1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დასავლეთის მხარდაჭერით, ოპოზიციას ამ პროცესის რევოლუციისკენ წაყვანა გაუჭირდება”- რამაზ საყვარელიძე
“დასავლეთის მხარდაჭერით, ოპოზიციას ამ პროცესის რევოლუციისკენ წაყვანა გაუჭირდება”- რამაზ საყვარელიძე

“დასავლეთის მხარდაჭერით, ოპოზიციას ამ პროცესის რევოლუციისკენ წაყვანა გაუჭირდება”- რამაზ საყვარელიძე

224
0

  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.   „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

 

კანონპროექტის განხილვამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას შეძახილებით შეხვდნენ.

 

რა ბერკეტები დარჩა ოპოზიციას, რომ აქციები გააგრძელოს? ამ და სხვა საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსი“ პოლიტოლოგ  რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

 

მისი თქმით, აქციის გაგრძელების მექანიზმები აღარ არსებობს,  რადგან მიზანი მიღწეულია.

 

„გარკვეული პერიოდი, შეიძლება დღესაც მიზნის მიღწევის ეიფორიამ და სიხარულის ემოციამ კიდევ შეკრიბოს ხალხი, მაგრამ საპროტესტო აქციის ხასიათი  აღარ ექნება. მაშინ უნდა იძახონ, რომ ხელისუფლება ქუჩიდან გადავაყენოთო. თუმცა,  ხელისუფლების ქუჩიდან შეცვლა  ევროპული გზა ნამდვილად არ არის.

 

ამ შემთხვევაში ევროპულობის მოთხოვნა, ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობაში მოქმედება, რაც აქამდე ახლდა ამ კანონთან დაკავშირებულ პროცესებს, ოპოზიციისა და ამ ხალხის მხრიდან, – ვფიქრობ, რევოლუციური სცენარისგან შორს არის.

 

ამდენად დასავლეთის მხარდაჭერით, ოპოზიციას ამ პროცესის რევოლუციისკენ წაყვანა გაუჭირდება. ისე მარტო თუ დარჩა ოპოზიცია, მაშინ ხალხსაც დაკარგავს. ჩვენ არაერთხელ გვინახავს ეს, როდესაც ოპოზიციას მხოლოდ საკუთარი მოთხოვნით  ხალხი ვერ შეუკრებია. ახლაც ხალხმრავლობის ძირითადი მოტივი არის, ის რომ ოპოზიცია თითქმის არ ჩანს. აქციების ინიციატორები და ორგანიზატორები კი ახალგაზრდები არიან. ამიტომაა დასავლეთის მხარდაჭერა, რომელიც ამბობს რომ ეს არის “რუსული კანონი“.  ჩვენი ოპოზიციაც რამდენიმე ფრაგმენტში გამოჩნდა, თუმცა, ვაშაძის ფრაგმენტმა საგინებელი გახადა ისინი.

 

ამიტომ მეეჭვება, რომ ოპოზიციისთვის დიდად ხელსაყრელი მდგომარეობა იყოს ახლა. მგონი ნელ-ნელა გაჩერდება ეს პროცესი და მერე არჩევნებისთვის რა მოხდება, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი,“- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

„ჯორჯიან თაიმსის“ კითხვაზე – ხომ არ შეასუსტა საკუთარი თავი „ქართულმა ოცნებამ“, კანონპროექტის ჩაგდებით, პოლიტოლოგი გვპასუხობს, რომ მმართველმა პარტიამ, ნამდვილად  ბევრი მომხრე დაკარგა.

 

„პოლიტიკაში, ხელისუფლებას ემხრობიან არამარტო მისი პროგრამების გამო, არამედ – ძალას. როცა ხელისუფლება ვერ ავლენს ძალას, მაშინ მისი დამცველების რიგები თხელდება. როცა ავლენს ძალას, მაშინ მხოლოდ ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ უფრო მეტი მომხრე ჰყავდეს. ასე, რომ ეს უკან დახევის ფაქტი, თავისთავად ყველა ხელისუფლებისთვის წამგებიანია. თუ დავაკვირდებით, ხელისუფლებაში მყოფები იშვიათად იხევენ ხოლმე უკან, სწორედ იმიტომ, რომ არ აღიქვან, ისინი როგორც სუსტები,“ – აღნიშნავს ჩვენთან საუბარში რამაზ საყვარელიძე.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის ხმით 7 მარტს მიიღო. თუმცა მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მისი მეორე მოსმენით ჩაგდება, ხოლო მეორე – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა გადაწყვიტა. ამასთან, პარლამენტმა ორივე დოკუმენტი უკვე გამოითხოვა ვენეციის კომისიიდანაც. 7-8 მარტს გამართულ აქციებზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდა ათობით ადამიანი. 

 სამართალდამცველებმა კი 133 პირი დააკავეს, რომელთაგან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გუშინ გათავისუფლდა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად,  დაშავდა  შსს-ს 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

ნინო ოთარაშვილი