1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩვეულებრივი სადიზმისა და წამების გამოვლინებაა” – როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში სააკაშვილის ციხეში შესაძლო გადაყვანას
“ჩვეულებრივი სადიზმისა და წამების გამოვლინებაა” – როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში სააკაშვილის ციხეში შესაძლო გადაყვანას

“ჩვეულებრივი სადიზმისა და წამების გამოვლინებაა” – როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში სააკაშვილის ციხეში შესაძლო გადაყვანას

567
0

კლინიკა “ვივამედი” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტი არ ემორჩილება მედიკოსების მითითბას და მკურნალობაზე უარს ამბობს.

ამიტომ მათი ინფორმაციით, იძულებულები ხდებიან, მიმართონ, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, რათა შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა. (ვრცლად იხილეთ ბმულზე)

კლინიკის ამ განცხადებას პოლიტიკურს უწოდებს სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

“ეს განცხადება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარი იყო, მითუმეტეს თქვა, რომ არაფერ პროცედურებზე ის უარს არ აცხადებს, თუ რაიმე შემოთავაზებაა მკურნალობის ის ყველაფერს ეთანხმება. დამატებით მოვითხოვე ავადმყოფობის ისტორია. ეს განცხადება იყო სრულიად მოულოდნელი, წარმოუდგენელი. “ვივამედის” განცხადების არაფერი არ მჯერა. მთელი ამ წლის განმავლობაში, რაც აქ იმყოფება წერენ ტყუილებს,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილის დედა კი ვარაუდობს, რომ ექსპრეზიდენტის კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას უპირებენ.

“გამიჩნდა აზრი, რომ აპირებენ ციხეში დაბრუნებას. არ ვიცი რის საფუძველზე, ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას. წესით ექიმი ამას ვერ უნდა შეძლებდეს, მაგრამ მე არ ვიცი აქ რა მოხდება,” – განაცხადა გიული ალასანიამ.

მმართველ გუნდში კი ეჭვობენ, რომ სააკაშვილი ისევ თვითდაზიანების რეჟიმშია, რადგან პოლონელ ექიმებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული დახვდეს.

“ყველა სერვისი უკლებლივ ხელმისაწვდომია სააკაშვილისთვის, ყველა უფლება დაცულია, უბრალოდ ის იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორედ ამ ხერხს მიმართავდა იმისთვის, რომ შეიქმნას სურათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, რაზე დაყრდნობითაც ისინი შეძლებენ, რომ მანიპულაციების გზით გამოიყენონ ეს არგუმენტი როგორც შესაძლო პოლიტიკური ამოცანის გადაჭრის ხერხი,“- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, თვითდაზიანების რეჟიმშია. მისი თქმით, სააკაშვილისა და მისი ოჯახის მხრიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ ქვეყანას და საქართველოს ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ.

 

„ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს. ყველაფერს აკეთებს, რომ დაანახოს საზოგადოებას, საერთაშორისო მეგობრებს, თითქოს მისი მდგომარეობა ცუდია. რეალურად, ის არ იკვებება, ოჯახის წევრებსაც არ მიაქვთ შესაბამისი კალორაჟით საკვები. ეს არის მიზანმიმართული კამპანია. ის ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ქვეყანას ჩირქი მოსცხოს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

“ვივამედის” განცხადება „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პარტია  „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა შეაფასა:

„ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით არამხოლოდ სააკაშვილის, არამედ სახელმწიფოს მიმართ მავნებლობა, ასევე, ანტისახელმწიფოებრივი ფიქრი და აზროვნება. ახლა, ამის გაკეთება 12 პუნქტის შესრულების პერიოდში, როცა მთელი მსოფლიო და ყველა ლიდერი დაინტერესებული სააკაშვილის პერსონით,  ჩვეულებრივი სადიზმისა და წამების გამოვლინებაა. ადამიანი 60 კილომდე ჩამოვიდაო, ხომ ვერ დაიმალება ეს ციფრი და არ შეიძლება, რომ მოგონილი იყოს. ფაქტია, რაღაც ხდება და რაღაც სწორად არ მიდის.

 

საქართველოს პრეზიდენტი იყო ბოლოსდაბოლოს, გადაიყვანონ უცხოურ კლინიკაში სამკურნალოდ, მისცენ ამ ადამიანს სიცოცხლის უფლება და საშუალება. როგორც კი სანქციები დაედო და ჰააგამ მიიღო უმძიმესი და ძალიან ობიექტური გადაწყვეტილება, მსოფლიოში აღიარებული ტერორისტის, პუტინის მიმართ, აქ გამწვავდა სიტუაცია. ეს ხომ რაღაც კავშირშია,  სააკაშვილი გამოკვეთილად გახლავთ პუტინის პირადი პატიმარი. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნებაა – შემოგვაკვდეს კიდევ ერთი პრეზიდენტი. ეს საქართველოსთვის სამარცხვინო ამბავია,“ – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, ყოფილი  პრეზიდენტი უნდა გადაიყვანონ უცხოეთში სამკურნალოდ და ამისთვის პოლონეთი უკვე მზადაა.

„ააწუმპეს ქვეყანა. ყველა ვდგავართ და ვუყურებთ, როგორ ჰყავს გამოჭერილი ვიღაცა ვაჭარს პუტინის ტყვე სააკაშვილი, როგორ აწამებს და არ გადაჰყავს უცხოეთის კლინიკაში. მთელი უცხოეთი კი გვეუბნება, რომ ვანდალებით არ მოკლათ მესამე პრეზიდენტიო.  აღშფოთებული ვარ. მართლა საშინელება ხდება. უნდა გადაიყვანონ მესამე პრეზიდენტი  უცხოეთში სამკურნალოდ.  პოლონეთი მზადაა, ყველა ჩართულია და მზად არიან, რომ გადაიყვანონ კლინიკაში. 

 

გუშინდელი “ვივამედის” განცხადება მართლაც სამარცხვინო იყო. ექიმები რომ ჰქვიათ და თეთრი ხალათი აცვიათ, სირცხვილი მათ. ასე როგორ უნდა ჰყავდეს კუდზე გამობმული ხელისუფლებას ან რომელიმე მთავრობას, რომ ექიმმა დაკარგო შენი სახე და ვიღაცის ბრძანებას ასრულებდე,”– განმარტა ჩვენთან საუბარში თაკო ჩარკვიანმა.