1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ფრენების აკრძალვა კრემლის აზრით იყო სასჯელი და სანქცია ქართველი ხალხის მიმართ”-ნიკა მელია
“ფრენების აკრძალვა კრემლის აზრით იყო სასჯელი და სანქცია ქართველი ხალხის მიმართ”-ნიკა მელია

“ფრენების აკრძალვა კრემლის აზრით იყო სასჯელი და სანქცია ქართველი ხალხის მიმართ”-ნიკა მელია

212
0

მაშინ, როდესაც რუსეთთან ფრენები იკრძალება ცივილიზებულ სამყაროში, როდესაც რუსებისთვის ხელის ჩამორთმევა და მოლაპარაკება ხდება სირცხვილი და მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველოს ხელისუფლება ამაყობს რუსეთთან ფრენების აღდგენით და ამას ხსნის მოსახლეობის ინტერესით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ტერორისტული ხელისუფლება აქებს საქართველოს პრორუსულ მთავრობას კომუნიკაციის აღდგენისა და გაუმჯობესებისათვის, აქებს და ხარობს.

„როდესაც სრულიად ცივილიზებული მსოფლიო რუსეთს აქცევს სანქციების ქვეშ და ეს არის პროგრესული სამყაროს პასუხი, რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს მიერ უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებზე. როდესაც მიმდინარეობს ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ყველაფერს ერქმევა თავისი სახელი, შავს – შავი, თეთრს – თეთრი, ოკუპანტს – ოკუპანტი და ტერორისტს ტერორისტი. როდესაც საქართველო მართალია ცივილიზებული სამყაროს წინაშე, ისე როგორც არასდროს და ჰყავს ამ სიმართლის დაცვაში პარტნიორები და თანამებრძოლები, იმდენი რამდენიც არასდროს ჰყოლია; მაშინ, როდესაც 2008 წლის რუსულ აგრესიას ჰქვია თავისი სახელი – „ოკუპაცია“ და დემოკრატიული სამყარო თანხმდება, რომ რუსეთი, არსებული ფორმაციით, ისევე როგორც ოკუპაცია, უნდა დასრულდეს. ეს რუსეთის ტერორისტული ხელისუფლება აქებს საქართველოს პრორუსულ მთავრობას კომუნიკაციის აღდგენისა და გაუმჯობესებისათვის, აქებს და ხარობს.

შეგახსენებთ, ფრენები რუსეთმა გააუქმა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გავრილოვს და მის მოკავშირე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საკადრისი პასუხი გასცა. ფრენების აკრძალვა კრემლის აზრით იყო სასჯელი და სანქცია ქართველი ხალხის მიმართ. ახლა კი, დაიწყო საუბარი აღდგენაზე – რითი დაიმსახურა ამ ე.წ. სასჯელისგან გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლებამ?!. რუსეთს უხარია, რომ საქართველოში „ოცნების“ ხელისუფლების ხელით კლავს თავისუფლებისათვის მებრძოლ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, კლავენ კიდევ ერთ პრეზიდენტს საქართველოში, რომელმაც უთხრა რუსეთის მსახურებას „არა“, კლავს ისევე როგორც დაგეგმა და განახორციელა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, უხარია რუსეთს.

„მაშინ, როდესაც რუსეთთან ფრენები იკრძალება ცივილიზებულ სამყაროში, მაშინ როდესაც რუსებისთვის ხელის ჩამორთმევა და მოლაპარაკება ხდება სირცხვილი და მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველოს ხელისუფლება ამაყობს რუსეთთან ფრენების აღდგენით და ამას ხსნის მოსახლეობის ინტერესით. დღეს რუსული ოცნების ხელისუფლებამ, ოფიციალურად, განაცხადა დასტური, რომ არ უერთდება ცივილიზებული სამყაროს სანქციებს რუსეთის მიმართ, პირიქით ეწინააღმდეგება და გვერდს უვლის მას. დღეს, რაც ხდება საქართველოში, უხარია რუსეთს. საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლის მტრები არ დგანან მხოლოდ რუსული ოკუპაციის ხაზზთან. ისინი არიან აქაც, ამ ქალაქში, ამ მთავრობაში „ქართული ოცნების“ მმართველობის სახით. ლავროვთან და პუტინთან ერთად, ივანიშვილი უკეტავს საქართველოს ევროპის კარს.

„ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით რუსულ მთავრობას საქართველოში, თავისუფალ სამყაროსთან ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ყველგან, ყველა ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენი ღირსებითა და სიმართლით. მხოლოდ ასე დამარცხდება რუსეთი საქართველოში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.