ამირან გამყრელიძე განცხადებას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს:
“ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და აღვნიშნო, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების თითქმის ათწლიანი პერიოდის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო აღნიშნული პოსტი და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო უპირატესად სამეცნიერო საქმიანობასა და შემდგომი თაობების განათლებას.
მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ამ პოსტის დაკავებიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი პერიოდისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო კიდევ ერთხელ, საკმაოდ ხანგრძლივად, ვყოფილიყავი საქართველოს სახელმწიფო სამსახურში და დირექტორად მუშაობისას მქონოდა საშუალება, გარკვეული წვლილი შემეტანა ჯანდაცვის სექტორის შემდგომ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, დაკისრებული მანდატის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვანი პირობაა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. განვლილი ათი წლის მანძილზე იყო ბევრი გამოწვევა სხვადასხვა მიმართულებით, რისი დაძლევაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც პროფესიიდან, ასევე დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე და ამავე დროს, ეს დრო სავსე იყო დიდი თუ პატარა მიღწევითა და წარმატებით და ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევებით. არსებული შედეგები შეუძლებელი იქნებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის გამორჩეული და დიდი გუნდის, თითოეული თანამშრომლის თავდადების და საქმისადმი ერთგულების გარეშე. ამ მნიშვნელოვანი დაწესებულების საქმიანობა და წარმატება შესაძლებელი გახდა გუნდის დაუღალავი შრომით და მისი წვლილი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაში განუსაზღვრელია. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა გამოვყო ბოლო წლები, პანდემიის პერიოდი, როდესაც ცენტრის მთლიანი შემადგენლობა, ცენტრალური წარმომადგენლობა, რეგიონების და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების ჩათვლით, მუდმივ რეჟიმში, 24/7-ზე ჩართული იყვნენ, ერთი მხრივ, ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო, მეორე მხრივ, ახორციელებდნენ რუტინულ საქმიანობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების ქვეყნის ყველა კუთხეში, თითოეულ მოქალაქემდე უწყვეტად მისატანად. ამასთან, მსურს გამოვყო ჩვენი გუნდის წვლილი მნიშვნელოვანი წამოწყებების, მრავალი დიდი პროექტის წარმატებულ წარმართვასა და განხორციელებაში, რომლებსაც ერთობლივად ვნერგავდით ბოლო 10 წლის განმავლობაში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო:
ჯანდაცვის ძირითადი ინდიკატორების (0-5 წ. ბავშვთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობადობა, ნეონატალური სიკვდილიანობა, მოზარდთა ორსულობა, აბორტების რაოდენობა) შემცირების პოზიტიური დინამიკა, ლუგარის კვლევითი ცენტრის სრული ფუნქციური ინტეგრაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზაციულ სტრუქტურაში და მისი შემდგომი განვითარება – გენომიკური კვლევები, ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციები, ახალი ვირუსების აღმოჩენა/იდენტიფიცირება მსოფლიო და საქართველოს მასშტაბით, წითელას ეპიდაფეთქების მართვა, წითურას ელიმინაცია, ცოფის ერთეულ შემთხვევებამდე დაყვანა ან საერთოდ განულება, მალარიის ადგილობრივი გადაცემის აღმოფხვრა, პოლიოვირუსის ველური და ვაქცინადერივატული შტამით გამოწვეული შემთხვევების ნულოვანი მაჩვენებელი, 6 ახალი ვაქცინის დამატება იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში და რუტინული და პრევენციული ვაქცინაციით მოცვის მკვეთრად გაუმჯობესება, ქვეყნის მასშტაბით გამართული „ცივი ჯაჭვის“ ინფრასტრუქტურა ვაქცინების შენახვა-დისტრიბუციისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის, ტუბერკულოზის ყველა ფორმის გავრცელების მკვეთრი კლება, აივ/შიდსის პრევენციული სისტემის შექმნა და სერვისების გაფართოება, ქვეყანაში „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების დანერგვა, ჰეპატიტი C-ს ელიმინაციის ფლაგმან პროგრამაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა, რითაც საქართველო მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყანად, სისხლის ინფექციებზე კონტროლის უმაღლესი სტანდარტის შემუშავება და ქვეყანაში სისხლის დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის დანერგვა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაძლიერება და გადაუდებელი ოპერაციული ცენტრის ჩამოყალიბება, რამაც მიმდინარე პანდემიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, არტერიული ჰიპერტენზიის მასობრივი სკრინინგის დანერგვა, იოდის ეროვნული კვლევა, იოდის ოპტიმალური ნუტრიციული სტატუსის მიღწევა და ქვეყანაში იოდ-დეფიციტის აღმოფხვრა, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის” ინიცირება, თამბაქოს კონტროლის გაძლიერება და ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირების ყოველწლიური მზარდი დინამიკის ხელშეწყობა, ცენტრში გარემოს დაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბება და ამ მიმართულების მნიშვნელოვნად განვითარება, მათ შორის ქიმიურ რისკ-ფაქტორთა შეფასების ლაბორატორიის შექმნა-ამოქმედება, პოპულაციური რეგისტრებისა და მეთვალყურეობის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების განვითარება, ჯანდაცვის დიგიტალიზაციის ხელშეწყობა, კიბოს ერთიანი ინფორმაციული სისტემის, დაბადების რეგისტრის, დაბადება/გარდაცვალების სისტემის ადმინისტრირება და მრავალი სხვა, რომელთა შესახებ მეტი ინფორმაცია საჯაროდ ზიარდება როგორც ცენტრის წლიურ, ასევე მიზნობრივ ანგარიშებში.
თუმცა ყველა მიღწევის პარალელურად კვლავ განსაკუთრებულად გამოსაყოფია ამ საუკუნის უდიდესი გლობალური გამოწვევა და მსოფლიო კრიზისის მიზეზი – კოვიდ-პანდემია, პრობლემა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიის საუკუნეში ერთხელ თუ შეიძლება მოხდეს და რის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა და კვლავ იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. აქვე მინდა განსაკუთრებული თანაგრძნობა და თანადგომა გამოვხატო მათი ოჯახების და ახლობლების მიმართ, ვისი გადარჩენაც, სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო. მათ შორის ბევრია ჩემი მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი და კოლეგა. ამ ბოლო წლებმა ჩემზეც მოახდინა განსაკუთრებული სტრესული და ფსიქოლოგიური გავლენა და დიდი დამღა დამასვა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ემოციური კუთხით, რადგან პანდემიასთან ასოცირებული ახალი ინფორმაცია და პროცესების ყოველდღიური ანგარიშგება, მათ შორის ნეგატიური, ერთ-ერთი პირველი ზიარდებოდა ცენტრთან, პირადად ჩემთან და ჩვენს მიერ გაანალიზებული მიეწოდებოდა მთავრობასა და შესაბამის უწყებებს. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კეთდებოდა ანალიზი და სათანადო რეკომენდაციები ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, რაც შემდგომ განიხილებოდა ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ.
ალბათ განვლილმა წლებმა მომცა უფლება და მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, გამოვყო საქართველოს ისტორიის საკმაოდ რთული პერიოდი, 1994-დან 2004-მდე წლები, როდესაც ვიყავი ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყველა პროცესის მომსწრე და მონაწილე და უღრმესი მადლობა გადავუხადო ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს თითოეულ მუშაკს, ამ ყველაზე ფაქიზი და სათუთი სფეროს წარმომადგენლებს, ქვეყნის პანდემიის წინააღმდეგ რეაგირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ასევე, დამოუკიდებლობის პერიოდში სისტემის აღმშენებლობისათვის გაწეული საქმიანობისთვის.
გასაკეთებელი წინ კვლავ მრავლადაა. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პრევენცია არის 21-ე საუკუნის და მომავლის მედიცინის ძირითადი ორიენტირი, რისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა, მთლიანად მოსახლეობამ, გაითავისოს მისი არსი და მნიშვნელობა. ახლო მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის“ და მოხდეს მისი მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა ჩვენი შემდგომი თაობებისთვის იგი უკვე ცხოვრების ნორმა, ყოველდღიურობაში დამკვიდრებული მიდგომა იყოს. ავადობის ძირითადი ტვირთის გამომწვევი დაავადებების წინააღმდეგ ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს პირველადი, მეორეული და მესამეული პრევენცია და მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რაც მეცნიერულად დასაბუთებული და მრავალ წამყვან ქვეყანაში უპირობოდ აღიარებული სწორი და ეფექტური მიდგომაა. განსაკუთრებულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რაც ჩემი შეხედულებით, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს ყოველთვის და განსაკუთრებით დღეს. გაძლიერებულ ყურადღებას საჭიროებს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემები და დარგის სპეციალისტებთან ერთად უნდა შემუშავდეს ხელშეწყობის სტრატეგია და მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა. ასევე უნდა მოხდეს ადრეულ ეტაპზე ბევრი მნიშვნელოვანი დაავადების დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და გამოვლენა, მათ შორის კიბოსა და სხვა წამყვანი ქრონიკული დაავადებების. ქვეყანაში უფრო მეტად ხელშეწყობილი უნდა იყოს მედიცინის დიგიტალიზაცია, გაძლიერდეს პრეციზიოზული, მიზნობრივი და გენომური მედიცინა და მასზე დაფუძნებული მეთვალყურეობა, გენომის შესწავლა, რაც 21-ე საუკუნის მედიცინის ქვაკუთხედია. ყველა არსებული და ახალი მიდგომა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინტერვენციებსა და სამეცნიერო ფაქტებს. ამის გარანტია ეროვნული სამედიცინო მეცნიერების განვითარებაა, აკადემიურ წრეებსა და სასწავლო დაწესებულებებთან მუდმივი კავშირი და უკუკავშირი, რასაც ახორციელებს ჩვენი ცენტრი და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა.
სამწუხაროდ ამ პერიოდის მანძილზე ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელი არ იყო. წინ კვლავ ბევრი ამოცანაა შესასრულებელი და პრობლემაა აღმოსაფხვრელი. ახლო მომავალში უნდა გაძლიერდეს ეროვნული გენომური ცენტრი და გაფართოვდეს მისი საქმიანობა, რაც ქვეყნისა და რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება, მომავალი 5 წლის მანძილზე სრულად უნდა მოხდეს ჰეპატიტი C-ს ელიმინაცია და ტყვიის მაღალი შემცველობით გამოწვეული ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების მეთვალყურეობა და კონტროლი, მაქსიმუმამდე უნდა იყოს აყვანილი იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლები და მინიმუმამდე დაყვანილი ვაქცინით მართვადი დაავადებები, გაუმჯობესდეს ინტერსექტორული თანამშრომლობა „ერთიანი ჯანმრთელობის“ ფარგლებში, დაავადების მეთვალყურეობის პროგრამებში მუდმივად ხდებოდეს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების ინტეგრირება, გაუმჯობესდეს რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და შემცირდეს მათი ნეგატიური გავლენა. ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ჯანსაღი ქალაქის პრინციპების განმახორციელებელი დასახლებების რაოდენობა, მოსახლეობის ფართო ფენებში ჯანმრთელობის ფარგლებში ამაღლდეს ცნობიერება და მაქსიმალურად დაინერგოს „ჯანსაღი ცხოვრების“ მიდგომები.
