
ჩინეთი არ არის უკრაინის კრიზისის ინიციატორი და მონაწილე, ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოგვარების მხარდამჭერი, მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან -ჩინეთის საგარეო უწყება
ჩინეთი ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინაში მშვიდობის დამყარების ძალისხმევის მიმართ და აცხადებს, რომ შესაბამისმა მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან.
როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვას აქვს ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის 155 მოქალაქის შესახებ.
„მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩინეთი არ არის უკრაინის კრიზისის ინიციატორი და არც მონაწილე მხარეა. ჩვენ ვართ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მტკიცე მხარდამჭერი და აქტიური ხელშემწყობი. მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, სწორად გაიაზრონ ჩინეთის როლი და თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა.