1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჯუანშერ ბურჭულაძე მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება – არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ შესაძლოა, დამატებითი ბრალი წარუდგინონ, რაც წარდგენილია, ისიც არ ეყრდნობა არანაირ პირდაპირ მტკიცებულებას – ადვოკატი
ჯუანშერ ბურჭულაძე მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება – არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ შესაძლოა, დამატებითი ბრალი წარუდგინონ, რაც წარდგენილია, ისიც არ ეყრდნობა არანაირ პირდაპირ მტკიცებულებას – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძე მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება – არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ შესაძლოა, დამატებითი ბრალი წარუდგინონ, რაც წარდგენილია, ისიც არ ეყრდნობა არანაირ პირდაპირ მტკიცებულებას – ადვოკატი

54
0

ადვოკატ მარიამ შათირიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა იქნა გამოყენებული, სააპელაციო სასამართლოში დღეს გასაჩივრდება.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, სააპელაციო საჩივარი მზადდება, რომელიც მეორე ინსტანციაში დღეს, 18:00 საათამდე შევა. რაც შეეხება ბრალდებულ ყოფილ მინისტრს, ადვოკატის თქმით, ის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

„მიგვაჩნია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გამოყენება იყო სრულიად დაუსაბუთებელი, არ ეყრდნობოდა არანაირ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება სრულად უზრუნველყოფს იმ რისკებს, რაც გამოძიებას მიაჩნია, რომ არსებობს.

ჯუანშერ ბურჭულაძე მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. პოზიცია უცვლელია ამ დროისთვის. ჩვენ ვსწავლობთ საქმის მასალებს, რაც ამ დროისთვის გადმოგვეცა გამოძიების მიერ და შესაბამისად, საქმის შესწავლის შემდგომ კიდევ უფრო დეტალურად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სიმართლე ყველანაირი მტკიცებულებით იქნება გამყარებული.

ამ ეტაპზე არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ შესაძლოა რაიმე დამატებითი ბრალი იქნას წარდგენილი, რადგან რაც წარდგენილია ისიც კი არ ეყრდნობა არანაირ პირდაპირ მტკიცებულებას.“-განაცხადა მარიამ შათირიშვილმა

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.