1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბრიტანეთმა ლტოლვილთა გასაძევებლად კანონი მიიღო – რა ეშველებათ მიგრანტებს?
ბრიტანეთმა ლტოლვილთა  გასაძევებლად კანონი მიიღო – რა ეშველებათ მიგრანტებს?

ბრიტანეთმა ლტოლვილთა გასაძევებლად კანონი მიიღო – რა ეშველებათ მიგრანტებს?

246
0

„დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ხანგრძლივი დებატების შემდეგ მიიღო კანონი თავშესაფრის მიღების მსურველი მიგრანტების რუანდაში გაგზავნის თაობაზე“ – ნათქვამია BBCის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ბრიტანეთმა მიიღო კანონი ლტოლვილთა რუანდაში გასაძევებლად, თუმცა დეპორტაცია ჯერ კიდევ შორსაა“ (ავტორი – დომინიკ კაშანი).

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

კონსერვატორების მთავრობას იმედი აქვს, რომ შუაგულ აფრიკაში მდებარე ქვეყანაში ყოფნის პერსპექტივა დააფრთხობს იმ ათასობით პოტენციურ არალეგალურ მიგრანტს, რომლებიც დიდი ბრიტანეთისაკენ ნავებითა თუ სხვა საშუალებებით მიემართებიან.

როგორც პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, იმიგრანტებით დატვირთული პირველი თვითმფრინავები ლონდონიდან კიგალისაკენ – აფრიკის ტროპიკული ქვეყნის დედაქალაქისაკენ – უკვე ორი-სამი თვის შემდეგ გაფრინდებიან.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ყველანაირად ებრძვის ქვეყანაში არალეგალური მიფრანტების მოზღვავებას, რაც ხშირად მათი სიკვდილით მთავრდება. ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ პატარა ნავით ლა-მანშის სრუტის გადაცურვის დროს კიდევ ხუთი ადამიანი დაიხრჩო, მცირეწლოვანი ბავშვის ჩათვლით. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი დიდ ბრიტანეთში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდა უკვე 6 ათასმა მიგრანტმა უკანონოდ შეაღწია.

სად ბრიტანეთი და სად რუანდა!

დიდმა ბრიტანეთმა შორეულ რუანდასთან ჯერ კიდევ 2022 წელს გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ბრიტანეთში შეღწეული მიგრანტთა თხოვნები თავშესაფრის მიღების საკითხზე რუანდის ხელისუფლების მიერ იქნება განხილული და თუ თხოვნაზე პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მიგრანტს შეუძლია რუანდაში დარჩეს, იცხოვროს, იმუშაოს და ტროპიკული აფრიკის თვალწარმტაცი ბუნებით დატკბეს. მათთვის იქ საკმაოდ კომფორტული პირობები იქნება შექმნილი.

სხვათა შორის, რაიმე ეჭვები რომ არ წარმოქმნილიყო რუანდაში დემოკრატიიისა და უსაფრთხო სიტუაციის თაობაზე, დიდმა ბრიტანეთმა ეს აფრიკული სახლმწიფო წინასწარ უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.

კანონპროექტი მიგრანტთა რუანდაში გადაყვანის თაობაზე ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე შემუშავდა, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრის სუელა ბრავერმანის მიერ (რომელიც წარმოშობით აფრიკელია, კენიიდან).

„კანონპროექტის მიზანია ჩაუნერგოს და შთააგონოს მიგრანტებს აზრი, რომ დიდ ბრიტანეთში არალეგალურად შეღწევა, კრიმინალ-კონტრაბანდისტთა დახმარებით, სიკვდილის ტოლფასია და რომ ლონდონი მათ შუამავლობას სთავაზობს ალტერნატიული თავშესაფრით დაკმაყოფილებისათვის, უსაფრთხო მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია მთავრობის დასაბუთებაში კანონპროექტის მისაღებად.

მომხრენი და მოწინააღმდეგენი

მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ, ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ და მეორე მხრივ – ადამიანთა უფლებების დამცავმა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუანდა უსაფრთხო ქვეყნის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებსო, ორი წლის განმავლობაში კონსერვატორული მთავრობა ოპონენტებთან და უფლებადამცველებთან დავა-კამათს არ წყვეტდა.

ამჟამად დიდ ბრიტანეთში თავშესაფრის მიღებას 52 ათასი არალეგალი მიგრანტი ელოდება, მაგრამ კანონის მიღების შემდეგ ისინი „ნისლიანი ალბიონის“ ნაცვლად შეიძლება სპილოებითა და ნიანგებით მდიდარ რუანდაში აღმოჩნდნენ, აფრიკის დიდი ტბების რეგიონში (გახსოვთ ფილმი „აფრიკელი“?).

პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის განცხადებით, რუანდაში თვითმფრინავები იმავწუთს გაფრინდებიან, როგორც კანონი ძალაში შევა, ანუ 12 დღის შემდეგ მეფის ხელმოწერის დღიდან. სამთავრობო სტრუქტურების 500 თანამშრომელი უკვე მზადაა აფრიკაში დეპორტირებულები კიგალამდე გააცილონ. „გეგმები უკვე ზედმიწევნით დეტალურად არის შედგენილი. ავიარეისები ზუსტად შესრულდება, რაც არ უნდა მოხდეს. ყოველთვიურად ათობით რეისი განხორციელდება. ეს იქნება ჩვენი ისეთი საშუალება, რომ სისტემატურად დავაშინოთ მიგრანტები და ამით ისინი ლა- მანშის სრუტეში სიკვდილს გადავარჩინოთ“, – ხაზი გაუსვა რიში სუნაკმა.

თუმცა, როგორც სკეპტიკოსები თვლიან, დეპორტირებუების თვითმფრინავებით გადაყვანა, თუნდაც რეისები ყოველდღიურად შესრულდეს, მაინც დიდ დროს მოითხოვს. გასათვალისწინებელია ბევრი უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაც, რომ ისინი ყველანაირად დაეხმარებიან მიგრანტებს თავიანთი უფლებების დაცვაში, რათა მათ სასამართლოში დეპორტაციის გასაჩივრება შეძლონ.

რა ეშველებათ მიგრანტებს?

2022 წელს დიდ ბრიტანეთში ზღვით, პრიმიტიული ნავებით, 45755 იმიგრანტი შევიდა. 2023 წელს მათი ნაკადი მნიშვნელოვნად სემცირდა, მაგრამ მაინც მაღალი დარჩა – 29437 ადამიანი. მიმდინარე 2024 წლის დასაწყისიდან ბრიტანეთის ტერიტორიამდე უკვე მიაღწია 4600 მიგრანტმა. ამიტომ თავშესაფრის ყველა მსურველის ერთბაშად გაძევება უახლოეს თვეებში არ მოხერხდება.

სავარაუდოდ, ბრიტანეთის მთავრობას სამ წელზე მეტი დაჭირდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწადში 15 ათას იძულებით დეპორტაციას მოახდენს (უკანასკნელად მსგავის მასობრივი დეპორტაცია 2012 წელს განხორციელდა).

კანონის მიღების შემდეგ მიგრანტებს სასამართლოებში ცუდი დღე დაუდგებათ, რადგან თემიდის მსახურებს უფლება ეძლევათ ყურადღება არ მიაქციონ ადამიანის უფლებების დაცვას, რომლებიც ბრიტანულ კანონებშია ჩადებული. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ სპეციალიზებული საექსპერტო ორგანიზაციები შეეცდებიან სასამართლოებს იურიდიულად შეუშალონ ხელი ამ გეგმის პრაქტიკულ განხორციელებაში.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