
აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში პარტიული უთანხმოება სულ უფრო მატულობს – The Wall Street Journal
ამერიკულმა გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელმა“ (The Wall Street Journal) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გამოკითხვის შედეგი მოწმობს, რომ საგარეო პოლიტიკაში პარტიული უთანხმოება სულ უფრო მატულობს“ (ავტორები – ალექსანდრე უორდი და აარონ ზიტნერი).
როგორც პუბლიკაციაში აღნიშნული, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოება საგარეო პოლიტიკაში ისეთია, რომ მათ ერთმანეთისაგან უფსკრული აშორებთ. გამოკითხვის მიხედვით, რესპუბლიკელთა 80% უკრაინისათვის ფინანსური დახმარების წინააღმდეგ გამოდის, ხოლო დემოკრატთა 83% – მხარს უჭერს. გამოკითხვით ასევე გამოვლინდა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა სუსტი მხარდაჭერა აქვს ტერიტორიული ექსპანსიის საკითხში, კანადისა და გრენლანდიის სავარაუდო მიერთებასთან დაკავშირებით.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
როგორც The Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რესპუბლიკელი ამომრჩეველი სულ უფრო ხშირად გამოდის უკრაინისათვის დახმარების გაწევის წინააღმდეგ, ისინი ასევე ნეგატიურად არიან განწყობილი თავისუფალი ვაჭრობისა და აშშ-ის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართ.
გარდა ამისა, რესპუბლიკელი ამომრჩეველი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ნატოელმა მოკავშირეებმა თვითონ უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა და ამერიკის ხელის შემყურეები არ უნდა იყონ. ვაშინგტონმა უნდა შეწყვიტოს ევროპელი მოკავშირეების მიმართ გადაჭარბებული ზრუნვა და არ უნდა დახარჯოს მათ დასაცავად თავისი საგადასახადო შემოსავლები. გამოკითხული დემოკრატების 83% თვლის, რომ საერთაშორისო ალიანსები (ნატო) ძალის წყაროებს წარმოადგენენ და ამერიკამ მათ მხარი უნდა დაუჭიროს.
აზრთა სხვადასხვაობა იმის გამო წარმოიქმნა, რომ რესპუბლიკელები წლობით უჭერდნენ მხარს იზოლაციონისტურ შეხედულებებს აშშ-ის როლზე მსოფლიოში, ხოლო დემოკრატები აგრძელებდნენ საერთაშორისო ალიანსებისადმი ერთგულებას.
2019 წელს გლობალური საკითხების ჩიკაგოს საბჭოს გამოკვლევის მიხედვით, რესპუბლიკელ და დემოკრატ პარტიულ ამომრჩევლებს შორის საგარეო პოლიტიკაში განსხვავება 15-პუნქტიანი იყო, ხოლო 2023 წლისათვის სხვაობა 30 პუნქტით გაიზარდა.
ახალი გამოკითხვის შედეგად, დემოკრატთა 83% მხარს უჭერს უკრაინისადმი ფინანსური დახმარების გაწევის გაგრძელებას, ხოლო ამის წინააღმდეგნი გამოდიან რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 79%. 2023-2024 წლების განმავლობაში დემოკრატები აცხდებდნენ, რომ ამერიკამ უკრაინისათვის უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ხოლო რესპუბლიკელები ამბობდნენ, რომ ამერიკა გადაჭარბებულად ბევრს აკეთებს კიევისათვის.
გამოკითხვაში მონაწილეობის მიმღები ამომრჩევლების (დემოკრატებისა და რესპუბლიკელების) საერთო რაოდენობიდან 49%-მა მხარი დაუჭირა უკრაინის დახმარების გაგრძელებას, წინააღმდეგი გამოვიდა 44%.
რაც შეეხება დონალდ ტრამპის ტერიტორიულ ამბიციებს კანადისა და გრენლანდიის მიმართ, რაც პრეზიდენტის ერთ-ერთ ძირითად საგარეოპოლიტიკურ მიზნად ითვლება, გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ორივე პარტიას ტერიტორიული ანექსიის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. დემოკრატ ამომრჩეველთა დაახლოებით 62% ანექსიის იდეას ცუდ იდეად თვლის, 25% კი მხარს უჭერს. რესპუბლიკელთა შორის 51%-მა ტერიტორიულ ექსპანსიას კარგი იდეა უწოდა, 28%-მა ცუდი (გამოკითხვა არ ეხებოდა პანამის არხის და ღაზას სექტორის გაკონტროლებას).
მთლიანობაში გამოკითხვის შედეგები პარტიული ლიდერების პოზიციებს დაემთხვა. ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი თანაპარტიელი დემოკრატები მტკიცედ უჭერდნენ მხარს უკრაინის დაცვას, ხშირად აცხადებდნენ, რომ კიევს „იმდენს დაეხმარებიან, რამდენიც საჭიროა“. დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, პრეზიდენტი და მისი გარემოცვა, ვიცე პრეზიდენტ ჯეიმს ვენსის ჩათვლით სულ უფრო ნაკლებ ინტერესს ამჟღავნებს უკრაინის მძიმე მდგომარეობის მიმართ და უპირატესობას ანიჭებს შუამავლობას რუსეთთან მიმართებით. „სწორედ დემოკრატები ითვლებიან ინტერნაციონალიზმის იდეების გამტარებლად. ისინი ასევე მხარს უჭერენ აშშ-ის მრავალმხრივობის იდეასაც“, – ამბობს დინა სმელცი, გლობალური საკითხების შემსწავლელი ჩიკაგოს ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.
ორი პარტიის საგარეოპოლიტიკური ორიენტაციების განსხვავების კიდევ ერთი მაგალითია ის, რომ გამოკითხვის მიხედვით, ნატოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს დემოკრატთა 81%ს, ხოლო რესპუბლიკელებიდან მხოლოდ 31%-ს.
თავისუფალი ვაჭრობის მიმართ რესპუბლიკელების სკეპტიციზმი გამოვლინდა ბაჟების საკითხში. კითხვაზე, კარგია თუ ცუდია აშშ-ის ეკონომიკსათვის საბაჟო გადასახადების გადიდება იმპორტულ პროდუქციაზე, 77%-მა რესპუბლიკელმა განაცხადა, რომ კარგია, რადგან იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ხოლო დემოკრატთა 93%-მა დაიჩივლა, რომ მოიმატებს ფასები და სხვა ბევრი ნეგატივი.
ზოგადად, ამერიკელების უმნიშვნელო უმრავლესობა მხარს უჭერს უცხოეთის ქვეყნებისადმი დახმარების შემცირებას (51%). მაგრამ პარტიების მიხედვით სურათი ასეთია: რესპუბლიკელების 92% მხარს უჭერენ, ხოლო დემოკრატთა 85% წინააღმდეგია. საინტერესოა, რომ ეს შედეგი ფიქსირდება „იუესაიდის“ (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) პრაქტიკული გაუქმების ფონზე.
გამოკითხვა ჩატარდა 27 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, ტელეფონისა და ელფოსტის მეშვეობით. გამოოიკითხ 1500 დარეგისტრირებული ამომრჩეველი. დასაშვებმა ცდომილობამ შეადგინა პლუს-მინუს 2,5%.