ბელგიის სასამართლოში გაიმართება მოსმენა ე.წ. Pfizergate-ის საქმეზე, რომლის ფიგურანტიც ურსულა ფონ დერ ლაიენია – Euractiv
ბელგიის სასამართლო 17 მაისს გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა გამოძიება ე.წ. Pfizergate-ის საქმეზე, რომლის ფიგურანტიც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია. ამის შესახებ გამოცემა Euractiv-ი წერს.
„2021 წლის აპრილში Pfizergate-ის სკანდალის შესახებ New York Times-მა დაწერა. მედიის ინფორმაციით, ფონ დერ ლაიენს კორონავირუსის პანდემიის დროს კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ალბერტ ბურლასთან ვაქცინის 1,8 მილიარდი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით მობილური ტელეფონით მიმოწერა ჰქონდა და აღნიშნული შეტყობინებები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა“, – წერს გამოცემა.
2023 წლის აპრილში ბელგიელმა ლობისტმა, ფრედერიკ ბალდანმა ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ ქალაქ ლიეჟის სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სახელმწიფო დოკუმენტების განადგურებაში და უკანონო გამდიდრებასა და კორუფციაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ფრედერიკ ბალდანის სარჩელს შეუერთდა ათამდე სხვა ორგანიზაცია, ფიზიკური პირი, ასევე პოლონეთი და უნგრეთი.
საქმე წარმოებაში მიიღო ევროკავშირის პროკურატურამ, რომელმაც 17 მაისს საბრალდებო დასკვნა უნდა წარადგინოს. თუმცა, Euractiv-ის ცნობით, ბელგიის გამოძიება არ ეთანხმება საქმის ევროკავშირის პროკურატურისთვის გადაცემას. ამგვარად, ბელგიის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, კანონიერია თუ არა საქმის წარმოებაში მიღების შესახებ ევროკავშირის პროკურატურის მოთხოვნა და უნდა გაგრძელდეს თუ არა ბელგიის გამომძიებელი მოსამართლის მიერ დაწყებული გამოძიება.