟამად კონტროლის ქვეშაა და ნორმალურ ჩარჩოებშია მოქცეული.

დასავლეთისათვის მწარე სიმართლე ასეთია: უკრაინის ომი უახლოეს ხანში არ დასრულდება, თუნდაც რუსულმა ეკონომიკამ კრახი განიცადოს. რადგანაც ომის თავდაპირველი გეგმით – ელვისებურად დასრულება ვერ მოხერხდა, კრემლი ამჟამად მის გრძელვადიან ვარიანტზეა გადართული. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მოსკოვი უკრაინის ნგრევაზე და გამოფიტვაზეა გადასული და შედეგს ელოდება.

ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ შეფასებით, რუსეთი უკრაინის ომში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3% -ს ხარჯავს. კაცმა რომ თქვას, ეს ცოტა არ არის, მაგრამ არც იმდენია, რომ რუსეთში გლობალური კრიზისი, შიმშილობა და ეკონომიკის ნგრევა დაიწყოს. ვლადიმერ პუტინმა იცის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იგი უკრაინაზე გამარჯვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ რუსეთში სტაბილურობა დაირღვევა.

კრემლს ამ საქმეში უკრაინის მოკავშირე დასავლელი ქვეყნები ძალიან ეხმარებიან. აბა, შეხედეთ: თავდაპირველი დიდად გაქანებული ანტირუსული ემბარგოს ნაცვლად დღეს დასავლეთი ეკონომიკურ ბრძოლას ძალიან მოშვებულად და სუსტად წარმართავს. მართალია, ბრიუსელი სულ ახალ-ახალ სანქციებს იღებს, მაგრამ ვის რას დააკლებს ის აკრძალვები და შეზღუდვები, რომელთა შესრულებას არავინ არ აკონტროლებს?

ევროპული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი უკრაინის მხარდაჭერაა, მაგრამ გამოცხადებული სანქციების ეფექტურობის შესწავლას უმეტესად მხოლოდ აქტივისტები და ჟურნალისტები აწარმოებენ – ისინი ცდილობენ გაიგონ, თუ რა გზებით შედის რუსეთში სანქცირებული დასავლური პროდუქცია. არადა, ამ საკითხით დაკავებული უნდა იყოს ევროკავშირის და აშშ-ის ოფიციალური სტრუქტურები. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება იოლი არ არის, ამიტომაც ცხადია, თუ რატომ არიდებს თავს ოფიციოზი ამ ამოცანის შესრულებას. ვაშინგტონს და ბრიუსელს ურჩევნიათ პირდაპირ დაეხმარონ უკრაინას, ვიდრე ის გამოიძიონ, თუ რომელი ქვეყანა, რამდენად და როგორ არღვევს ანტირუსულ სანქციებს…

აუცილებელია აგრეთვე სანქციების სიის გადახედვა და მისი გაწმენდა სხვადასხვა არაფრის მაქნისი დებულებებისაგან, რომლებიც ხშირად „ხვრელის“ გამოყენების შესაძლებლობებს ემსახურება. რა თქმა უნდა, ყველაფერს წინასწარ ვერ გაითვალისწინებ, მაგრამ ახლა რაც დროს გადის, თვალსაჩინო ხდება, რომელი სანქცია როგორ მუშაობს.

მაკონტროლებელმა ორგანოებმა ყველაზე მეტი ყურადღება იმ პროდუქციას უნდა მიაქციოს, რომლებიც სამხედრო სფეროსთანაა დაკავშირებული. რა დასამალია და დასავლური სანქციების სიაში შეტანილია ქალის ბრენდული ბიუსტჰალტერები, პარფიუმერია და კოსმეტიკა, ტენისის სათამაშო მოწყობილობები… ამით დასავლეთს თითქოს რუსული ელიტის დასჯა უნდა, მაგრამ ეს, უბრალოდ, სასაცილოა. აი, ასეთი სიმბოლურ ჟესტებით ცდილობს დასავლეთი რუსეთის დაჩოქებას და ომის დასასრულის მოახლოებას, ბრძოლები კი გრძელდება.

წყარო