1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩვენ ვცდილობთ, რომ უკან არ დავიხიოთ”- The Washington Post
“ჩვენ ვცდილობთ, რომ უკან არ დავიხიოთ”- The Washington Post

“ჩვენ ვცდილობთ, რომ უკან არ დავიხიოთ”- The Washington Post

140
0

ამერიკულმა გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ (The Washington Post) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ჩვენ ვცდილობთ, რომ უკან არ დავიხიოთ“ (ავტორი – დევიდ იგნატიუსი), რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს შინაარსია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში მკვეთრი განცხადება გააკეთა აშშ-ის კონგრესის მიმართ იმ დროს, როცა რუსული რაკეტები უკრაინის სამხრეთში ქვეყნის ინფრასტრუქტურას ანადგურებენ: „მოგვეცით იარაღი რუსეთის შეტევის შესაჩერებლად და თუ არ მოგვცემთ, უკრაინა გააძლიერებს დარტყმებს რუსეთის აეროდრომების, ენერგეტიკული ობიექტებისა და სხვა სტრატეგიული სამიზნეების მიმართ“.

ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობდა გაძლიერებულად დაცულ, ქვიშიანი ტომრებით გარშემორტყმულ საპრეზიდენტო [ადმინისტრაციულ] კომპლექსში, რომელშიც ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ორწლიანი ომის განმავლობაში არცერთი ძველი სამოქალაქო პირი აღარ დარჩა. დაცვა იმდენად გამკაცრებული იყო, რომ პლასტიკური ავტოკალამიც კი ჩამომართვეს… ვოლოდიმირ ზელენსკი ისევე აქტიურად და ისეთივე მეომრულად განწყობილი ლაპარაკობდა, როგორც ორი წლის წინ, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ – ყოფილმა მსახიობმა, რომელსაც უკრაინის ხელმძღვანელობა ომის დროს მოუწია – ამჟამად მთლიანად შეითვისა მეომარი ქვეყნის პრეზიდენტის როლი, თავისი უკვე განუყრელი სამხედრო ფორმით. იგი აქ, სამშობლოში უფრო ნაკლებად დაძაბუნებული ჩანდა, ვიდრე ერთი თვის წინ მიუნხენში გამოიყურებოდა, უსაფრთხოების კონფერენციაზე. ჩემთან საუბრისას ისე ჩანდა, რომ მას მოსწონდა საომარ მდგომარეობაში მყოფი ერის სიმბოლოდ წარმოჩენა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, აშშ-ის კონგრესის მიერ სამხედრო დახმარების (60 მილიარდი დოლარის მოცულობით) პაკეტის მიღების გადადება უკრაინას ძვირი დაუჯდა: სამხედროებმა ვერ დაგეგმეს სამომავლო ოპერაციები იმის გამო, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები თითქმის ექვსი თვეა დავობენ და კიევისადმი დახმარების საკითხზე ვერ შეთანხმებულან. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმია მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი და შეიძლება უკანდახევა მოუწიოს, თავისი ფლანგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საბრძოლო მასალების დაზოგვის მიზნით. „თუ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა არ გვექნება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება არც ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა (საზენიტო რაკეტების Patriot-ების სახით), არც რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და არც 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები“, – თქვა პრეზიდენტმა, – ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იძულებული გავხდებით ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა უკან დავიხიოთ“.
სამხედრო მდგომარეობის თვალსაჩინოდ წარმოსადგენად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქაღალდის ფურცელი აიღო და საბრძოლო მოქმედებების მარტივი სქემა დახაზა: „თუ თქვენ დღეში 8 ათასამდე ჭურვი გჭირდებათ ყოველდღიურად, ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად, მაგრამ გაქვთ მხოლოდ 2 ათასი, როგორ მოიქცევით? რა თქმა უნდა, ფრონტის ხაზი უნდა შეამციროთ. რა თქმა უნდა, მოგიწევთ უკანდახევა, რითაც რუსები სწრაფად ისარგებლებენ და შეტევას დიდი ქალაქებისაკენ მიმართავენ“.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ უკან აღარ დავიხიოთ“, – აგრძელებს ვოლოდიმირ ზელენსკი, – „ავდეევკის დატოვების შემდეგ შევძელით სიტუაციის სტაბილიზება ჩვენი სამხედროების მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების წყალობით. და თუ ფრონტის ხაზი სტაბილური იქნება, უკრაინა მოახერხებს ახალი ბრიგადების ჩამოყალიბებას, შეიარაღებას, გაწვრთნას და მიმდინარე წელს ახალი კონტრშეტევის ორგანიზებას. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, რუსები გააკეთებენ“.

