
დასავლეთის ქვეყნების მხრიდან აგრესიის შემთხვევაში რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი -სერგეი შოიგუ
დასავლეთის ქვეყნების აგრესიის შემთხვევაში რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შოიგუს ეს კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადეს, რომ აშშ-მა, შესაძლოა, შეწყვიტოს უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკების მცდელობა, თუ უახლოეს პერიოდში შეთანხმებაში პროგრესს ვერ დაინახავენ.
„უცხო სახელმწიფოების მხრიდან არამეგობრული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ქვეყანა ლეგიტიმურად მიიჩნევს სიმეტრიული და ასიმეტრიული ზომების მიღებას, რათა აღკვეთოს ასეთი ქმედებები და თავიდან აიცილოს მათი განმეორება“, – განაცხადა შოიგუმ.