1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აგვისტოს ომით ორივე მხარემ თავისთვის სასურველ მიზანს მიაღწია – დავით ქართველიშვილი
აგვისტოს ომით ორივე მხარემ თავისთვის სასურველ მიზანს მიაღწია – დავით ქართველიშვილი

აგვისტოს ომით ორივე მხარემ თავისთვის სასურველ მიზანს მიაღწია – დავით ქართველიშვილი

307
0

„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით ვრცელ ანალიზს აქვეყნებს.

როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, აგვისტოს ომის შედეგად შეიქმნა ნაცსექტის ფინანსური პირამიდა, რომლის მეშვეობითაც დღემდე გრძელდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის მცდელობა, პუტინის ჩუმი და კმაყოფილი მოწონების ფონზე.

„გაგვითენდა 2008 წლის აგვისტოს საბედისწერო მოვლენების 15 წლისთავი და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ „ხუთდღიანი” ომის მიმართ კვლავინდებურად ძალაშია. უამრავია პასუხგაუცემელი შეკითხვა – როგორ დაიწყო, რატომ დაიწყო და შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება. პირადად მე, 2006 წლის შემოდგომიდან თავდაცვის სამინისტროში, შსს-ში მომუშავე იმდროინდელი მაღალჩინოსანი მეგობრებისაგან მესმოდა – „მგონი იწყებს”, „ცხინვალზე აპირებს წასვლას”, „შეიძლება ერთდროულად ორ ფრონტზე მოგვიწიოს…” და ა.შ. 2007 წლიდან კი ამაზე უკვე ენას ვერ იჩერებდნენ ვერც ექს-პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები, რომლებთანაც ხშირი სამსახურებრივი კონტაქტები მქონდა. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე და ისტორიული თვალსაზრისით საინტერესო, ფაქტობრივი მასალებიდან გამომდინარე, ამ თემას რამდენიმე პუბლიკაცია უნდა დავუთმო. სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში ომის დაწყების მზაობაზე გაუთავებელი ღია საუბრები, სულ რომ „სისულელე” ყოფილიყო (თუმცა დრომ საწინააღმდეგო გვიჩვენა), ეს რომ არ გამოეპარებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს, რატომ გახდა აღმოჩენა? ზუსტად იმის კონტექსტში, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს 2008 წლის აგვისტომდე დიდი ხნით ადრე შემუშავებული ექნებოდა „საქართველოს მხრიდან სავარაუდო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში კონტრმოქმედების გეგმა”.
რუსეთს უნდა განეხორციელებინა საქართველოს ოკუპაცია (ნაწილის მაინც), დაეფუძნა აქ სამხედრო ბაზები და ა.შ. – და ამით შეეჩერებინა ნატო-სკენ მიმავალი ჩვენი დეკლარირებული კურსი. სააკაშვილის კორპორაციას კი, ერთის მხრივ უნდა ჩამოეწერა „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” ხაზით დახარჯული და შეჭმული დიდი ოდენობით თანხა (ფორმულით – „ომი ყველაფერს ჩამოწერს”) და არანაკლებად დიდი ფული გაეკეთებინა პოსტკონფლიქტურ პერიოდისთვის გამოყოფილ საერთაშორისო დახმარებაზე. შედეგად, ორივე მხარემ თავისთვის სასურველ მიზანს მიაღწია. რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია და შეაჩერა (ბუქარესტის ნატო-ს სამიტის შემდგომ) საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ წარმატებული მისწრაფება. სააკაშვილმა – ჩამოწერა არამიზნობრივად დახარჯული თანხები და შეუდგა საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი 4.5 მილიარდის არამიზნობრივ ხარჯვას. სწორედ ამ პროცესების შედეგად შეიქმნა ნაცსექტის ფინანსური პირამიდა, რომლის მეშვეობითაც დღემდე გრძელდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის მცდელობა, პუტინის ჩუმი და კმაყოფილი მოწონების ფონზე. იმ დროს, როდესაც გმირულად