” აშშ-ს საელჩო სრულად ენდობა ISFED-ს, დარღვევები მათი პასუხისმგებლობა არ არის”- კელი დეგნანი
ვფიქრობ, იმის თქმა, რომ ISFED-მა ხმების დათვლის პროცესი მიზანმიმართულად გააყალბა, რეალობის დამახინჯებაა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, ორგანიზაცია ISFED ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული და ასევე საქართველოში რევოლუციური პროცესის თანამონაწილე იყო და ამ ფონზე კითხვებს ბადებს აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელიც ორგანიზაციას ISFED-ს სანდო ორგანიზაციად აფასებს.
„აშშ-ის საელჩო ენდობა ISFED-ს, ეს არის უაღრესად პატივცემული და გამოცდილი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები 2020-2021 წლების არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა მიანიშნებდა სერიოზულ დარღვევებზე, როგორიცაა დაშინება, ამომრჩევლების მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და სხვა დარღვევები როგორც არჩევნების დღეს, ისე მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში. არც ერთ ამ ანგარიშში არ არის ნათქვამი, რომ არჩევნები იყო სამართლიანი. ეს დარღვევები არ არის ISFED-ის პასუხისმგებლობა. რაც შეეხება შეცდომას გამოთვლებში, როგორც კი ეს შეცდომა დადასტურდა, მათ ამის შესახებ საზოგადოებას შეატყობინეს. ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს მოსაზრება და მე არ მინახავს რაიმე ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც ამ მოსაზრებას დაადასტურებს. ფაქტი ის არის, რომ როგორც კი შეცდომა დადასტურდა და აღმოჩნდა, ის გასაჯაროვდა ისე, რომ მოქალაქეებს გაეგოთ, რა მოხდა. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასე რომ, ვფიქრობ, იმის თქმა, რომ ეს გამიზნულად მოხდა ან ის რაიმე რევოლუციური სცენარის ნაწილი იყო, რეალობის დამახინჯებაა“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ყველამ, ვინც ჩართული იყო მოლაპარაკებებში არჩევნების შემდეგ, უნდა იცოდეს ძალიან კარგად, რომ მთელი ძალისხმევა მიმართული იყო ძალიან დაძაბული სიტუაციის განმუხტვისკენ.
„აშშ-ს მიზანი იყო ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც აირჩიეს, შესულიყო პარლამენტში და ემუშავა იმ საკითხებზე, რაც ქართველებს ეხება. ეს იყო ჩვენი ერთადერთი მიზანი და ყველამ, ვინც ჩართული იყო მოლაპარაკებებში, ძალიან კარგად იცის ეს“, – აღნიშნა ელჩმა.