როცა პრეზიდენტს ვკითხე, საკმარისი აქვს თუ არა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის რაკეტები თავისი ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, მან ასე მიპასუხა: „მე არ მინდა, რომ რუსეთმა გაიგოს, თუ რამდენი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა გვაქვს, მაგრამ ვიტყვი, რომ ნამდვილად მეტი გვჭირდება. ამერიკის კონგრესის დახმარების გარეშე დეფიციტი უფრო მეტი იქნება. ეს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ საკუთარ წარმოებასაც ვაფართოებთ, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის“.

იმდენად, რამდენადაც რუსული დრონები, რაკეტები და მაღალი სიზუსტის მქონე ბომბები უკრაინის თავდაცვის სისტემას არღვევენ და ქვეყნის ინფრასტრუქტურას დიდ ზიანს აყენებენ, ვოლოდიმირ ზელენსკის სხვა არჩევანი აღარ აქვს, თუ არა რუსეთის საზღვრის მიღმა, მტრის ზურგში მდებარე ობიექტებს საპასუხო დარტყმა მიაყენოს და დაბომბოს. ამის მაგალითია უკრაინული დრონების თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად გახშირდა. ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე – გააფრთხილეს თუ არა იგი აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა – როგორი ხმებიც ვრცელდება ვაშინგტონში – შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა, მან დაადასტურა, რომ აშშ-ის რეაქცია დადებითი არ იყო, მაგრამ ამერიკა უკრაინას ხელს ვერ შეუშლის, თუ სად და რა მიზნით გამოიყენებს კიევი საკუთარი წარმოების იარაღს: „ჩვენ ვისარგებლეთ ჩვენს მიერ დამზადებული დრონებით. ვერავინ ვერ გვეტყვის იმას, რომ ჩვენ ამის გაკეთების უფლება არ გვაქვს“.

ვოლოდიმირ ზელენსკის მტკიცებით, უკრაინას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია რუსეთის დარტყმების შეჩერება ქვეყნის ენერგოსისტემაზე, თუ თვითონაც იგივენაირად დაბომბავს და კრემლს ანალოგიურ ფასს გადაახდევინებს: „როცა ჩვენი ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის რაკეტები არ გვაქვს, რუსები კი გვიტევენ, მე გეკითხებით – რატომ არ უნდა შეგვეძლოს მათთვის პასუხის გაცემა? რუსებმაც უნდა იწვნიონ საკუთარ თავზე, თუ რას ნიშნავს ბენზინის, დიზელის საწვავის, ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრება… ჩვენ სამართლიანად ვიქცევით… და როცა რუსეთი შეწყვეტს თავის მოქმედებას, ჩვენც გავჩერდებით“.

ის, რაც ვოლოდიმირ ზელენსკის სასწრაფოდ სურს, არის შორის მოქმედების რაკეტების – ATACM-300-ების მიღება, რომლებსაც, მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში არსებული სამიზნეების, განსაკუთრებით აეროდრომების განადგურება შეუძლია, საიდანაც აფრენილი რუსული თვითმფრინავები უკრაინისკენ მაღალი სიზუსტის მქონე ფრთოსან რაკეტებს უშვებენ და სერიოზულ ზიანს აყენებენ.

„როცა რუსეთს ასეთი რაკეტები აქვს, ჩვენ კი არა, როცა რუსეთი გვიტევს მსგავსი რაკეტებით და ყველაფერს გვინგრევს – სკოლებს, სამოქალაქო შენობებს, ელექტროსადგურებს და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებს, მათთვის პასუხის გასაცემად სწორედ ATACM-300-ები გვჭირდება“, – ამბობს პრეზიდენტი ინტერვიუში. იგი ხაზს უსვამს, რომ შორი მოქმედების რაკეტები რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად კი არ სურს, არამედ მოსკოვის მიერ ოკუპირებული ყირიმში არსებული აეროდრომების გასანადგურებლად. „როცა მოსკოვი გაიგებს, რომ ჩვენ მის სამხედრო აეროდრომებზე განლაგებული თვითმფრინავების განადგურება შეგვიძლია, ისინი ყირიმიდან შეტევას შეწყვეტენ. მოხდება ისე, როგორც შავი ზღვის ფლოტთან მიმართებით მოხდა: ჩვენ ისინი ჩვენი ტერიტორიული წყლებიდან გავაძევეთ. ასევე გავაძევებთ ყირიმის აეროდრომებიდან“.

კითხვაზე, „ვაშინგტონში გავრცელებული ხმების თანახმად, ATACM-300-ები უკვე უკრაინისკენ მოაქვთ და რას იტყოდით ამის თაობაზეო“, მან გაიცინა და თქვა: „ბოდიში, მაგრამ მე თქვენ ამ ინფორმაციას ვერ გაგანდობთ“. შემდეგ კი დაამატა: „ამჟამად რაკეტები უკრაინაში არ არიან“.

