ცესკო-ს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს.
2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს კიდევ ერთხელ ეწვია და ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.
შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, დემოკრატიულ პროცესებში მათი ჩართულობის როლსა და საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებს, მათი დანერგვის პროცესსა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გამოცდილებას.
ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და აღნიშნა, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, სანდო და გადამოწმებული ინფორმაციით უზრუნველყოფაა. მისივე თქმით, ინფორმირებული მოქალაქე უკეთ არის მომზადებული მცდარი ან მანიპულაციური ინფორმაციის ამოსაცნობად, რაც, თავის მხრივ, დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობის შემცირებას უწყობს ხელს. ამ კონტექსტში გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პლატფორმის შესახებ Disinfo.cec.gov.ge-ზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ვებგვერდის საშუალებით მათ შესაძლებლობა ექნებათ, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სანდო, გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიიღონ.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360 გრადუსით”, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო საკითხებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ახალგაზრდების კითხვებს დაეთმო. ინტერაქციის რეჟიმში ბანაკის მონაწილეებმა ცესკოს თავმჯდომარეს სხვადასხვა საარჩევნო თემაზე არაერთი კითხვა დაუსვეს და მათზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ამგვარი ფორმატი ახალგაზრდების პოზიციების მოსმენასა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ღია და ორმხრივი კომუნიკაციის უზრუნველყოფას უწყობს ხელს.
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას 200-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კიდევ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის ამაღლებას.