იღუპებოდნენ შინდისის ბიჭები, მღვდლებს ურიკებით გამოჰყავდათ ბრძოლის ველიდან ცხედრები – სამეგრელოს გუბერნატორი გოროზია რუსი გენერლის, ჩაბანის პირად მძღოლად მოგვევლინა, შიდა ქართლის გუბერნატორი ვარძელაშვილი – გენერალ ბორისოვის, ხოლო მათი „მერიქიფეს” და „ტრაპეზარის” როლს იმდროინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი ლომაია ასრულებდა. პუტინისა და სააკაშვილის ქვეყნის ჩამოშლისკენ მიმართული გეგმები სათავეს იწყებს 2003 წლიდან. მე, მაგალითად, დღემდე ველოდები ამომწურავ პასუხს 2004 წლის ზაფხულის მოვლენებზე, რომლებსაც მოკლედ შეიძლება სააკაშვილ-ოქრუაშვილის წარუმატებელი „ბლიც-კრიგი” დავარქვათ სამაჩაბლოს მიმართულებით, რომლის შედეგია იქ ადგილობრივ მაცხოვრებლებში მოპოვებული ნდობისა და სამშვიდობო ინიციატივების ჩაფლავება და ადამიანური მსხვერპლის გაწევა, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე სამხედროების მხრიდან.
შეიძლება თუ არა ის მოვლენები ქართული მხარის მიმართ უნდობლობის პირველ მერცხლად ჩაითვალოს და ეჭვის საბაბი გამხდარიყო მის დემილიტარიზებულ სამშვიდობო ინიციატივებთან მიმართებით? პუტინმა მიიღო სახალხო დიპლომატიის ხაზით დადებითი პროცესების შეჩერება, სააკაშვილმა – ერგნეთის გარშემო „კონტრაბანდული პროცესები” თავის კორპორაციას დაუქვემდებარა. 2006 წლის მოვლენებს, როდესაც კოდორის ხეობაში ჩატარებული პოლიციური ოპერაციის შედეგად ხელისუფლებამ გვიპატაკა იქ კანონიერებისა და წესრიგის აღდგენის თაობაზე, გაეროს უშიშროების საბჭომ 13 ოქტომბრის № 1716 რეზოლუციით უპასუხა, სადაც ნათქვამია: „მოვუწოდებთ ქართულ მხარეს უზრუნველყოს კოდორის ხეობის ზედა ნაწილში ვითარების ნორმალიზება მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად, რათა გამოირიცხოს იქ ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელი საჯარისო ფორმირებების ყოფნა”. ანუ, მიუხედავად ამ ოპერაციის „პოლიციური” ხასიათისა, გაერომ ჩათვალა საჭიროდ თავისი შეწუხებული პოზიცია მაინც გამოეხატა. საინტერესო შეფასება მისცა მაშინ კოდორის მოვლენებს დავით უსუფაშვილმაც, მან ფაქტობრივად გააფრთხილა ხელისუფლება, რომ: „ის, რაც ხდება კოდორის ხეობაში, მოსკოვის მიერ შემუშავებული მრავალმხრივი გეგმის მხოლოდ ერთი კომპონენტია. ხელისუფლება წამოეგო ამ პროვოკაციას და ხაფანგში გაება. შემდეგ სერიებში ვფიქრობ მთავარ როლებში ახალი შემსრულებლების ხილვას, მაგალითად, უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის”.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2004 წლის 5 ნოემბერს ხელი მოაწერა სოჭის შეთანხმებას „სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაციის ზონად გამოცხადების თაობაზე”, 2006 წლის შემოდგომაზე იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა საჯაროდ დადო პირობა ახალი, 2007 წლის ცხინვალში აღნიშვნის თაობაზე, რაც ასევე არ გამოეპარებოდა რუსეთის თავდაცვის გენერალურ შტაბს, თუმცა ისევე, როგორც არ გამოეპარა ჩვენს ევროპელ მეკავშირეებსაც. 2006 წლის შემოდგომაზე თბილისში რუსი ჯაშუშების დაპატიმრებით სააკაშვილმა (პუტინთან შეთანხმებით) ღიად შექმნა რუსეთისაგან „მტრის ხატი”, გააორმაგა ამ „მტერთან” გასამკლავებლად ფინანსური დახმარების ოდენობა და შეუდგა ამ ფინანსების ძარცვას. ხოლო ჯაშუშების ქვეყნიდან გაძევების პროცედურებთან ერთად, მორიგი პროვოკაციების ალბათობა კიდევ უფრო გაიზარდა. ეუთო-ს იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გიუხტმა აღიარა, რომ რუსულ-ქართული კონფლიქტი შესაძლებელია გადავიდეს სამხედრო დაპირისპირების ფაზაში: „ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომაც ეუთო შემდგომშიც განაგრძობს სამშვიდობო დარეგულირების პროცესებისადმი ყველა საჭირო დახმარებას”. საგარეო კავშირების საკითხებში ევროკომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა კი განაცხადა: „შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა აღიაროს და მოუკლოს თავის აგრესიულ რიტორიკას. ქართულმა მხარემ ასევე არ უნდა მიმართოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ დაძაბულობის ზრდას”. მანვე გაზეთ „კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბრძანა: „ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ დაძაბულობით…
მე ვმონაწილეობდი ევროკავშირის წარმომადგენლების მოლაპარაკებებში ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენ თბილისს მივეცით მკაფიო სიგნალი – ორივე მხარემ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით. თბილისმა უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესიული რიტორიკა, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმართოს რუსებთან ნორმალური დიალოგი. დაძაბულობის მოხსნა მხოლოდ ამ გზით შეიძლება და ჩვენ მზად ვართ შუამდგომლობა გავუწიოთ ამ პროცესებს”. ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო ტელეკომპანია „იმედის” 2007 წლის სექტემბრის ღამის ეთერში იმდროინდელი უკვე ექს-თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური აღიარება, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების საიდუმლო გეგმა, რაც ასევე ყურადღების მიღმა არ დარჩებოდა არც მოსკოვისთვის, არც დასავლეთისთვის. ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობარმა” ესტონეთმა თავისი პარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ მიმართა საქართველოს – „მოგიწოდებთ არ აჰყვეთ პროვოკაციებს და თავი აარიდოთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც შეიძლება აღქმული იქნან როგორც პროვოკაციული”. იმავე სულისკვეთებით იყო გაჯერებული ისეთი ჩვენი დიდი მეგობრისა და მხარდამჭერის განცხადებები, როგორც გერმანიის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი პრეზიდენტი – ვალტერ შტაინმაიერია. ასევე აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და მრავალი სხვა, ყოველ შემთხვევაში ღია დეკლარირების დონეზე გვეხვეწებოდნენ მხოლოდ ერთ რამეს – არ აჰყვეთ პროვოკაციას და თუ თავად ვერ უმკლავდებით პროცესების დიპლომატიური გადაჭრის რელსებზე გადაყვანას, შუამდგომლობას გაგიწევთ ყველა დონეზე; გსურთ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით გადაჭრა? – ამაშიც დაგეხმარებითო. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ვალტერ შტაინმაიერი ჯერ მოსკოვში, მერე თბილისში და შემდგომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რათა წარედგინა დაინტერესებული მხარეებისთვის აფხაზეთის პოლიტიკური კრიზისის მოგვარების სამეტაპობრივი სამშვიდობო გეგმა.
თუმცა სამ კვირაში ეს მოლოდინებიც ჩაფლავდა. ჩვენ ვერც პროვოკაცია ავიცილეთ თავიდან და ვერც ომი მოვიგეთ. მართალია, მოწინააღმდეგეს სამხედრო ავიაციის ნაწილი გავანადგურეთ, არტილერიის მეშვეობით მათ ცოცხალ ძალასა და ჯავშანტექნიკას „ვაუთავებდით”, 58-ე არმიის სარდალს უკანალი გავუხვრიტეთ, თუმცა ბირთვული სახელმწიფოსადმი ამ მამაცური წინააღმდეგობის გაწევის პარალელურად, საზარბაზნე ხორცად ვტოვებდით გამოუცდელ რეზერვისტებს გაშმაგებული მოწინააღმდეგის პირისპირ (გაგრძელება იქნება).” წ- წერს დავით ქართველიშვილი.