პრეზიდენტმა ქებით მოიხსენია უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც რუსეთის სიღრმეში შეწევა 1000 კილომეტრით და მეტი მანძილით შეუძლია, თუმცა იქვე დასძინა, რომ „ომის მოსაგებად მხოლოდ დრონები საკმარისი არ არის. ჩვენ შევძელით სამხედრო-საზღვაო დრონების წარმატებით გამოყენება და რუსული ფლოტის შევიწროება შავი ზღვის უკრაინული აკვატორიიდან… მაგრამ ეს გამარჯვებისათვის საკმარისი არ არის. ისინი მხოლოდ დრონებია და არა დიდი სიმძლავრის მქონე რაკეტები“.

„თვლით თუ არა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ზედმეტ სიფრთხილეს იჩენს იარაღის მიწოდების საქმეში და ამ მხრივ მართლები არიან ის ქორი-კრიტიკოსები, რომლებიც მას აკრიტიკებენ? – ამ კითხვაზე ვოლოდიმირ ზელენსკი ასე პასუხობს: „ჩემი აზრით, ჯო ბაიდენი სიფრთხილეს იჩენს იმიტომ, რომ რუსეთის ბირთვული შეტევის პროვოცირება არ მოახდინოს. მე პირადად მიმაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ დარტყმას ვერ გაბედავს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ რუსი ლიდერის მოქმედების პროგნოზირება ძნელია… იგი შეშლილია. მსოფლიოში ვერ იპოვით ისეთ ადამიანს, რომელიც 100-პროცენტიანი სიზუსტით გეტყოდათ, თუ რას გააკეთებს ვლადიმერ პუტინი. აი, ამიტომაც ჯო ბაიდენი ფრთხილად მოქმედებს“.

ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ორწლიანი ომი, რომლის დროსაც უკრაინის არმიის საუკეთესო ოფიცრები და ჯარისკაცები დაიღუპნენ, მძიმე გაკვეთილს წარმოადგენს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ადრევე უნდა შეეჩერებინა: „პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სისუსტე გამოიჩინა, როცა პუტინმა 2014 წელს ყირიმი მიიტაცა. ევროპას რუსეთთან ვაჭრობა სურდა და ამიტომ მოსკოვს უკრაინასთან ომისათვის გზა გაუხსნა. კრემლმა ყირიმი ისე დაიპყრო, რომ დასავლეთს რაიმე მნიშვნელოვანი რეაგირება არ მოუხდენია. რუსეთი არავის არ შეუჩერებია. უკან თუ გადავიხედავთ, მივხვდებით, რომ ამ საშინელი ომის თავიდან აცილება მხოლოდ ძალის დემონსტრირებით შეიძლებოდა“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

„ვლადიმერ პუტინი ცბიერია, მაგრამ ჭკვიანი არ არის. როცა თქვენ ჭკვიან ადამიანს ებრძვით, ამ დროს ბრძოლა წესების დაცვით ხდება. მაგრამ თუ ეშმაკ და ცბიერ ადამიანთან გაქვთ შეტაკება, მისგან საფრთხეს ყოველთვის უნდა ელოდო“, – ასე შეაფასა უკრაინის ლიდერმა თავისი მოწინააღმდეგე.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის მოქმედების ვარიანტები დამოკიდებულია კონგრესის გადაწყვეტილებაზე: „სანამ უკრაინას ამერიკა არ დაეხმარება, ჩვენ იქ დავრჩებით, სადაც ახლა ვიმყოფებით, აღმოსავლეთის ფრონტზე. შეგვიძლია ლოკალური შეტევების განხორციელება, მაგრამ რუსების შესავიწროებლად მეტი რაოდენობით იარაღი გვჭირდება“.

„ნახევარი წელიწადი დავკარგეთ, სანამ კონგრესმენები ერთმანეთს ეკამათებოდნენ. დროის დაკარგვა მეტად აღარ შეიძლება. უკრაინა პარტიებს შორის განსახილველი პოლიტიკური საკითხი არ უნდა იყოს. უკრაინისადმი დახმარების კრიტიკოსები ომში დადებულ ფსონებს ვერ აცნობიერებენ. თუ უკრაინა დაეცემა, ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს რუსეთის მტრებად და მეგობრებად დაყოფს“, – აღნიშნა უკრაინელმა ლიდერმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადამწყვეტი როლი შეასრულა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არამარტო საკუთარი ქვეყნის, არამედ დასავლეთის მობილიზებაშიც. მე მინდა, რომ კონგრესის წევრებმა, რომლებიც უარს აცხადებენ უკრაინისადმი დახმარებაზე, კარგად გააცნობიერონ უკრაინის ლიდერის ნათქვამი, თუ რა ფასი გადაიხადა მისმა ქვეყანამ რუსეთისადმი დაუმორჩილებლობისთვის და გაითვალისწინონ ის რისკები, რომლებიც წინ დახვდება ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუ ვაშინგტონი მხარს არ დაუჭერს თავის მეგობარ უკრაინას.

წყარო: