1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩემი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში”- კახა კალაძე
“ჩემი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში”- კახა კალაძე

“ჩემი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში”- კახა კალაძე

1.16K
0

ინფორმაცია თითქოს, რომელიმე ხარჯი არ არის ასახული ქონებრივ დეკლარაციაში, ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებასა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, არა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, არამედ პირადი თანხა გადაიხადა, რაც პირიქით, ქვეყნის ბიუჯეტს წაადგება.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ჩემი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში. ასე რომ, მცდელობა, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, ნამდვილად არ გამოგივათ. მე არაფერი მაქვს დასამალი და რაც არ უნდა ჩხრიკოთ, ეძებოთ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, კახა კალაძეს რაიმე არასწორი, არაკანონიერი, კანონის საწინააღმდეგო ჩაედინოს და გაეკეთებინოს. ნებისმიერი თვითმფრინავის დაქირავების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა იმ შემთხვევაში, გამოვიყენე კონკრეტულად აღნიშნული შესაძლებლობა, რაც ისევ და ისევ ბიუჯეტისთვის არის ძალიან კარგი. ვინც ერკვევა და იცის – თვითმფრინავი დაფრინავს თუ არ დაფრინავს, მას აქვს კონკრეტული ხარჯები: პილოტები, თვითმფრინავის შენახვა და ა.შ. შესაბამისად, როცა ვიქირავე თვითმფრინავი, ეს პირიქით, სახელმწიფოს უმცირებს ხარჯებს, რადგან მომსახურებისთვის ჩემი საკუთარი თანხა გადავრიცხე, რომელიც დარწმუნებული ვარ, თვითმფრინავის შენახვის, გამართულობისა და მოწესრიგებისთვის იქნება გამოყენებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – რატომ არ არის გასაჯაროებული აღნიშნული მომსახურების თანხა, თბილისის მერი აცხადებს, რომ პირადი ხარჯების გასაჯაროების ვალდებულება მას არ აქვს, თუმცა თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, ინფორმაცია შესაბამის სამსახურთან უნდა გადაამოწმოს.

„თანხა მითითებულია პირად ხარჯებში. უამრავი პირადი ხარჯი მაქვს, რომელიც წარმოდგენილია დეკლარაციაში, ეს თანხები კი მიდიოდა ბიუჯეტში. ძალიან მარტივია ამაზე ინფორმაციის მიღება. თქვენ არ მიგიმართავთ შესაბამისი სამსახურისთვის და წევთ პანიკას, რომ არ გაქვთ ინფორმაცია. თუ არ მიმართეთ, რა ინფორმაცია გექნებათ? მე არ მაქვს ვალდებულება, პირადი ხარჯები გავასაჯაროო იმიტომ, რომ თქვენ მაბრალებთ რაღაცას და თქვენ გაქვთ ვალდებულება, დაამტკიცოთ ის, რასაც ამბობთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოების პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა ამ კონკრეტულ საკითხზე თავის მართლებას არ აპირებს.

„პირველი მე ვიყავი, ვინც დავადასტურე, რომ მისარგებლია სამთავრობო თვითმფრინავით, მაგრამ არა ბიუჯეტის ხარჯით, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი წლების განმავლობაში აკეთებდა. იცით, რომ მილიონობით თანხებია გაფლანგული პირადი მგზავრობებისა და ვოიაჟებისთვის, რაც ძალიან ცუდია. არ ვაპირებ თავი ვიმართლო, როგორც ეს მოხდა წინა შემთხვევაში. გახსოვთ ალბათ ის ბინძური პროპაგანდა, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდიოდა, რაც სამწუხაროდ, არაა პირველი შემთხვევა. მთელი ორი კვირის განმავლობაში, თავს მამართლებინებდით, თუ რატომ გადარჩა ჩემი შვილები შოვის ტრაგედიის დროს. ესაა სამწუხარო რეალობა, თუ გაინტერესებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.