მწამს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა და განათლება უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, რაც შემდგომ განაპირობებს ცოდნაზე და გამოცდილებაზე დამყარებულ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას, მდგრადობას, კეთილდღეობასა და სწორ განვითარებას. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, მათ შორის დღეს დაკავებული პოზიციიდან, ამისკენ იყო მიმართული, ამ მიზნის მიღწევისთვის ვშრომობდი და ვიბრძოდი მთელი პროფესიული კარიერის მანძილზე, ვასწავლიდი და ვუზიარებდი ჩემს სტუდენტებს და შემდგომშიც ენთუზიაზმით გავაგრძელებ ამ მიმართულებით მოღვაწეობას. ვამაყობ, რომ მომეცა საშუალება, წლების მანძილზე მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ვყოფილიყავი საქართველოს დიდი სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი, ამ პერიოდში ქვეყნის გარეთ, მაღალი დონის სხვადასხვა პლატფორმიდან, საქართველოს სახელი ღირსეულად წარმომეჩინა და წარმედგინა, მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა მნიშვნელოვან ეროვნულ და საერთაშორისო ინიციატივასა და აქტივობაში, რითაც ქვეყანა უფრო ცნობადი, დაფასებული და წარმატებული გახდა გლობალურ სამედიცინო ოჯახში და კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდრა ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევრო-ატლანტიკური სივრცის, ამ დიდი ოჯახის წევრობა, ევრო-სტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია, ისევე როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, როგორც ყოველთვის, ჰქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თანადგომა პარტნიორი უცხოელი კოლეგებისგან, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. ჩემი მხრიდან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, უცხოელი კოლეგისა და მეგობარი ქვეყნის მიმართ, რომელთა მხარდაჭერით, დახმარებითა და აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ცენტრის მუშაობის გაძლიერება, არამედ ქვეყნის ერთიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება. იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი თაობა განაგრძობს და კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას და უფრო მეტი წარმატებული ერთობლივი პროექტი განხორციელდება ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის სასარგებლოდ.
და ბოლოს, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მინდა მადლობა გადავუხადო 2013 წლის დასაწყისიდან, ჩემი ამ პოზიციის დაკავებიდან მოყოლებული, ქვეყნის მმართველ გუნდს, მთავრობას – აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ჯანდაცვის მინისტრებს, ცალკე გამოვყოფ კოვიდ-პანდემიის პერიოდში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ჩვენი ცენტრის ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერას და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლიერება საქართველოს მოსახლეობას, ვისაც სჯეროდა ჩვენი, ვისაც სწამდა და ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მიწოდებული რეკომენდაციები, ითვალისწინებდა და მომავალშიც გაითვალისწინებს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებულ რჩევებს და აღასრულებს მათ. როგორც მოსახლეობის კეთილგანწყობა, ასევე პოლიტიკის შემქმნელების ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი საქმიანობისთვის, დასახული მიზნებისა და ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის, რაც კვლავ და კვლავ ქვეყნის ჯანდაცვის ინდიკატორების და შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებით გამოიხატება.
ნათქვამია, რომ „ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო, სამედიცინო დარგში მოღვაწეობის მეოთხე ეტაპი მთავრდება, რომელიც კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულად დასამახსოვრებელია. რამდენად წარმატებულად გავიარე ეს მიმდინარე ან სხვა გასული ეტაპები მომავალში კოლეგები, ჩვენი საზოგადოება და დრო შეაფასებს. ჩემი მხრიდან, მინდა წარმატება ვუსურვო ცენტრის მომავალ ხელმძღვანელს, ასევე ჩვენს დიდ გუნდს, და ახალგაზრდა თაობას, რომელთა დაოსტატება და განვითარება ჩემი მუდმივი საზრუნავი იყო და ყოველთვის დიდი ხალისით და უკეთესი მომავლის იმედით ვცდილობდი მაქსიმალურად შემეწყო მათთვის ხელი. იმედს ვიტოვებ, რომ დაწყებული ყველა პროექტი დასრულდება საუკეთესო შედეგით, ხოლო ახალი წამოწყებები კიდევ მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ქვეყანას.
მადლობა ჩემთვის მოცემული შესაძლებლობებისთვის. მუდამ საქართველოსა და ჩვენი თითოეული მოქალაქის სამსახურში მიგულეთ. პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით“, – აცხადებს გამყრელიძე.